fbpx

მამაკაცის მზერის პრობლემატური საკითხი ქართულ ვიზუალურ კულტურაში


გააზიარე სტატია

ავტორი: მიხეილ კილაძე

 

მამაკაცის მზერა ვიზუალურ კულტურაში მოიაზრებს მამაკაცის მიერ საპირისპირო სქესის დაკვირვებით ან შეცნობით მიღებულ სიამოვნებას და ამ დაკვირვების ობიექტის სუბიექტივიზაციას, ანუ მის დაქვემდებარებას და რეგულირებას. მზერის თეორია ბრიტანელი ფემინისტის, ფილმის მკვლევრის, ლორა მელვის (Laura Mulvey) კვლევებიდან მომდინარეობს, რომ დასავლური ვიზუალური ხელოვნების და ფილმის ფორმა, სტილი და სტრუქტურა აძლიერებდა და წარმოადგენდა სექსისტური საზოგადოების მოლოდინებს ქალის მიმართ. მეოცე საუკუნის ქართული ვიზუალური კულტურა ირეკლავდა და წარმოაჩენდა სოციალურად მიღებულ მოსაზრებებს სქესობრივ განსხვავებაზე, რაც შემდგომ მართავდა ქალის მიმართ ეროტიკულ გამოხედვას. 

ზუსტად ამ პატრიარქალური საზოგადოებიდან და ქვეცნობიერიდან იქმნება ვიზუალური ხელოვნების ფორმა, რომელშიც ქალი წარმოდგენილია როგორც მამაკაცის მიერ შექმნილი ხატი. ვიზუალური კულტურა ქალს ასევე წარმოაჩენდა, როგორც შესაძლო კასტრაციის საფრთხის და შიშის წყაროს მამაკაცისთვის. დეკოლონიზაციის პირობებში კი ჩნდება ახალი სახის მზერის მაგალითები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ პოზიციას, რომ მზერა მხოლოდ მამაკაცს ეკუთვნის.

გიორგი დანელია, არ იდარდო!, 1969

გიორგი დანელიას ფილმში “არ იდარდო!”  ბენჯამინ ღლონტი (ვახტანგ კიკაბიძე) შედის გამოქვაბულში, სადაც ვხედავთ თივაზე წამოწოლილ ქალს, რომელიც იხედება საზღვაო დურბინდში. ბენჯამინი ართმევს ქალს დურბინდს, გადის გარეთ, იხედება მასში და კადრი გადადის ბენჯამინის ხედვაზე, რა დროსაც ის აკვირდება პრინცი ვახვარის სასახლეს.  

აქ ერთი მომენტი არის მნიშვნელოვანი, რომ მაყურებლისთვის ჩანს, როგორ იხედება ქალი დურბინდში და როგორ სიამოვნებს თვალიერება, მაგრამ ჩვენთვის უხილავია, თუ რას უყურებს ქალი. სამაგიეროდ, ვხედავთ კადრს ბენჯამინის თვალით და ფილმით შექმნილი რეალობა მთლიანად გრძელდება მამაკაცის გადმოსახედიდან.  

ელდარ შენგელაია, არაჩვეულებრივი გამოფენა, 1968

მსგავსი მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“. რეჟისორი ფილმის ერთ-ერთ სცენაში პიპინია ერისთავის (ვასილ ჩხაიძის)  ბინოკლიდან გვაჩვენებს მამაკაცის მიერ დანახულ რეალობას. რამდენიმე კადრში აგული (გურამ ლორთქიფანიძე) ძერწავს პიპინიასა და გლაფირას (ვალენტინა ტელეჩკინას) ქანდაკებას,  მაგრამ მაყურებლისთვის მხოლოდ ქალი ჩანს ბინოკლით ხელში და ვერ ვხედავთ გლაფირას რეალობას. 

შალვა ქიქოძე, სამი ხელოვანი 1920

რაც შეეხება მხატვრობას, შალვა ქიქოძის „სამ ხელოვანში“ პარიზული პერიოდის ამსახველი კადრებია წარმოდგენილი, სადაც ქალების, ამ შემთხვევაში მუზების, დანიშნულება მხოლოდ ვიზუალური სიამოვნების კონტექსტშია გააზრებული და თუ დავაკვირდებით, მხოლოდ მამაკაცებს აქვს მზერა მიმართული დამთვალიერებლისკენ. ცნობილია, რომ პირველი მამაკაცი, რომელიც გვიყურებს, თვითონ შალვა ქიქოძეა, უკან ლადო გუდიაშვილი და მარცხნივ დავით კაკაბაძე. 

აქვეა წამოწოლილი ქალი, რომელიც მზერით ითხოვს კაცის ყურადღებას, თუმცა ამაოდ, კაცისთვის ის უინტერესო და უმნიშვნელოა. აქ ძალაუფლების დისბალანსია წარმოდგენილი. მხოლოდ მამაკაცს „უჭირავს“ მზერა და ახდენს ქალის უარყოფას ან შევიწროებას, რაც დამახასიათებელია პატრიარქალური ცნობიერებისთვის. შალვა ქიქოძის უემოციო, გაშეშებულ სახეში იქმნება მამაკაცი ხელოვანის, როგორც გენიოსის ხატი,  რომელიც საზოგადოებას უკარნახებს პატრიარქალურ ხედვებს.  

