fbpx

„ფანტასტიკური ქალაქი“ – თბილისური ავანგარდის პირველი ტალღა


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

XX საუკუნის დასაწყისის თბილისური ამბები ერთი დიდი და მშვენიერი თავია ამ მრავალსაუკუნოვანი ქალაქის ისტორიაში. მე-19 საუკუნეში დაწყებული ქალაქის კულტურული აღმავლობა შემდეგ საუკუნეშიც გაგრძელდა, იმ პერიოდის პოლიტიკურმა სიტუაციებმა და თბილისის გეოგრაფიულმა მდებარეობამ კი ქალაქი აღმოსავლეთ ევროპის შვეიცარიად გარდაქმნა – რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ადგილად, რომელიც თავშესაფრად გადაიქცა იმხანად ტყვიების ხმაურით გადაღლილი რუსებისა და ევროპელებისთვის. 

ამ ამბავს განსაკუთრებით ხელი შეუწყო ქვეყნის სათავეში მენშევიკების მოსვლამ და დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, თუმცა თბილისის კარები არც იქამდე იყო ჩაკეტილი, ის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, როგორც ჰეტეროგენული სხეული, სადაც სხვადასხვა ენები და ტრადიციები გადაკვეთენ ერთმანეთს. 

თბილისი სპეციფიკურ ქალაქად იქცა, ის ფართობით ბევრად პატარა იყო, ვიდრე პეტერბურგი,  სტამბოლი, პარიზი და სხვა ევროპული ქალაქები, თუმცა თავისებური პოლიფონიურობა და აურა ჰქონდა, რაც მას ბევრისთვის მიმზიდველ და საინტერესო სივრცედ აქცევდა. აქედან გამომდინარე, თბილისის მედიუმი თავშივე ამბობს, რომ მას სამყაროს მაჯისცემაზე უდევს ხელი და გრძნობს მსოფლიოს საერთო გულისცემას. XX საუკუნის დასაწყისში კი, როცა რაღაც ძველი განიცდიდა კვდომას და მუდმივად იბადებოდა ახალი, ინფორმაცია ინფორმაციაზე მოდიოდა და სამყარო ივსებოდა სიახლეებით, თავის მხრივ თბილისში ცენტრისგან მონაბერი ეს სიახლეები მალევე აღწევდა, მოგვიანებით, მცირე დროით, თავადაც გადაიქცა სახელოვნებო პროცესების ცენტრად. 

1909 წელს გამანადგურებელი ჩაქუჩით შეიარაღებული მარინეტი ევროპის შუაგულში აქვეყნებს მანიფესტს – ჩნდება მომავლის ჭვრეტის ვნებით შეპყრობილი გვიანი მოდერნიზმის სახელოვნებო მიმდინარეობა – ფუტურიზმი. იმავე წელს მანიფესტი ითარგმნება და გამოიცემა პეტერბურგში. მოიხაზება სამოქმედო ტერიტორია. ახალი მიმდინარეობის შესახებ რუსეთიდან თბილისში ინფორმაციამ მალევე ჩამოაღწია, ერთსაუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელებით. 

მარიამ მეძმარიაშვილი ნაშრომში “ფუტურისტული წიგნი საქართველოში” ამ ამბავს ტიფლისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფერწერის მასწავლებელს, ლაპორტინსკის აბრალებს, სწორედ მისი მოსწავლეები იყვნენ ძმები ზდანევიჩები, მომავალში ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენლები. ძმები დაინტერესდნენ ხელოვნების ახალი მიმდინარეობით, ილია ზდანევიჩი ყალიბდება, როგორც ავანგარდის პილიგრიმი – აზრის გამავრცელებელი მოგზაური. ის ჰგავს პირველი საუკუნის სწავლულ ქრისტიანებს. დადის, ავრცელებს, ვერ ჩერდება ერთ ტერიტორიაზე, ის თავიდან მიემგზავრება რუსეთში, კითხულობს ლექციებს ფუტურიზმის შესახებ. ამ პერიოდის რუსული ფუტურიზმი ძირითადად გატაცებულია სინთეზური ხელოვნების შექმნის თეორიით. 

