fbpx

ბაქტერიები მიქელანჯელოს სკულპტურების სადარაჯოზე


გააზიარე სტატია

ავტორი: სალომე დადუნაშვილი

 

ფლორენციაში  მიქელანჯელოს მიერ მედიჩებისთვის სპეციალურად შექმნილ სარკოფაგის უნატიფეს სკულპტურებს პირველად პრობლემები 1595 წელს გაუჩნდა. თეთრი მარმარილოს ზედაპირმა ალაგ-ალაგ ფერი და სტრუქტურა იცვალა და დაიბურა. 

რა არ გააკეთეს რესტავრატორებმა ამ პროცესის შესაჩერებლად, მაგრამ ზოგიერთ ლაქას ვერაფერი მოუხერხეს. მათი ვარაუდით, ჯიუტი ლაქების გაჩენის მიზეზი ალესანდრო დი მედიჩის არასწორად და ნაჩქარევად დასაფლავებაა. მტრების მიერ მოკლული ფლორენციის მმართველი ხალიჩაში გადაახვიეს და მავზოლეუმში  მოათავსეს. სხეული სპეციალურად არ მოუმზადებიათ და მისი ხრწნის პროდუქტმა ნელ-ნელა შეჟონა კარარას მარმარილოს  ფოროვან სტრუქტურაში. 

ათწლეულობით მიმდინარე რესტავრაციამ საკმაოდ ბევრი პრობლემის გადაჭრა მოახერხა, თუმცა სარკოფაგის ზედაპირზე დაგროვილი დაბინძურება და გარკვეული ლაქები განსაკუთრებით ჭირვეული და რთულად მოსაშორებელი აღმოჩნდა. 

ადრეული რესტავრაციების დროს  გამოყენებულმა მეტალის ჯაგრისებმა პრობლემა ვერ გადაჭრა და ქვა უფრო დააზიანა. ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. 

მაშინ როცა იტალიის ყველა ქალაქში კოვიდი მძვინვარებდა, მეცნიერებმა და რესტავრატორებმა საიდუმლო ოპერაცია დაგეგმეს. 

მათ დასახმარებლად ბაქტერიებს მოუხმეს! 

ეს იმდენად ახალი და ექსპერიმენტული მეთოდი იყო, რომ უმკაცრესად იცავდნენ  დახურული პროცესის ყველა ეტაპს. ბაქტერიები, რომლებიც სწორედ ქვაზე დაგროვილი ნადების შემადგენელი ნივთიერებებით იკვებებიან, სკულპტურებს მოაფრქვიეს. ამ  ბაქტერიებს ადრეც იყენებდნენ ნავთობის დაღვრის დროს. სწორედ ნეაპოლის ყურედან გადმოაბრძანეს სპეცდანიშნულების ბაქტერიული დესანტი პირდაპირ მარმარილოს „ღამის“ სკულპტურის თავზე. ბაქტერიამ სახელწოდებით Serratia ficaria SH7 პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მისია და სანამ სტერილურ ხალათებში გამოწყობილი რესტავრატორები პროცესს აკვირდებოდნენ, გემრიელად მოილხინა.

ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ფლორენციის შემდეგ ბაქტერიების ჯგუფი რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში  ალესანდრო ალგარდის ბაროკოს პერიოდის  შედევრის გადასარჩენად მიიწვიეს. 

იტალია ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება და ტურისტებიც ისევ ჩოჩქოლებენ (დისტანციის დაცვით, ცხადია) მიქელანჯელოს ქმნილებების წინ და წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ამ სიამოვნებას პაწია, მშრომელ ბაქტერიებს უნდა უმადლოდნენ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.