fbpx

ქაღალდი ინტერიერში, ანუ გადამუშავებული ქაღალდისგან შექმნილი ნივთები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმნაიშვილი

 

რა შეიძლება მივიღოთ ქაღალდის გადამუშავებით? სტანდარტული  პასუხი ამ კითხვაზე არის ახალი ქაღალდი. გამოყენებული ქაღალდის გადაგდების ნაცვლად, ჩვენ შეგვიძლია მისი გადამუშავება და ახალ ქაღალდად ქცევა. მისი გამოყენების შემდეგ ისევ გადამუშავება და ასე – ერთ ქაღალდს გადამუშავების ციკლში მონაწილეობა 5-7-ჯერ შეუძლია. თუმცა ჩვენ ამ კითხვაზე შედარებით არასტანდარტული პასუხი გვაქვს.

წარმოგიდგენთ ხელოვან ანი შეროზიას და მის ბრენდს „აზურიტი“, რომელიც გადამუშავებული ქაღალდისგან ინტერიერის ნივთებს ქმნის. 

ანი შეროზია, ხელოვანი: „ეს საქმიანობა პანდემიის დროს დავიწყე. ქაღალდის, როგორც მასალის, შესახებ ადრეც ვიცოდი და ამ პერიოდში გადავწყვიტე, რომ ჩემთვის გამეკეთებინა რამდენიმე ნივთი. ქაღალდის გადამუშავების სხვადასხვა ტექნიკა არსებობს და მე ავარჩიე მათ შორის სახლის პირობებში ყველაზე მოსახერხებელი. შემდეგ ისე გამიტაცა ამ საქმემ და ამ მასალამ თვითონ, რომ დავაარსე ბრენდი „აზურიტი“ და დღეს უკვე არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი გადამუშავებული ქაღალდისგან შექმნილი ნივთები.  

მასალა არის ძალიან მსუბუქი, თუმცა მყარი. რაც მთავარია, არ არის მსხვრევადი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქაღალდია და შესაბამისად, არ არის წყალგამძლე.  რაც შეეხება თვითონ ნამუშევრებს,  ნახევრად დეკორატიული ნივთებია, შეიძლება ითქვას, თუმცა ვქმნი ფუნქციურ, გამოყენებად ნივთებსაც. 

გვაქვს ასევე ავეჯის ნაწილიც. მაგალითად, „სტუდიო +-“-სთან ერთად გავაკეთეთ სანათისა და სკამის წყვილი. სანათს ჰქვია ფლამინგო, ხოლო სკამს – ბალახის სკამი. ორივე ნივთი ფუნქციურია და ჩვეულებრივად გამოიყენება ინტერიერში.

ასევე ვაკეთებ სარკეებსაც, რომელთა ჩარჩოებიც არის სწორედ  გადამუშავებული ქაღალდისგან შექმნილი. დამზადებული მაქვს ამავე მასალის მაგიდაც. რაც შეეხება, პატარა ზომის ნივთებს, ისინი უფრო დეკორატიულ ფუნქციას ატარებენ. 

ქაღალდის გადამუშავებისა და შემდეგ უკვე მისი ნივთებად ქცევის პროცესი რამდენიმე დღიანი და რამდენიმე ეტაპიანია. პირველ რიგში, მომაქვს ქაღალდის ნარჩენები, მაკულატურა და  ვიწყებ მის გადამუშავებას. 

ჯერ ეს ქაღალდი უნდა დარბილდეს წყლით. შემდეგ ხდება მისი დაქუცმაცება. მერე ისევ გარკვეულ კონდიციამდე  გაშრობა. ამის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რა შედეგის მიღება მინდა, ვურევ შესაბამის ფერს და მასალას წებოვნებისთვის. საბოლოოდ ვიღებ პლასტილინის მსგავს მასას, რომლითაც უკვე  ვქმნი ნივთებს.

ზოგ შემთხვევაში ვიყენებ ყალიბებს, რომლებსაც ასევე ჩემით ვამზადებ. სხვათა შორის, პროფესიით რესტავრატორი ვარ და ტექნიკური თვალსაზრისით ეს პროფესია ძალიან მეხმარება. ხშირად შთაგონების წყაროც ხდება, რადგან ყოველდღიურად მიწევს სიძველეებთან შეხება. მიუხედავად იმისა, რომ ასლებს არასდროს ვაკეთებ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ნამუშევრებში გარკვეულ კვალს მაინც ტოვებს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.“

 

         


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.