დღეს, როდესაც საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რომ ვიმყოფებით პოსტკოლონიზაციის მდგომარეობაში, მხოლოდ ახლა იწყება გარკვეული პრობლემატური რწმენა-წარმოდგენების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მათ შორის არის მამაკაცის მზერის საკითხიც. Როდესაც ქართული ცნობიერებისთვის დამახასიათებელ მამაკაცის მზერაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პრობლემაზე ვერ ვისაუბრებთ მხოლოდ დასავლური მეთოდოლოგიებით და დასავლური მაგალითებით, რადგან აქ ქალის სექსუალიზაციის თუ ობიექტივიზაციაზე მეტად დგას მისი სტერილიზაცია, მისი დედის კულტში გადაყვანა. 

ეს კაცის მიერ ქალის კასტრაციის მცდელობაა დიდი მოწიწებით და შიშით შენიღბული. სხვანაირად რომ ვთქვათ, კულტურულად მამაკაცისთვის თანამდევი პრობლემა  დედის კულტია, სადაც მამაკაცის და ქალის დამოკიდებულება უფრო გართულებულია ამ სიწმინდის და დედის კულტის მიმართ, რაც ფესვგადგმულია ქართულ ცნობიერებაში. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი ქმნის ერთგვარ სტერეოტიპს ქალის შესახებ და ეს აზრი გადაიცემა ვიზუალური კულტურით, როცა ხელოვნების დარგში, გალერეებსა და მუზეუმებში ძირითადად ქალები მუშაობენ მმართველ პოზიციებზე.

კოლონიზაციებმა არა მხოლოდ რეალობის აღქმა წაგვიშალა, არამედ ქვეცნობიერი, ჩვენი რეალური „მეს“ ცოდნა გააქრო, როგორც ამას მადინა ტლოსტანოვა წერს. რომ გავიგოთ რა არის ეს მექანიზებული საფუძვლები, რას ემყარება ეს ცოდნა და შევძლოთ ამ ცოდნის ახლით ჩანაცვლება, აუცილებელია ალტერნატიული ხედვების გამოჩენა, რასაც ეხმიანება საპირისპირო მზერის მაგალითები მურთაზ შველიძის „თვალთვალში“, რომელიც დედიკას გალერეაში გამოიფინა 2019 წელს. 

მურთაზ შველიძე, თვალთვალი, 2019

„თვალთვალი“ უბრალოდ ბინოკლების გამოფენა არ არის, როგორც ეს ზემოთ მოყვანილ მაგალითებში ჩანს და მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვერ ხედავს მაყურებელს და მაყურებელი ხედავს მას, მზერა მაინც მაყურებლისკენაა მომართული და ეს არის ქალის მზერა. თუ ზემოთ  რეჟისორი კაცი არ გვახედებს ქალის რეალობაში, ახდენს მაყურებლის იგნორირებას და უბრალოდ წარმოადგენს ქალს, რომელსაც ხელში უჭირავს ბინოკლი, აქ  მხატვარი კაცი გვაჩვენებს იმას, რის ნახვაც სურს ქალს, მას წარმოაჩენს, როგორც ქალს და შემოაქვს ქალის, როგორც მზერის მფლობელის პრეცედენტი. შეიძლება ის ვერ გვხედავს და მამაკაცის ჩარჩოშია მოქცეული, ქალი ამ ჩარჩოდან გახედვას მაინც ცდილობს. 

მურთაზ შველიძე, თვალთვალი, 2019

ამ ნახატთან შედარებით, რომელიც იმავე  გამოფენაშია წარმოდგენილი, დამთვალიერებელი ხედავს, რისი დანახვა სურს ამ ბიჭს, ანუ მაღალი შენობები, იერარქია, ძალაუფლება და ა. შ. თუმცა მას დამთვალიერებლისკენ არ აქვს მზერა, ვერ ხედავს მაყურებლებს. მაყურებელი კი,  პირიქით, ხედავს მას და იმასაც ამჩნევს, რომ ბიჭი მარჯვნივ კი არ იხედება, სადაც სიცარიელეა, არამედ მისი მზერა ძალაუფლებისკენაა  მიპყრობილი. თუ ის აქამდე სუბიექტი იყო და თვალიერებით იღებდა ცოდნას, ახლა ის ხდება თავად ობიექტი, ხოლო დამთვალიერებელი – სუბიექტი.  

ისევე როგორც პატრიარქალური ცნობიერების ერთგვაროვნება დგება ეჭვის ქვეშ, ასევე სხვადასხვა სიძლიერით, აქტიურად ჩნდება საპირისპირო მზერის მაგალითები თუ პრეცედენტები, რაც ზემოთ ვახსენეთ. სრული დეკოლონიზაციისათვის, ანუ თავისუფალი ცნობიერების და თავისუფალი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია იმ ძველი ფორმების გაანალიზება და იმის დანახვა, რამდენადაა მნიშვნელოვანი მათი ახალი ფორმებით ჩანაცვლება. პატრიარქალური და კოლონიალური ცნობიერება ერთი ცნობიერებაა და საჭიროა იმ ცოდნის კრიტიკა, რაც აქამდე უპირობოდ გვაქვს მიღებული.

 

სტატია მომზადებულია „კუნტსჰალე თბილისის“ პროექტის ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

 

ლიტერატურა: 

Mulvey, L., Rose, R., & Lewis, M. ‘Visual pleasure and narrative cinema’ 1975. 

Tlostanova, M.V., & Mignolo, W.D. (2012). Learning to Unlearn: Decolonial Reflections from Eurasia  and the Americas. Columbus: The Ohio State University Press.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.