ილია ზდანევიჩი

მოგზაურობს ევროპაში, ბრუნდება თბილისში, ქალაქს გარდაქმნის ავტონომიურ სახელოვნებო სივრცედ, მიემგზავრება კონსტანტინოპოლში, მოგონებებში დაწერს: “1920 წლის ნოემბერი, მე დავტოვე საქართველო, ჩემი ქონების ნაწილი გავყიდე, ბათუმიდან კონსტანტინოპოლში ბილეთის საყიდლად. ვარ გემბანზე. პროპელერების ყოველი დარტყმის დროს ვგრძნობ, ორთქლმავალი მაშორებს სამშობლოს, საიდან გაქცევაც ჩემი შინაგანი სურვილი იყო. მე უკვე საზღვრის იქით ვარ, სადაც გინდა, ნეტარებაში, უბედურებაში, მაგრამ საზღვრებს გარეთ”. 

მიდის ქვეყნიდან, თუმცა მისი თბილისური ვოიაჟი ქალაქის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ხდება, მისმა სამიზდატმა – 41-მა გრადუსმა და სხვა გამოცემებმა დაწერეს თბილისური ავანგარდის ისტორია, და ქალაქმაც, თავისებურად, ერთი დიდი აგური დადო საერთო ავანგარდულ საქმეში. ამაზე მოგვიანებით. მოგზაურობა მისი მოუთოკავი სურვილია – ახალი საზღვრების გახსნა, ყველაფრის ხელახლა დაწყება, იდეებისა და თეორიების შექმნა. ის კონსტანტინოპოლიდან გერმანიაში მიემგზავრება, სადაც შეკრებილან იმ პერიოდის ავანგარდული ხელოვნების მნიშვნელოვანი ფიგურები, მათ შორის რუსები, რომლებიც ცდილობენ ინტერნაციონალური სქემების გაყვანას

გამოდის ორენოვანი, რუსულ-გერმანული სამიზდატი – “ნივთი”, მიმდინარეობს გამოცდილების  გაცვლა და საზღვრების გარღვევა. ერთი სიტყვით, ფუტურიზმი ცდილობს გერმანიაში გამოიზამთროს. ილიაზდი ყალიბდება მრავალპლანიან ხელოვანად. შლის ზღვარს პრაქტიკულ და თეორიულ სამუშაოებს შორის, ყოფით თუ პროფესიულ საქმიანობას გააერთიანებს და აქცევს ერთ დიდ ექსპერიმენტად – დაუსრულებელი მოგზაურობები, იდეების გავრცელება და ახალი იდეების შემუშავება, დაკარგული და არდასაკარგავი (ფიროსმანი) ხელოვანების აღმოჩენა, პოეზია – უაზრო სიტყვებით მნიშვნელობების შექმნა (შკლოვსკი) ტიპოგრაფია, გამოცემები, მხატვრობა, დიზაინი, ფუტურიზმს გარიდებული დოკუმენტური პროზის წერა – ყველაფერი ეს, რაც ერთი შეხედვით გრძელი ჩამონათვალი გვგონია, სინამდვილეში მოკლეა, როცა სწორება ილია ზდანევიჩზე გვაქვს; მრავლის გაერთიანება ერთ სხეულში ქმნის მის მთლიან და უნიკალურ სახელოვნებო ჰაბიტუსს. 

