fbpx

ფეხბურთი – ახალი ეპოქის დასაწყისი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები კლუბს იცვლიან, ხშირად ეს მათი კარიერის დასასრულს მოასწავებს ხოლმე, მაგრამ რა შეიძლება ითქვას ლიონელ მესისთან დაკავშირებით, რომლის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა უდავოდ 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ტრანსფერია?

34 წლის არგენტინელ ვარსკვლავს, რომელმაც ბოლოდროინდელი საკლუბო ფიასკოების ფონზე, ერთი თვის წინათ თავისი პირველი სანაკრებო ტიტული მოიგო, ფრანგულ კლუბში სავარაუდოდ ხელახალი გაბრწყინება ელის, ხოლო მისი სპორტული კარიერის შესახებ კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უახლოეს მომავალში ჰოლივუდურ სტილში გადაღებული ფილმიც ვიხილოთ.

უბრალოდ საკითხავია, მესი იმ დროს კვლავ ფეხბურთელი იქნება თუ არა. სცენარის წინასწარი მონახაზი კი ზოგიერთ რეჟისორს შეიძლება უკვე მოფიქრებულიც ჰქონდეს…

ფილმი ალბათ ძირითადად „ბარსელონას“ პერიოდს დაეთმობა, სადაც ფეხბურთელმა 18 წელიწადი გაატარა. 

აი პარიზული ქრონიკების შესახებ კი ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით, რადგან ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად „ყველაფერს მოიგებს“ მიმდინარე სეზონში მაურიციო პოჩეტინოს გუნდი, რომელმაც მართალია, მესის გარეშე, მაგრამ პირველი ტიტული – საფრანგეთის სუპერთასი, ამ ცოტა ხნის წინათ „ლილთან“ უკვე დათმო.

მესის გრანდიოზული პრეზენტაცია მოუწყვეს ეიფელის კოშკზე. ფეხბურთელი კი პრესკონფერენციაზე კომპლიმენტებს არ იშურებდა ახალი თანაკლუბელების მიმართ, რომლებთან ერთადაც „პარი სენ-ჟერმენში“ წლეულს ახალი ეპოქის შექმნას აპირებს.

უპირველესი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, რადგან მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონობა და თასი, ნამდვილად უფერულად გამოჩნდება ასეთი პრეტენზიების მქონე კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ფიასკოს შემთხვევაში.

შემადგენლობა „პარი სენ-ჟერმენს“ ისეთი ეყოლება, ნებისმიერი სუპერკლუბი რომ ინატრებდა. იმის თქმაც საკმარისია, რომ შეტევაში მესის მხარს ნეიმარი, დი მარია და მბაპე დაუმშვენებენ.  

დრონი მეფობენო, სწორედ ფრანგულ კლუბზეა ნათქვამი, რადგან თუკი ამ რამდენიმე წლის წინ რეალობასთან უფრო ახლოს ჩანდა ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნება, ვიდრე მესის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა, როგორც ვხედავთ, ყველაფერი პირიქით მოხდა, რადგან ფინანსები თანამედროვე ფეხბურთში უმთავრესია. 

მესის „პარი სენ-ჟერმენში“ მოხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ვაინალდუმმაც ხომ „ბარსელონაში“ წასვლას ფრანგულ გრანდში ასპარეზობა ამჯობინა, სადაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან.  

მესი „ბარსელონას“ მსგავსად, „პარი სენ-ჟერმენშიც“ თავდაპირველად 30 ნომერ მაისურს მოირგებს და წელიწადში 35 მილიონ ევროს ოდენობის ანაზღაურებას მიიღებს.

„პარი სენ-ჟერმენისთვის“ მესის გადაბირება ამ კლუბის ისტორიაში ალბათ უდიდესი მოვლენაა და ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ არგენტინელის ტრანსფერის ფონზე თითქოს ჩრდილში მოექცა გუნდში სერხიო რამოსის, ჰაკიმის, დონარუმას თუ ზემოთ ხსენებული ვაინალდუმის გადასვლა. 

მესი პარიზულ კლუბს საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად შემატებს გულშემატკივართა რაოდენობას. ხოლო „ბარსელონასთან“ ფინანსურ პაექრობაში მოპოვებული გამარჯვება, სამომავლოდ შეიძლება საფრანგეთის პირველი დივიზიონის დომინირებასაც მოასწავებდეს ესპანეთის ლა ლიგასა თუ ევროპის რომელიმე სხვა ტოპ-ჩემპიონატთან მიმართებაში. 

პირველი შედეგი უკვე სახეზეა. პრეზენტაციიდან სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში პარიზული კლუბის გულშემატკივრებმა არგენტინელის 300 000-მდე ოცდაათნომრიანი მაისური შეიძინეს. 

რეკლამას, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამ კუთხით საზაფხულო ფანჯრის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსფერო სახე ჯეკ გრილიშია, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილასგან“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა.

რა როლი მიენიჭება ბრიტანელ შემტევ მარცხენა ნახევარმცველს ფეხბურთელთა იმ თანავარსკვლავედში, სადაც მან არა ლიდერის, არამედ ერთ-ერთი რიგითი შემსრულებლის ფუნქცია უნდა იტვირთოს?

