fbpx

„სოციალური საწარმო ბუს“ პროექტი „სთვის“ – მრავალფუნქციური სათამაშოები და საოჯახო აქსესუარები


გააზიარე სტატია

„სთვის“ – ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც  „სოციალური საწარმო “ბუს“ ერთ-ერთი პროექტია და ითვალისწინებს მრავალფუნქციური სათამაშოებისა და სხვადასხვა საოჯახო აქსესუარის წარმოებას. 

www.stvis.ge – ამ პლატფორმაზე განთავსდება მრავალფუნქციური სათამაშოები, აქსესუარები და ყველაფერი „შენი კომფორტისთვის“. თითოეული ნივთი დამზადებული და დამუშავებულია ხელით, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა ხის  მასალითა და ლაქ-საღებავებით. 

მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სხვადასხვა კომპანიასთან, სკოლებთან და ფიზიკურ პირებთან სხვადასხვაგვარი ტიპის პროდუქტის შექმნის თაობაზე. საწარმო ნელ-ნელა ჩამოაყალიბებს დროის   სპეციალურ ინტერვალს, როდესაც წარმოვადგენთ 2-2 ნივთს 

  • სკოლის მოსწავლეებისთვის
  • სტუდენტებისთვის
  • მასწავლებლებისთვის
  • მზარეულებისთვის 
  • და ყველასთვის, ვისთვისაც მთავარია ეკოპროდუქტი და  ხარისხი მისაღებ ფასად. 

მზად ვართ  განვიხილოთ სხვადასხვა სპეციალური შემოთავაზება, შევქმნათ ესკიზები და მოვარგოთ  მომხმარებელთა მოთხოვნებს, ოცნებებსა და მიზნებს. „სთვის“ პირველი ქართული ბრენდია, რომელიც მზად იქნება ნებისმიერი გამოწვევისთვის, რაც ჩვენს მომხმარებელს დასჭირდება. 

აღნიშნული წამოწყება მოგვცემს შესაძლებლობას უფრო მეტად გავაფართოოთ საწარმო, შევძლოთ მეტი ბენეფიციარის ჩართვა, გადამზადება და დასაქმება. ამ კუთხით გვექნება ჩვენი პრიორიტეტები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე და სოციალურად დაუცველი პირებთან მიმართებაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენი საწარმოო ხაზი თავის ნიშას მოიპოვებს ბაზარზე. ყველაფერი „შენი კომფორტისთვის

გუნდის წევრებმა ერთობლივად დავიწყეთ კვლევა საქართველოს ბაზარზე არსებული (საქართველოში დამზადებული) ხის პროდუქციის (სათამაშოების, აქსესუარების, დეკორატიული ნივთების და ა.შ.). პირველ რიგში  აღვნიშნავთ სოციალური საწარმოების – „დადარის“ და „კოდალას“ ჩართულობა ჩვენი იდეის წარმატებით განხორციელებაში. მათმა წარმომადგენლებმა არ დაიშურეს  რჩევა-დარიგებები. საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს იმაშიც, რომ  სწრაფად მიგვეღწია დასახული მიზნებისთვის და გადაგვეჭრა ყველა ის  პრობლემა, რასაც ჩვენ ამ სფეროში გამოუცდელობით ვერ ვახერხებდით. 

რთული გზა გავიარეთ და ახლაც  გავდივართ. მომავალსაც პოზიტიურად ვუყურებთ და ყველა მომდევნო სირთულეს, რაც გზად შეგვხვდება, ვფიქრობ, რომ ფრთხილად და სწორად გადავლახავთ. სწორედ ეს გამოცდილება  გვაძლიერებს, გვაფიქრებს და გვაძლევს  სწორი გზით წასვლის შესაძლებლობას.  საწარმოსთვის დაზგა-დანადგარებისა და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა, რაც დიდ მატერიალურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, საწყის ეტაპზე სახელმწიფოს, კეთილი ფონდებისა და კომპანიების დახმარებით გადავჭერით. მადლობა თითოეულ მათგანს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის!

ჩავატარეთ რამდენიმე ერთობლივი ვორქშოპი ჩვენი საწარმოს – „ბუს“  გუნდის წევრ გსმ პირებთან და მეგობარ კომპანიებთან ერთად. ვფიქრობთ,  ორივე მხარემ წარმატებულად წარადგინა თავი და საკმაოდ საინტერესო იყო დამფინანსებელი კომპანიიდანკოლეგების, მათი შვილების და ჩვენი გსმ ახალგაზრდების ერთობლივი მუშაობა. მხარდამჭერებთან ერთობლივი ვორქშოპების მიმართულებას უფრო მეტად განვავითარებთ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის შესაძლებლობას  მოგვცემს. 

