fbpx

Vanta Black – ყოვლისმომცველი შავი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მარიამ ბერძენიშვილი

 

დღეს Blow up-ში Vanta Black-ზე  – ე.წ. ყოვლისმომცველ შავზე მოგიყვებით.

შავი  ერთ-ერთი ფერია, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ  სამყაროში, მაგრამ ვანტა ბლექი მხოლოდ შავი ფერი არ არის, ეს ყველაზე შავია,  რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. მას მთლიანად ფერსაც ვერ ვუწოდებთ, იგი უფრო მატერიაა, რომლითაც საგნის დაფარვაა შესაძლებელი. მისი  ინტენსიურობა 99.965%-ია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიშავე შუქს მთლიანად ისრუტავს და არ ირეკლავს მას.

ეს ეფექტი კარბონ ნანო ტუბის საშუალებით არის მიღწეული, რომლის მიკრომილები განათებას ყლაპავს და არ აძლევს რეფლექსიის საშუალებას. მისი მიღება 400°C-ის პირობებშია შესაძლებელი. 

ხშირად ვანტა ბლექს შავ ხვრელსაც ადარებენ. თუკი თქვენ ორ ობიექტს, რომლებიც ვანტა ბლექით არის შეღებილი, ერთმანეთზე მოათავსებთ, ერთ-ერთი მათგანი სრულიად გაქრება. ამის მიზეზი კი ადამიანის თვალის სტრუქტურაა, რომლისთვისაც შეუძლებელია ასეთ სიბნელეში ფორმის, განზომილებისა თუ სტრუქტურის აღქმა. 

ვანტა ბლექი გინესის რეკორდსმენია, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე ბნელი რამ. 

ვანტა ბლექზე მონოპოლიას არტისტი ანიშ კაპური ფლობს.  ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მას აქვს ოფიციალური ლიცენზია ყველაზე შავი ფერით შექმნას ნამუშევრები. უცნაურია, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი ფერს ფლობდეს?! ყველას გვახსოვს კლაინის ლურჯი ფერი, რომელიც კონკრეტულ არტისტთან ასოცირდება, მაგრამ  საქმე ისაა, რომ ანიშ კაპური ლეგალურად ფლობს იმ ფორმულას, რითაც ფერი მიიღება. 

რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ კაპური გახდა შავის „მფლობელი“ – მან კარგად დაინახა ვანტა ბლექის გამოყენების შემოქმედებითი პოტენციალი. მისი კონცეპტუალური ხელოვნება კი ზუსტად ეხმიანება ვანტა ბლექის არსს და არტისტს საკუთარი იდეისა თუ კონცეფციის გაცოცხლებაში ეხმარება.

მისი ნამუშევრები თითქოს სხვა სამყაროში გასასვლელი პორტალებია –  ხან ანარეკლებით თამაშით, ხანაც სიშავის დაუჯერებელი ეფექტით მიღწეული სიღრმე. ეს ასპექტები მნახველს აფიქრებს არსებობის აბსურდულობაზე, პარალელურ რეალობებში ამოგზაურებს და  დროის და სივრცის აღქმას უცვლის.  

როგორც კაპური ამბობს, ამ პიგმენტის გამოყენება  არამხოლოდ   ემოციური გავლენის გამო, არამედ სივრცითი ეფექტისთვის უნდოდა,  მის ინტერესს სწორედ ასეთი ფორმები და მათი ინტერპრეტაცია წარმოადგენს.

თანამედროვე სამყაროში, სადაც გამოფენებზეც კი Instagram Friendly-ის ინსტალაციებს ვხედავთ, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ამა თუ იმ ნამუშევარში საკუთარი თავი დავინახოთ და Selfie გადავიღოთ, აქ  პირიქითაა –  კაპურის ნამუშევრები მნახველს სრულიად შთანთქავს და უბიძგებს არა სხვებისთვის, არამედ მხოლოდ საკუთარი თავისთვის განაგრძოს ცხოვრება, უტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ მარტო დარჩეს საკუთარ თავთან, ფიქრებთან და იმ აბსოლუტურ სიშავესთან, რომელიც ყველა ჩვენგანშია.

ეს კი ვანტა ბლექის კოლაბორაციაა BMW-სთან, როგორც ხედავთ, მანქანის მთელი კარკასი შავადაა შეღებილი, თუ ფარებს არ ჩართავთ, მისი გარჩევა სიბნელეში შეუძლებელი იქნება. 

ბოლოს კი თემატურად The Rolling Stones-ის იკონურ სიმღერას გიზიარებთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.