fbpx

რომელ სერიალებს ვუყუროთ ზაფხულში?


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

პანდემიის ჟამს სერიალები კიდევ უფრო აქტუალური გახდა. 2021 წელს არაერთი საინტერესო სატელევიზიო პროდუქცია გამოჩნდა.  არდადეგების პიკში რამდენიმე სერიალს გირჩევთ, რომლებსაც დარჩენილი ზაფხულის განმავლობაში შეგიძლიათ უყუროთ. 

არაერთი ემის  და ოქროს გლობუსის მფლობელი დისტოპიური სერიალი “მხევლის წიგნი” (The Handmaid’s Tale) 20 ივნისს ტრიუმფალური მეოთხე სეზონით დაუბრუნდა მაყურებელს. მართალია, სიამოვნება არ არის ის სიტყვა, რომელიც აღნიშნულ სერიალთან მიმართებაში შეიძლება გამოვიყენოთ, თუმცა “მხევლის წიგნი” დღესდღეობით პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერიალია. 

ბოლო სამი სეზონის განმავლობაში სერიალს შემაშფოთებლიდან უკიდურეს შემაშფოთებელ წერტილში გადავყავდით, მაგრამ ეს ნამდვილად შთამბეჭდავი დრამაა, რომლის სიუჟეტიც ავტორიტარულ სახელმწიფოში – გილეადში ვითარდება, სადაც ქალები მხოლოდ რეპროდუქციულ ფუნქციას ასრულებენ. პირველი სეზონი მჭიდროდ მიჰყვებოდა მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების წიგნს, მეორე სეზონიდან კი სცენარისტებმა სერიალს ახალი სიცოცხლე შთაბერეს. 

შედარებით სუსტი მესამე სეზონის შემდეგ, მეოთხე სეზონზე მთავარი პერსონაჟი, ჯუნი რეჟიმის მსხვერპლიდან მეამბოხედ ტრანსფორმაციის გზას განაგრძობს, რომელსაც ელიზაბეტ მოსი თავის პერფორმანსში შესანიშნავად ასახავს. ვისაც არ გინახავთ ეს სერიალი, ამ ზაფხულს შესაძლებლობა გეძლევათ 4-ვე სეზონი იხილოთ. 

Netflix-ის ახალი ფრანგული სერიალის, “ლუპენის” (Lupin) მთავარი “ხრიკი” შენიღბვაა. შოუ ბრიტანელი სცენარისტის, ჯორჯ ქეის მიერ არის შექმნილი და ის ფრანგი მწერლის, მორის ლებლანის 1905 წლის ცნობილი მოთხრობების კრებულის პერსონაჟით, არსენ ლუპენით არის შთაგონებული, რომელიც საფრანგეთში კულტურულ ფენომენად იქცა. 

აღნიშნულ მოთხრობებს და მის ტიტულიან გმირს სერიალში გადამწყვეტი როლი აქვს, რადგან მას პროტაგონისტი ერთგვარ “ბიბლიად” იყენებს. ომარ სი ქარიზმატულ და გარდასახვის ოსტატ მძარცველს, ასან დიოპს განასახიერებს, ის გავლენიან და მდიდარ ოჯახზე შურისძიებას გადაწყვეტს, რომელმაც 25 წლის წინ მამამისს მარია ანტუანეტას ყელსაბამის მოპარვაში დასწამა ცილი, რამაც მისი თვითმკვლელობა გამოიწვია. “ლუპენი” გამოსვლის დღიდან Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ  სერიალად იქცა. ის “ოუშენის მეგობრების” და “შერლოკ ჰოლმსის” ესთეტიკას საკულტო ქალაქში – პარიზში აერთიანებს, სადაც მაღალი ქუდი და მონოკლი კეპით და ბოტასებით არის ჩანაცვლებული. სერიალის მეორე ნაწილი 11 ივნისს გამოვიდა.

“თეთრი ლოტუსი” (The White Lotus), HBO-ს ახალი სოციალური სატირაა. ის ძვირადღირებული ჰავაის კურორტია, რომელიც თითქოს განტვირთვის და რელაქსაციის განწყობას ქმნის, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პირველივე სცენაში ვიგებთ, რომ სასტუმროში დამსვენებელი გარდაიცვალა, შემდეგ კი ვხედავთ კადრებს, როგორ ჩადიან ერთი კვირის წინ  სტუმრები პირველად კურორტზე. . 