და აი, როდესაც დადგა იმის დრო, ვისთვის უნდა შეგვექმნა  პირველი  2 ნივთი,  უმალვე  ბავშვები ვარჩიეთ! დავიწყეთ ფიქრი, თუ რა  შეაყვარებდა მათ „სთვის“ პროდუქციას, გახდიდა ცხოვრებას უფრო  საინტერესოს და მათ ყოველდღიურობას სამუშაო მაგიდასთან მეტად კომფორტულს. დავიწყეთ  მრავალშვილიანი დედების  გამოკითხვა და ხმათა უმრავლესობით მივედით  ხატვისას წარმოქმნილ  ბავშვურ პრობლემებთან. 

წყალი იქცევა, ყველაფერი ისვრება, ჭიქა ყირავდება, ფუნჯებს ვერსად ვდებთ და სხვა ბევრი აზრი გამოითქვა. ამ დროს ჩავრთეთ ჩვენი დიზაინერი, ტექნიკური პერსონალი და დავიწყეთ სხვადასხვა ცხოველის ესკიზების შექმნა.  სწორედ ასე გაჩნდა  „ვეშაპი“ და „ნიანგი“ და შევძელით სათამაშო ფუნქციას დამატებოდა სხვა დატვირთვაც –  „ვეშაპს“ ვიყენებთ სუფთა ფუნჯების და ფუნჯის სარეცხი კონტეინერის საფიქსაციოდ და ნიანგს – დასვრილი ფუნჯების დასადებად. 

ველოდებით რჩევებს, კრიტიკას, იდეებს და სიახლეებს ჩვენი გულშემატკივრებისა და მომხმარებლებისგან. თითოეული თქვენს იდეას გავითვალისწინებთ და თქვენი რჩევის შედეგს სწრაფად დაინახავთ. 

გპირდებით, რომ ყველა შეცდომას ვაღიარებთ. ფასს არასოდეს დავმალავთ 😊 და ვიქნებით ეკომეგობრული საწარმო, რომელიც ყველა თქვენს სურვილს შეასრულებს!  შევქმნით თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის საინტერესო პროდუქტს, რომელიც იქნება ყოველთვის უსაფრთხო და უცხო. 

შემდეგი სფერო ჯერჯერობით საიდუმლოა და ყველა სიახლეს facebook.com/www.stvis.ge  საშუალებით შეგატყობინებთ. 

 

პროექტი „ბუ“ 

სოციალური პროექტების შექმნის 13-წლიანი გამოცდილება   გვაძლევს იმის საშუალებას, რომ  შევაფასოთ გსმ პირთა მდგომარეობა და ვიზრუნოთ მათი პრობლემის გადაჭრის გზებზე. მსოფლიოში  პანდემიით გამოწვეული კრიტიკული მდგომარეობის დროს ვიფიქრეთ რა იყო გამოსავალი, რადგან გვჭირდებოდა გზა, რაც გსმ და სოციალურად დაუცველ პირებს სტრესს მოუხსნიდა, მეტი კომუნიკაციის, ინტეგრაციისა, შემოსავლის გაჩენის საშუალებას მისცემდა და შესაბამისად, გადავწყვიტეთ და შევქმენით საწარმო „ბუ“.

„ბუ“ არის საქართველოსთვის პირველი ხის პროდუქციის ინოვაციური საწარმო, რომელიც იმუშავებს  როგორც გადამზადება-დასაქმების ცენტრი. საწარმოში შექმნილი ყოველი პროდუქტი იქნება უნიკალური თავისი მახასიათებლებით და მორგებული საზოგადოების საჭიროებებზე.

საქართველოში არსებობს რამდენიმე აქტიური ხის გადამუშავების სოციალური საწარმო, მაგრამ მათ მხოლოდ იმ გსმ პირების დასაქმება შეძლეს, ვინც მათ საწარმოებამდე მიდის. ჩვენ კი მოვიცავთ განსაკუთრებით იმ ბენეფიციარებს, რომელთა გადაადგილებაც რთულია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, არაადაპტირებული გარემოს და    უსახსრობის გამო.  აღნიშნული ბენეფიციარები პირველ ეტაპზე პროდუქციას დაამზადებენ სახლში.  ასევე ვიზრუნებთ იმ  ბენეფიციარებზეც, ვისაც შესაძლებლობა ექნება საწარმოში ადგილზე იმუშაოს.   

„სოციალური საწარმო “ბუ“  საწყის ეტაპზე მიზნად ისახავს 17-25 წლამდე გსმ და სოციალურად დაუცველ პირთა გადამზადებას, დასაქმებას, რესოციალიზაციისა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობას. ბარიერების დარღვევითა და განვითარების თანაბარი პირობების შექმნით ვფიქრობთ, რომ მათი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.  

გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი გუნდის წევრი გსმ პირები ჩამოყალიბდნენ არსებულ სფეროში კონკურენტუნარიან კადრებად და  პოზიტიური გავლენა მოახდინონ  გსმ პირთა შესაძლებლობების წარმოდგენაზე. გვჯერა, საზოგადოებას აუცილებლად დავანახვებთ, რომ “შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, გარემო პირობებია შეზღუდული, შესაძლებლობები კი – შეუზღუდავი”.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.