fbpx

მიწა და ცეცხლი – ანა მენდიეტას შემოქმედება


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია ცინცაძე

 

ანა მენდიეტას ცხოვრება და შემოქმედება ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. მოკლე, მაგრამ ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში კუბაში დაბადებულმა ხელოვანმა ანა მენდიეტამ შექმნა უნიკალური ნამუშევრები სხვადასხვა  მედიუმში, როგორიცაა: ფოტო, ვიდეო, ნახატი, ქანდაკება და ინსტალაცია. 

თუმცა, ყველანაირ მედიუმში მკვეთრად იგრძნობა ხელოვანის ხედვისა და მიდგომის იშვიათი სიძლიერე და ინტენსივობა. მენდიეტას განსაკუთრებული მიზანი ამოძრავებდა და მას პირნათლად მსახურებდა. ბევრი ხელოვანი თავიანთ შემოქმედებას სახელოვნებო ბაზრის მოთხოვნილებებს არგებს, მენდიეტა კი მედგრად იცავდა თავის ძირეულ ღირებულებებს, რადგანაც უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა – ის ქმნიდა იმას, რაც აუცილებლად უნდა შეექმნა, რაც ერთადერთი იყო, რისი გაკეთებაც შეეძლო და რისი გაკეთებაც მას ნამდვილად უნდოდა. მისი შემოქმედების ძირითადი თემები – გადასახლება და მიგრაცია მშობლიურ მიწაზე დაბრუნების დაუძლეველ სურვილს უკავშირდება, რომელიც დღემდე  აქტუალური რჩება.

ანა მენდიეტა, ჩრდილოამერიკული ხელოვნების ბოლო ათწლეულების ყველაზე გავლენიანი ხელოვანი, დაიბადა ჰავანაში 1948 წლის 18 ნოემბერს. 12 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც მამამისი კასტროს მოწინააღმდეგე რევოლუციურ ძალებს შეუერთდა, მენდიეტა დასთან ერთად შეერთებულ შტატებში გაგზავნეს. აფროკუბური რიტუალებისა და პანთეისტური სანტერიის რელიგიისადმი ინტერესების შერწყმით სხვადასხვა თანამედროვე მიმართულებებთან,  როგორიცაა – ლენდ არტი, სხეულის ხელოვნება და პერფორმანსი, მან შეძლო შეენარჩუნებინა  კუბური მემკვიდრეობა და ფესვები.

მენდიეტა ბუნებასა და ქალის სხეულს შორის არსებული კავშირის ასახვაზე მუშაობდა. ბავშვობაში მშობლიური მიწიდან გადასახლებამ მასში კიდევ უფრო გააძლიერა მშობლიურ ბუნებასა და სამყაროსთან დაბრუნების სურვილი. თავისი შემოქმედებით იგი სწორედ ამ გაწყვეტილი კავშირის აღდგენას ცდილობდა, დაბრუნებას თავის პირველწყაროსთან. 

თავდაპირველად,  1970-იან წლებში, როდესაც ანა მენდიეტამ   მუშაობა დაიწყო ბუნებაზე, როგორც მედიუმზე, დედამიწის ხელოვნება (Earth Art) ახალი და საკმაოდ ცნობილი ტერმინი იყო ამერიკულ ქანდაკებასა და ინსტალაციაში. ამ დროს ალბათ ყველაზე პოპულარული Earth Work ჟანრში შესრულებული ნამუშევარი, სახელწოდებით „Spiral Jetty”, რობერტ სმითსონს ეკუთვნოდა. ეს მასიური სკულპტურა წარმოადგენდა 457 მ სიგრძის კლდისა და მიწისგან შექმნილ ზამბარას, რომელიც საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობდა იუტას დიდ მარილიან ტბაში. ამ დროს დედამიწის ხელოვნება ხასიათდებოდა მასიური და მასკულინური ფორმებით, რომელთა შექმნაც უზარმაზარ ეგოსთან ერთად მასშტაბურ მშენებლობასაც  მოითხოვდა. მაგალითად, მაიკლ ჰაიზერის „Double Negative” და ვალტერ დე მარიას „The Lightning Field” კიდევ უფრო მეტად უსვამენ ხაზს ამ მიმდინარეობის მასკულინურ ბუნებას.  

