fbpx

5 ტურისტული მიმართულება მაღალმთიან აჭარაში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ზაფხულის ცხელ სეზონზე მოგზაურობისას  ყველა განსხვავებულ მიმართულებებს ირჩევს. დამსვენებელთა ნაწილისათვის შეუცვლელია  საზღვაო კურორტები, ნაწილი კი დროის მთაში გატარებას ამჯობინებს. მიუხედავად იმისა, რომ აჭარა სწორედ საზღვაო კურორტებით არის ცნობილი, ეს კუთხე თავისი უნიკალური მდებარეობით, ლანდშაფტის თავისებურებებითა და ჰავით ტურისტული მოგზაურობის გაცილებით  მრავალფეროვან მარშრუტებს გვთავაზობს. 

 

სტატიაში გაგაცნობთ მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე გამორჩეულ კურორტს, სადაც ულამაზეს ბუნებასა და ეკოლოგიურ გარემოში შვებულების მშვიდად  გატარებას შეძლებთ.

 

ბეშუმი

ბეშუმი მთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია, რომელიც თავისი უნიკალური კლიმატითა  და ბუნებრივი სილამაზით უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტის რჩეულ მიმართულებად იქცა. ბეშუმი ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე მდებარეობს. საკურორტო სეზონი აქ ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. აგვისტოში ტემპერატურა საშუალოდ 17 გრადუსია. ბეშუმში დასვენება  საკმაოდ კომფორტულია, რამდენადაც  აქ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული არაერთი სასტუმრო, ჰოსტელი და კოტეჯი გაჩნდა. 

 

გობრონეთი

გობრონეთი აჭარის ერთ-ერთი  უძველესი სოფელია. მისი შემოგარენი ველური ბუნებითა და უამრავი ისტორიული ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა. გობრონეთში განვითარებულია ადგილობრივი წარმოება და შენარჩუნებულია უძველესი გასტრონომიული და კულინარიული ტრადიციები, რაც აქ მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლად აქცევს. ბეშუმისა და სხვა მეტად ცნობილი კურორტებისაგან განსხვავებით, კოტეჯებისა და ჰოსტელების დიდი არჩევანი არ არის და ღამის გასათევი ადგილის ძირითადი ალტერნატივა საოჯახო სასტუმროებია.

 

გოდერძი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში  გოდერძი მეტად ცნობილია, როგორც აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტი, აქ დასვენება ზაფხულშიც გონივრული არჩევანია – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გსურთ წლის ყველაზე ცხელი სეზონი ბუნებრივად გრილ გარემოში გაატაროთ. უნიკალური ალპური ტყეებისა და სხვადასხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გათვალისწინებით. 

ტურისტებს შეუძლიათ სალაშქრო მარშრუტები დაგეგმონ და მოინახულონ ისეთი სახელგანთქმული ადგილები, როგორებიცაა, მაგალითად, ნამარხი ტყე და მწვანე ტბა. მშვიდ გარემოსა და ბუნების სილამაზესთან ერთად, გოდერძის კურორტი მინერალური წყლების სიუხვითაც გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო მეტად იზიდავს დამსვენებლებს. 

 

უჩხო

უჩხო მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. მშვიდ გარემოში დასვენებასთან ერთად, ის განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი მიმართულებაა ლაშქრობის მოყვარულთათვის. ჩანჩქერებისა და ბუნებრივი პირობების წყალობით, აქ განვითარებულია კანიონინგი. გრძელვადიანი დასვენების მსურველთათვის გარკვეულ სირთულეს ტურისტული კოტეჯებისა და სასტუმროების ნაკლებობა წარმოადგენს, თუმცა ღამის გათევას აქ საოჯახო ტიპის სასტუმროებში შეძლებთ. 

 

გომარდული

მთიანი აჭარის კურორტების განსაკუთრებული თავისებურება ის არის, რომ ოთხივე სეზონზე მიმზიდველია დამსვენებლებისათვის. ერთ-ერთი ასეთი ადგილია გომარდული, რომელიც ზღვის დონიდან 1120 მეტრზე მდებარეობს. განსაკუთრებული ხედებით და ბუნებრივი ლანდშაფტით გამორჩეული კურორტი ხშირად იპყრობს უცხოელი ტურისტების ყურადღებასაც. გომარდულში პატარა ხის კოტეჯები და საოჯახო ტიპის სასტუმროები შეგხვდებათ, სადაც სასურველი დროით ნომრის დაქირავებას  და ადგილობრივი სამზარეულოს კერძების დაგემოვნებასაც შეძლებთ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.