დადასტურებული ინფორმაციით, 1914 წელს ფუტურისტი პოეტების ჯგუფი სტუმრობს თბილისს – ეს არის პირველი ანთროპოლოგიური შეხვედრა, ფუტურიზმის და თბილისის – ქალაქში ყვითელ პერანგებში გამოწყობილი დააბიჯებენ პოეტები: ვლადიმერ მაიაკოვსკი, დავიდ ბურლიუკი, ვასილ კამინსკი და სერგეი გოროდეცკი. უცნაური ჩაცმულობით ხალხში დადიან და რევოლუციურ პროკლამაციებს ავრცელებენ, ატარებენ პოეზიის საღამოს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე – კითხულობენ ლექსებს პერფორმაციულად, საღამოს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა მაიაკოვსკი. ხალხი გაოცებულია. თბილისი ნელ-ნელა ეჩვევა და ემზადება დიდი აფეთქებისთვის.

ფუტურისტების თბილისური ვოიაჟის სამი წლის თავზე ქალაქს ზაუმური პოეზიის პიონერი – ალექსანდრ კრუჩონიხი ესტუმრება, სულ მალე ქალაქის პრესა შეარქმევს სახელს – “მოსკოვის ფუტურიზმის მამა”. 

რუსეთში მიმდინარე არეულობას ბევრი ხელოვანი გაურბის. ისინი საქართველოში მოდიან. საქმეში შემოვიყვანოთ კიდევ ერთი დიდი რუსი პოეტი – ოსიპ მანდელშტამი, რომელსაც შავი ჭირით დანაღმულ ბათუმში, გაურკვევლობისგან, მისი გულმხურვალე თაყვანისმცემელი – ტიციან ტაბიძე გამოიხსნის.  მანდელშტამი ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვან ფიგურად გადაიქცევა, რუსეთში დაბრუნებული კი, 1922 წელს, იმ პერიოდის ქართულ ლიტერატურულ და ზოგადად სახელოვნებო ტენდენციებზე დაწერს სტატიას, სადაც ახალგაზრდა “ყანწელებს” მკაცრად გააკრიტიკებს. თუმცა ამაზე მოგვიანებით, იქამდე ისევ კრუჩონიხს დავუბრუნდეთ.

მისი ვიზიტით იწყება ქალაქის ზიარება ფუტურიზმთან. 1916 წელს, მარტში, პოეტი თბილისიდან მოსკოვში გააგზავნის წერილს: “აქ არ არსებობს ლიტერატურა ფუტურიზმის შესახებ, მაგრამ შემხვდა რამდენიმე ადამიანი, ვინც დაინტერესებულია”. კრუჩონიხი  ჩამოწერს გამოსაგზავნი ნაწარმოებების სიას, და ფუტურიზმის გავრცელებასთან ერთად თვითშემეცნების პროცესსაც დაიწყებს, რაც ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იქნება ზაუმის, შესაბამისად, ფუტურიზმის განვითარებისა.

 

თბილისური ცხოვრების წლებით თარიღდება მისი დაინტერესება ფროიდის მოძღვრებით. პოეტისთვის, რომლისთვისაც ბგერა წარმოადგენს მთავარ სამუშაო ენობრივ ინსტრუმენტს, ზაუმი კი საშუალებას აძლევს უგონო მდგომარეობაში ჩაფლული შემოქმედებითი პროცესი წარმართოს,  ესე იგი, დაინტერესდეს ენის შინაგანი სტრუქტურით.  კრუჩონიხს არ აინტერესებს სიტყვის ისტორიული ფესვები და “სამოხმარებლო” გარემოება, არამედ არტიკულირებულია ენის ფსიქოლოგიურ პირობაზე, შესაბამისად, მისთვის ფსიქოანალიზში აღმოჩნდება ბევრი ნიშანი თუ თეორია  ზაუმისთვის გამოსადეგი. 