როგორც ცნობილია, ანა მენდიეტამ თავისი ცხოვრების განმავლობაში 200-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა, რომლებშიც დედამიწა მთავარი  “კომპონენტი” იყო. „მე ვქმნი ინსტალაციებს ბუნებაში, რადგანაც არ მაქვს მშობლიური მიწა და მინდა, რომ გავერთიანდე დედამიწასთან, დავუბრუნდე ჩემს პირველად საწყისს, საშვილოსნოს“. 

დედამიწა, როგორც საშვილოსნო, ყველაზე მკაფიოდ იკვეთება „Volcanoes” სერიაში. ვულკანები თავისთავად წააგვანან საშვილოსნოს ფორმას და მიუთითებენ ნაყოფიერებაზე, ქმნადობასა და ტრანსფორმაციაზე.

ბუნებასთან ერთად მენდიეტა ხშირად იყენებდა სისხლს და შავ დენთს, რომლებიც უმნიშვნელოვანესი ელემენტებია სანტერიის რიტუალებში – ეს აფროკუბური რელიგია მას ძალიან ხიბლავდა და აინტერესებდა. მენდიეტას ღრმად სწამდა ხელოვნების მაგიური, მისტერიული პოტენციალისა. სტუდენტობისას მან უარყო ფერწერა, როგორც მედიუმი, რადგანაც ვერ შეასრულა უმთავრესი მისია, გადმოეცა ანას ნამდვილი სურვილები, ანუ ფერწერა არ აღმოჩნდა საკმარისად რეალური იმისათვის, რომ ჭეშმარიტების გადმოცემა შესძლებოდა.

1979 წელს შექმნილ სერიებში „Volcano Series no.2”, რომლებიც ამ ფოტოებში არის წარმოდგენილი, მენდიეტამ მიწისგან  ხელით შექმნა ქალის სასქესო ორგანოს ფორმის ხვრელი, ამოავსო შავი დენთით და ცეცხლი წაუკიდა. დენთის ტრანსფორმაცია – სინათლით სავსე, აქტიური, ფეთქებადი და ცოცხალი მასალის მკვდარ ნაცრად გადაქცევა მატერიის ტრანსუბსტანციის ერთგვარი გამოვლინებაა. 

1974-1978 წლებში  ანა „Siluetas” სერიაზე მუშაობდა, რომელიც 200-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს, სადაც არტისტის სხეულის სილუეტი სხვადასხვა სტიქიურ ელემენტსა და ლანდშაფტში არის გამოყვანილი მექსიკისა და ლოუას მიწებზე. 

„Siluetas” არც ავტოპორტრეტებია და ვერც პერფორმანსად შევრაცხთ. თითოეული მათგანი მალევე შთაინთქმებოდა დედამიწის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ ფოტოებშიღა შემორჩნენ. ანალოგიურად, მენდიეტას ცხოვრების თემატური სირთულე და ეს ნამუშევრები ეწინააღმდეგებიან ერის, დიასპორის, რასის ან სქესის კატეგორიებში მოქცევას.

სხეულის, როგორც გამოსახულებისა და მედიუმის, გამოყენებით იდენტობის ეს ასპექტები კომპლექსური მნიშვნელობის მატარებელია. მენდიეტას ნამუშევრები იკავებს ლიმინალურ სივრცეს ყოფნასა და არყოფნას  შორის, აბალანსებს საკუთარი თავის გარდაუვალ პოლიტიზებას  და იმავდროულად, ეძებს მნიშვნელობებს უძველეს, წმინდა ტრადიციებში. 

ანა მენდიეტასთვის მისი შემოქმედება პერსონალური ტკივილებისა თუ ტრავმების მოშუშების გამომსახველობით გზა იყო – თუკი შეიძლება მივიჩნიოთ, რომ დედამიწის მცირე ნაწილი საკუთარი ტერიტორიაა, გადასახლება დასრულებულია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.