fbpx

Plasticwatcher.ge – “საიტი, რომელსაც გადავყევი”


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ მაღულარია

 

Plasticwatcher.ge მოსახლეობისგან შეგროვებული პოლიეთილენის ნარჩენის გადამუშავების შედეგად  შექმნილი სრულიად უნიკალური ნივთების საწარმოა. ეკა ასათიანი, რომელიც იდეის ავტორი და განმახორციელებელია, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანია, ვინც მინახავს. ის ამბობს, რომ არ არის დიზაინერი, მაგრამ მისი იდეები, ხედვები, განხორციელებული პროექტი და ის ნივთები, რომელთა შექმნა  თავში მოსდის, საპირისპიროზე მეტყველებს. 

ის ამ პროექტზე 2 წელზე მეტია მუშაობს. მცირერიცხოვან გუნდს მისი ბავშვობის მეგობარი, შვილი, მეუღლე და ნივთების შემქმნელები შეადგენენ. 

“Plasticwatcher.ge უნიკალური ნივთები ჩემი ოცნებებია და ისინი ხშირად მესიზმრება და შემდეგ ჩემს გუნდთან ერთად ვქმნი, ეს ძალიან საინტერესო პროცესია.” 

და ზუსტად ასე, 1-წლიანი შრომის შედეგად, მარტივი და ინფორმაციული საიტი მზადაა – plasticwatcher.ge ნივთების დათვალიერებასა და მათი შეძენის შესაძლებლობასთან ერთად, უამრავ საინტერესო ინფორმაციას გაწვდით და რაც მთავარია, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

ძალიან მოდური, თანამედროვე, ძველის და ახლის სინთეზით შექმნილი ნივთების ავტორი გვიყვება, რომ პოლიეთილენის შეგროვების თხოვნით ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა და ძალიან მალე ბევრი თანამოაზრე და ნარჩენების შეგროვების მსურველიც გამოჩნდა. მათ მიერ შეგროვებული პლასტიკური ნარჩენებით საოცარ რამეებს ქმნის, თქვენ კი მათი დათვალიერება საიტზე შეგიძლიათ. 

“შეამცირე, შეაკავე, გადაამუშავე პოლიეთილენი და სხვა ნარჩენები მდგრადი მოდის ნივთებად” – ეს სლოგანი საიტზე შესვლისას მთავარ გვერდზე გხვდება და იქვე ყველაფერს გიყვება. როგორც ეკა ამბობს, თითქოს სერფინგის დაფაზე დგახარ და შეგიძლია ნებისმიერ ტალღაში შეცურო. საიტზე მაღაზიასთან ერთად შეხვდებით ბლოგს, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანების პოსტებით შეგეგებებათ. 

ნახავთ პრესის მიმოხილვას, plasticwatcher-ის ისტორიას და მოისმენთ მუსიკას, რომელიც შექმნილია 13 წლის მუსიკოსის, ალექსანდრე დადიანის მიერ. საიტის ვიზუალური მხარე, კორექტირება, ფოტოშოპი და ტექსტების თარგმნა ეკა ასათიანის შვილს, ანდრუშა მერაბიშვილს აბარია. 

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა ისეთ ადამიანებს მოიწვევს სტუმრად, ვინც მოწადინებულია, იბრძოლოს გარემოში ნარჩენების შესამცირებლად.  პირველი სტუმარი კოტე ყუბანეიშვილია – სახელით მენაგვის, პოეტის ენა გვის. მაღაზიის სივრცეში მას აქვს გახსნილი თავისი ადგილი, სადაც პოეტის მაისურების და წიგნების შეძენაა შესაძლებელი. სამომავლოდ ამ ველს სხვა საინტერესო ადამიანებიც შეუერთდებიან.

ეკა ასათიანმა საიტის ფინანსებისთვის ჯილდო მიიღო პროექტისგან “თიბისი ბიზნესისთვის”. საიტის დეველოპერია CONNECT.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.