ფროიდის მოძღვრების დახმარებით მისტიკური ექსტაზის კვლევას იწყებს, შემდეგში ჩამოაყალიბებს თეორიას – “სიტყვის ხმოვანი კომპოზიცია” – სისტემა, რომელიც აღადგენს არაცნობიერი ენერგიებით ენის პირველად ელემენტებს. კრუჩონიხის პოეტიკა აქცენტს აკეთებს უშუალოდ ბგერაზე და არა სიტყვის სემიოტიკურ მახასიათებლებზე. ასევე მის სამუშაო პრაქტიკაში ფსიქოანალიზის გავლით შემოდის ანალური ეროტიზმის საკითხი, მისთვის ბგერა წარმოადგენს ერთგვარ ლიბიდოანალურ სისტემას, “რუსული ანბანი – ეროტიკაა, თუნდაც ანალური”, – ამბობს ის და იწყებს სხვადასხვა პოეტის, მათ შორის მისი მეგობრების, ხლებნიკოვისა და მაიაკოვსკის ლექსების თავისებურ ბგერით დეკონსტრუქციას. თბილისური წლების  შემდეგ პოეტსა და თეატრის რეჟისორს, იგორ ტერენტიევს მელანქოლიით სავსე ლექსს მიუძღვნის. ლექსი სწორედ ამ სამუშაოს  გახსენებით იწყება:

 

Игорь, помнишь?

Когда-то

мы вместе

озоровали в Тифлисе:

Кроили какалъно-анальный словарник

из Гумилева и Ахматовой —

молитвенник для дам.

 

კრუჩონიხის წერილებზე დაყრდნობით, ზდანევიჩი ამ დროს თბილისშია და აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას ეწევა, თუმცა პოეტი გაკვირვებულია ქართველის თავისებური დისტანციით.

ახალი ქალაქი კრუჩონიხს ახალ სამუშაო ენას სთავაზობს.  შესაბამისად, მის პოეტიკაში შემოდის თბილისური მეტყველების გავლენა. რუსული და ქართული ავანგარდის მკვლევარი და ალბათ, ქართულ ავანგარდზე  საუკეთესო წიგნის – “ფანტასტიკური ქალაქის” ავტორი, ტატიანა ნიკოლსკაია შენიშნავს, რომ კრუჩონიხის თბილისურ ტექსტებში ხშირია ქართული სიტყვების მოდიფიკაცია, რაც თავის მხრივ ზაუმური ტექსტების გაშიფვრის პერსპექტივას იძლევა. [ჩემი აკვიატებული აზრით, ზაუმის დეკოდირება დაუშვებელია, ის უნდა დარჩეს ისეთად, როგორიც არის, ყველანაირი ჩაძიების გარეშე, თუმცა ლიტერატურის მკვლევრებს ხშირად გაურბით ხელი]. 

ქართული ენის სტრუქტურა – თანხმოვანი ბგერების ლიბერალიზაცია პოეტისთვის მყარ ენობრივ დასაყრდენს წარმოადგენს. აქ ვართ და ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ მოდარაჯე მკითხველის თვალი ქართული ენის გავლენას მაიაკოვსკის პირველი პერიოდის ლექსებშიც შენიშნავს. რაც დიდი თემაა და ჯერჯერობით აუთვისებელი საკითხია, სხვა დროისთვის გადავდოთ. იქამდე დავუბრუნდეთ კვლავ კრუჩონიხს და თბილისს: ლექსებში უმეტესწილად ქართული ენა დაშიფრული, ბგერითი დეკონსტრუქციის, მასზე სხვა (რუსული) ენის ნიშნების დამატებით გვხვდება, თუმცა ხშირია თბილისის ქუჩებიდან მონაბერი სიტყვები და გამოთქმები. 