ერთ-ერთ სცენაში სასტუმროს მენეჯერი სტაჟიორს ურჩევს, რომ დამსვენებლის ყველა მოთხოვნა შეასრულოს და მაქსიმალურად “უჩინარი” იყოს ამ პროცესში. ეს ირონიული რჩევა სერიალის მთელ კონცეფციას უსვამს ხაზს, რომლის მიხედვითაც ყველა სახის ძალაუფლების მატარებელი ადამიანი, იქნება ეს სტუმარი თუ მომსახურე პერსონალი, ქედმაღლობას და ემპათიის ნაკლებობას ამჟღავნებს დამკვიდრებულ სოციალურ იერარქიაზე ქვემოთ მყოფების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს სილამაზე მშვენიერი კადრებით არის აღბეჭდილი, სერიალის ყურებისას კომფორტის შეგრძნება არ გეუფლებათ. 

ეს კოლონიალიზმის, კულტურული მითვისების, პრივილეგიისა და სისტემური ძალაუფლების სტრუქტურის კვინტესენციაა. “თეთრი ლოტუსი” აგრეთვე კომედიაა იმის შესახებ, თუ როგორ არავინ იღებს სასურველს ცხოვრებაში. ტრადიციისამებრ, HBO შთამბეჭდავი სამსახიობო გუნდით გამოირჩევა, რომელიც ისეთ სატელევიზიო სერიალების ვეტერანებს აერთიანებს, როგორებიც არიან კონი ბრიტონი და სტივ ზანი. 

თუკი კომიქსები და მითოლოგია გიყვართ და მაქსიმალურად გსურთ განიტვირთოთ მძიმე რეალობისგან, Disney+-მა 9 ივნისს მარველის კინოსამყაროს მესამე სერიალი – “ლოკი” (Loki) წარადგინა. სკანდინავიური მითოლოგიით შთაგონებული მზაკვრობის ღმერთი მარველის არაერთი წამყვანი ფილმის ნაწილი იყო, კერძოდ, თორის ტრილოგიისა და შურისმაძიებლების. ლოკის როლს ინგლისელი მსახიობი ტომ ჰიდლსტონი შთამბეჭდავი სამსახიობო ოსტატობით ასრულებს, ის მარველის კინოსამყაროს ყველაზე ქარიზმატული და დასამახსოვრებელი ანტაგონისტია, რომელსაც არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს. 

პერსონაჟის პოპულარობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კინოფრეინჩაიზმა ლოკის რესურსის ბოლომდე გამოყენება გადაწყვიტა. “ლოკი” გასაოცარი ვიზუალით, არაორდინალური სიუჟეტით და კომპლექსური მთავარი პერსონაჟით ძალიან სახალისო და  ისკეიპიზმის დაუვიწყარი ამბავია. სერიალი იდენტობას, თავისუფალ ნებას და სხვა ღრმა საკითხებს ეხმაურება. მარველი არც “ლოკიში” არღვევს ტრადიციას  და ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობებს უყრის თავს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ოუენ უილსონის და ტომ ჰიდლსტონის დუეტს, ისინი შესანიშნავად ერგებიან მარველის ქაოსურ სამყაროს. 

ვინც სიტკომებს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენთვის ტკბილმწარე ამბავი მაქვს, 12 აგვისტოს, “ბრუკლინი 9-9” (Brooklyn Nine-Nine) ფინალური, მერვე სეზონით დაგვიბრუნდება.  სამწუხაროდ,  ეს სერიალის ბოლო სეზონი იქნება, თუმცა მისი კონცეფციიდან გამომდინარე კომიკური სიუჟეტები გარანტირებული გვაქვს. “ბრუკლინი 9-9” ნიუ-იორკის დეტექტივების ყოველდღიური სამსახურებრივი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, სადაც სოციალური საკითხები იუმორისტულ ჭრილშია წარმოჩენილი. 

სერიალი დრამისა და კომედიის იდეალურ ბალანსს გვთავაზობს, რომელიც ინკლუზიური პერსონაჟებით და რეალისტური ურთიერთობებით გამოირჩევა. კომედიის თანაშემქმნელი, ცნობილი სიტკომის, “ოფისის” (The Office) ერთ-ერთი პროდიუსერი და სცენარისტი მაიკლ შურია. სერიალში მთავარ როლს ამერიკული იუმორისტული შოუს – Saturday Night Live-ს გუნდის წევრი ენდი სემბერგი ასრულებს. მას ამ  როლისთვის ოქროს გლობუსი აქვს მიღებული. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.