გავიხსენოთ, რომ გრილიშს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა თერთმეტმეტრიანის შესრულებაც კი არ ანდო, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მიერ ფეხბურთელის აშკარა „გამეორეხარისხოვნებაზე“.

ნუთუ ირლანდიურმა წარმომავლობამ და ბექჰემის მსგავსმა ვარცხნილობამ იქონია გადამწყვეტი როლი „ასტონ ვილას“ ლიდერის ასტრონომიულ ფასად შეძენაში? 

როგორც  უნდა იყოს, ფაქტია, რომ მესისგან განსხვავებით, გრილიშს თავისი ახალი კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ვერ ექნება და ეს ინგლისის სუპერთასის მატჩმაც ცხადყო, სადაც ფეხბურთელი შეხვედრის მიწურულს გამოჩნდა მოედანზე და მხოლოდ ერთი მწვავე გადაცემის შესრულება მოასწრო.

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის სუპერთასი „ლესტერთან“ მატჩში დათმო და თანაც ისე, რომ პეპ გვარდიოლას გუნდის კარში ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ყოფილმა მანჩესტერელმა – ნიგერიელმა ლეგიონერმა იჰეანაჩომ გაიტანა. 

პრემიერლიგის გამარჯვებულისთვის აშკარად არასასიამოვნო უნდა იყოს „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეორე ფინალის და თანაც ანალოგიური ანგარიშით – 0:1 წაგება.

ამგვარად, პეპ გვარდიოლას, როგორც ჩანს, თავად მოუწევს ფსიქოლოგთან სეანსებზე სიარული, სანამ თავის ფეხბურთელებს გამარჯვებულის სინდრომს დაუბრუნებდეს.

საკუთარი ძალის რწმენა რომ უმნიშვნელოვანესია, სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტის“ მაწყინარი „ჩელსის“ ფეხბურთელთა ქცევამ დაგვანახვა „ვილიარეალთან“ სუპერთასის შეხვედრის თერთმეტმეტრიანების სერიაში მოგების შემდეგ.

უცნაური რამაა ევროპის სუპერთასი. ფორმალურად იგი სეზონის დამაგვირგვინებელი მატჩის სტატუსის მატარებელია, მაგრამ ჩატარების თარიღიდან გამომდინარე, თითქოს ერთგვარი თილისმაა ახალი სეზონის დაწყების წინ და გუნდისთვის მისი მოგება იმითაა მნიშვნელოვანი, რომ წარმატებული სტარტით „კარგად დასცადოს“ ახალი სეზონი.  

აი რატომ ხარობდნენ უზომოდ „ჩელსის“ ფეხბურთელები და მათი მწვრთნელი თომას ტუხელი გამარჯვებას იმ გუნდთან, რომელმაც გასულ სეზონში ლა ლიგის ოთხეულშიც კი ვერ შეძლო მოხვედრა. 

მატჩი საინტერესო უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გამოდგა. „ჩელსის“ ფეხბურთელები პირველ ტაიმშივე შესანიშნავად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ დაწინაურდნენ, მაგრამ საგულისხმოა, რომ „ვილიარეალმა“ მეორე ნახევარში საპასუხო გოლი კიდევ უფრო მახვილგონივრული იერიშის შედეგად გაიტანა, დაცვაში არ ჩამჯდარა და დამატებითი დროის უკანასკნელ წუთამდე ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა გაცილებით ძლიერი შემადგენლობის და მსხვილი ბიუჯეტის მქონე პრემიერლიგის სუპერკლუბს.

აი მაისში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შესრულებული თერთმეტმეტრიანების სერია კი „ვილიარეალმა“ ვეღარ გაიმეორა. მატჩის გმირად შარშანდელ სეზონში როგორც „ჩელსის“, ისე ესპანეთის ნაკრების მიერ დაწუნებული მეკარე კეპა არიზაბალაგა იქცა, რომელმაც ეტყობა, მიმდინარე სეზონში დაკარგული პოზიციების აღდგენა სერიოზულად გადაწყვიტა. 

ჩადენილი გმირობის მიუხედავად, არიზაბალაგა „ჩელსის“ ძირითად შემადგენლობაში პრემიერლიგის პირველ ტურში „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ მატჩში მაინც არ დაუყენებიათ. 

ჩვენმა თანამემამულე გიორგი მამარდაშვილმა კი ჯერ კიდევ წინასასეზონო საკონტროლო შეხვედრებში აგრძნობინა „ვალენსიას“ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს, რომ სწორედ მას ეკუთვნის ძირითადი მეკარის ადგილი გუნდში და არა ჰოლანდიის ნაკრების გოლკიპერ სილესენს.

ქართველმა მეკარემ ლა ლიგის პირველივე ტურში მშრალად შეინახა კარი ურთულეს მატჩში, რომელშიც მის გუნდს თითქმის 90 წუთის განმავლობაში 10 კაცით მოუწია თამაში. მამარდაშვილმა არაერთ ეპიზოდში იხსნა გუნდი აშკარა გოლისგან და გადამწყვეტი როლი ითამაშა „ვალენსიას“ მიერ პირველი სამი ქულის მოპოვებაში. 

  


   

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.