აბსურდის მკვლევრები ხშირად საუბრობენ ბეკეტის ინგლისური ენიდან ფრანგულ ენაში პორტირებაზე. რასაკვირველია, ირლანდიელი დრამატურგისთვის ეს პოლიტიკური საკითხია, თუმცა ამასთან ერთად დგება ენის დავიწყების (ენიდან გაქვევის) მომენტი, სიტყვების გათავისუფლება ზედმეტი დანამატისგან და აბსურდული ნარატივის მაქსიმალური მიახლოება რეალურთან. კრუჩონიხისთვის  ქართული ენა არა პორტირებას, არამედ ექსპერიმენტს წარმოადგენს – უცნობ ენაში მოგზაურობას. დადგენილი ენიდან გაქცევა კი მისი პოეზიის მთავარი ვნებაა. აბსურდი ტყუილად არ გვიხსენებია. მართალია, მისი დაბადების ადგილი საფრანგეთია, თუმცა აბსურდის, როგორც სახელოვნებო მიმდინარეობის საწყისები რუსულ ავანგარდში უნდა ვეძიოთ, განსაკუთრებით, ხრამსის, ხლებნიკოვის და ჩვენი პროტაგონისტის, კრუჩონიხის პირველი პერიოდის ტექსტებში, საოპერო არიებში.

კრუჩონიხის თბილისური პერიოდი, თეორიული და პრაქტიკული სამუშაოები, საკვანძო მომენტია ზაუმური პოეზიის განვითარებაში. მისი მთავარი კონცეფციები და კონტექსტები მნიშვნელოვანი გამოდგა ზაუმისთვის, როგორც კრუჩონიხი უწოდებდა – მდოგვი, რომელიც არ არის საკმარისი გასაძღებად, გამხდარიყო მსუყე, დასაყრდენი პრაქტიკა ფუტურიზმისთვის. რუსული ავანგარდის უმაღლეს ნიშნულზე ასვლაში კი ფუტურიზმმა განსაკუთრებული როლი ითამაშა, ის გახდა ნიადაგი ახალი მიმდინარეობების ჩამოსაყალიბებლად. 

გარდა ამისა, ზაუმი დადაიზმის პრაქტიკული საყრდენიც გახდა. მალევე რუსული ავანგარდი უკარნახებს დღის წესრიგს – ახალ ცოდნასა და პრაქტიკას ევროპულ ხელოვნებას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კი საბჭოთა კავშირი გადაიქცევა დიდ ქარხნად ხელოვნებისთვის: დაწყებული ეიზენშტეინის მონტაჟის ხელოვნებით, გაგრძელებული მეიერჰოლდის ბიომექანიკით და დამთავრებული მალევიჩის უტოპიური კონსტრუქციებით. ეს  ახალი და უნივერსალური ხელოვნების დაბადების  ნიშნები კი არა,  პირდაპირი გამოხატულებაა. 

რუსეთი ხდება ცხელი წერტილი. თავის მხრივ საბჭოთა კავშირი კი გვევლინება პოლიტიკურ პროექტად, რომელმაც მეოცე საუკუნის ხელოვნების მიერ წარმოებული უტოპია რეალურ ცხოვრებაში განახორციელა (გროისი). ეს არის უნიკალური პერიოდი მსოფლიო ისტორიაში, როცა ხელოვნება უკარნახებს პოლიტიკას – პოეზია კი არ დგება რევოლუციის სამსახურში, არამედ, პირიქით, რევოლუცია ემსახურება პოეზიას (გიდებორი). ამას მიანიშნებს ლენინის შეხედულება, რომ ჯანყი უნდა განხორციელდეს, როგორც ხელოვნება. 

მცირე გადახვევით მივიდეთ 1916 წელში. ტერიტორია – შვეიცარია, სადაც ნეიტრალურ მიწას თავს აფარებენ პოლიტიკური ფიგურები და ხელოვანები, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში არც ერთ მხარეს არ პოზიციონირებენ. კაფე “ვალტერში”, იქ, სადაც თებერვლის რევოლუციის მარცხს ვერ შეგუებული ლენინი წერს ბოლშევიკური რევოლუციის გეგმებს, ყველაფერსაა გარიდებული, მისი ცნობილი გამოთქმის ალუზიით  – სწავლობს, სწავლობს და სწავლობს. პარალელურად, სამყაროს ნიჰილიზმით შეშუპებული საშვილოსნოდან იბადება უტოპია – დადა. 

გადმოცემის თანახმად, ლენინი და ტცარა მეგობრობენ, ხშირად თამაშობენ   ჭადრაკს. ოქტომბრის რევოლუციის მთავარი მესაჭე მონაწილეობს დადაისტურ სანახაობებში, მონოტონურად თითს ურტყამს კლავიშს, ტრისტან ტცარა კი ჩაბნელებულ ტავერნაში ლექსებს ყროყინებს… საუკუნის შემდეგ თანამედროვე ესტონელი პოეტი, იურგენ როოსტე დაწერს: 

 

ხო აზრზე ხართ – დიუშანი!

დადაისტ-პოსტმოდერნისტული რედიმეიდმენი

ფრინველების მისტიკური ხერხემალი

 

მან უნიტაზი გამოიტანა სცენაზე

და დაარქვა მას პისუარი

 

და შეჰხედა მას ლენინმა

და ნახა რა, რომ კარგი იყო

მოუნდა თვითონაც გაეკეთებინა რამე მსგავსი

რამე ასე მშვენიერი

ასე უჩვეულო და ძალმოსილი

 

და მან გააკეთა კიდეც.

 

კრუჩონიხისა და ზდანევიჩის გზების გადაკვეთით იწყება თბილისური ავანგარდის ისტორია. ქალაქში დღითი დღე მატულობს ახლო მახლო რეგიონებიდან ჩამოსული ავანგარდისტი ხელოვანების რიცხვი. ყალიბდება “ფუტურისტული სინდიკატი”, რომლის წევრებიც  ძირითადად  ლექციებს კითხულობენ და საჯარო დისკუსიებს მართავენ. გრძელდება ზდანევიჩის მიერ დაწყებული აქტიური საგამომცემლო საქმიანობა, პარალელურად იხსნება სივრცე შეხვედრებისა და პრეზენტაციებისთვის. პოეტები დაგენი და კორონა პეტერბურგის ლიტერატურული კაფეს – “მაწანწალა ძაღლის” ანალოგიურ დაწესებულებას ხსნიან – “ფანტასტიკურ ტავერნას”. გრიგოლ რობაქიძე თბილისს ,,ფანტასტიკური ქალაქის“ რეგალიით შეამკობს. ტავერნა მდებარეობდა დღევანდელი რუსთაველის გამზირის   თორმეტ ნომერში. იქ იმართება  საღამოები,  ლექციები, მსახიობი სოფიო მელნიკოვა კითხულობს ზდანევიჩის ლექსებს. მისით შთაგონებული  ხელოვანები  მსახიობზე  გამოსცემენ წიგნს. საღამოებში მონაწილეობენ ქართული პოეტური გაერთიანებებიც. 

აქვე გასახსენებელია უახლესი ისტორიის ლაფსუსი: აღნიშნული ადგილი დღეს პრივატიზებულია და საერთო აღარაფერი აქვს წარსულთან. ამასთან, რამდენიმე წლის წინ მესაკუთრემ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, კირილ ზდანევიჩის მიერ არგონავტიკის თემის ინსპირაციით მოხატული კედელი, სრულად გაანადგურა. ეს ამბავი ერთგვარი ილუსტრაციაა თანამედროვე ველური პოლიტიკის და მისი დამოკიდებულების წარსულის მიმართ – რადიკალური, უწესრიგო გარდაქმნის, ერთ დროს ზაუმის ქალაქად წოდებული თბილისის სახის განადგურების.

თბილისი პროცესებისა და იდეების  ქალაქად გადაიქცევა, ავანგარდის ცენტრი კი დროებით მასზე გადადის – იქმნება სინდიკატი – 41°. ერთი ვერსიის თანახმად, მსგავსი სახელწოდების ჯგუფი ილიაზდიმ ჯერ კიდევ პეტროგრადში ყოფნის დროს შექმნა, თბილისში კი განაახლა ახალი ავტორებით. ჯგუფის სახელის შინაარსი საეჭვოა, ზედაპირზე ორი ვერსია ტივტივებს: ერთის თანახმად, 41 გრადუსი თბილისის გეოგრაფიული კოორდინატია, მეორე ვერსიით – 41 გრადუსი ზღვარგადასული სიგიჟის ტემპერატურა, როცა ენა იწყებს ბოდვას. 

ჯგუფს კრუჩონიხთან ერთად უერთდება ილიაზდის ძმა, კირილ ზდანევიჩი, პოეტები – ტერენტიევი და ჩერნიავსკი. ზდანევიჩის საგამომცემლო საქმიანობა ახალ ეტაპზე გადადის. გამოდის გაზეთი – 41°-ის  ერთადერთი ნომერი, რომელიც იწყება მანიფესტით:

,,კომპანია 41° აერთიანებს მემარცხენე ფრონტის ფუტურიზმს და ამტკიცებს ზაუმს, როგორც აუცილებელ ფორმას ხელოვნების განსხეულებისთვის.
დავალება 41° – თანამშრომელთა ყველა დიდი აღმოჩენის გამოყენება და სამყაროს ახალი ღერძის განთავსება.
გაზეთი იქნება კომპანიის მოვლენების ბურჯი და მუდმივი შეშფოთების მიზეზი.
გავშლი მკლავებს“.

41 გრადუსი  მნიშვნელოვანია საერთაშორისო მასშტაბით და დღემდე მიიჩნევა ავანგარდის ხანის უნიკალურ გამოცემად. გაზეთის ერთადერთ ნომერზე დაყრდნობით დასტურდება ზემოთ გამოთქმული  აზრი თბილისის და ზოგადად, ქართული კონტექსტის შესახებ.  გარდა იმისა, რომ 41° თანამედროვე ხელოვნების ნოვატორულ მიდგომებსაც  ასახავს, იქ თავს იყრის ზდანევიჩის, მაიაკოვსკის, ტერენტიევის, კრუჩონიხის, კამინისკის და სხვა რუსული ავანგარდის ფიგურების შემოქმედება.  გაზეთის რუბრიკაში – “ქრონიკა” – თბილისური ამბებია მიმოხილული, მათ შორის რობაქიძისა და გურჯიევის სტატიები. გარდა ამისა, სინდიკატი აქტიურად თანამშრომლობს როგორც მიგრანტ ავანგარდისტ ხელოვანებთან, ასევე ქართველ ავტორებთან, განსაკუთრებით – “ცისფერყანწელებთან”. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის უზარმაზარი ესთეტიკური განსხვავებაა და მხოლოდ ერთ ასპექტში –   წარსულის შაბლონურ წინააღმდეგობასთან იკვეთებიან, როგორც ჩანს, ამ საერთო ქალაქური გარემოს შესაქმნელად კავშირი აუცილებელი  ხდება. 

ყანწელების ლექსები იბეჭდება  ფუტურისტთა სინდიკატის სხვადასხვა გამოცემებში. ისინი აქტიურად გამოცემენ წიგნებს, მარტო კრუჩონიხის სახელზე ორმოცდაათზე მეტი წიგნია დარეგისტრირებული. “გრაფიტით სავსე” წიგნებს გამოსცემს ზდანევიჩი, რომლებიც ტიპოგრაფიის ნიმუშებად ითვლება. გამოდის კამინსკისა და ტერენტიევის წიგნები, საერთო ალმანახები და სხვა. ქართულენოვანი ავანგარდი ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანს, ზემოთ ხსენებული ჯგუფი თავს სიმბოლიზმსაფარებს. იგრძნობა, რომ ფუტურიზმს ქართულ ენაზე დააგვიანდება, ის ელოდება ახალ თაობას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.