fbpx

საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე ტურისტული მარშუტების გათვალისწინებით, ვიდეო რგოლები იქმნება


გააზიარე სტატია

საქართველოში ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის/კუთხის უნიკალურ ლოკაციებზე და ადგილობრივ გასტრონომიაზე ვიდეო რგოლების გადაღება დაიწყო, რომელშიც სხვადასხვა დარგის წარმატებული ადამიანებიც ერთვებიან და პირად ისტორიებს იხსენებენ, გვიზიარებენ შთაბეჭდილებებს და გვირჩევენ რომელი ტურისტული მარშუტები და ისტორიული ადგილმდებარეობები მოვინახულოთ ამა თუ იმ რეგიონში მოგზაურობისას. 

ამ დროისთვის დასრულებულია ორი რეგიონის ვიდეოზე მუშაობა. მწერალი, ფოტოგრაფი, მოგზაური არჩილ ქიქოძე სამცხე – ჯავახეთის საუკუნოვან ისტორიაზე გვიამბობს, რომელიც გამორჩეულია უნიკალური ტბებით, წყლის ფაუნით მდიდარი ლანდშაფტით, ვულკანური წარმონაქმნებითა და მრავალი ნაგებობით. „ჩემთვის სამცხე ქართული კულტურის და სახელმწიფოებრიობის აკვანია“ – აღნიშნავს არჩილი. იგი მოგზაურობს და გვიამბობს ბევრისთვის უცნობ ისტორიულ დეტალებს ისეთ ციხეებზე და ნაგებობებზე, რომლებიც მე-8-ე საუკუნიდან ითვლის არსებობის პერიოდს. მაგალითად, საროსის მე-8-ე საუკუნის ეკლესია, რომელსაც „მე სოფელ მუზეუმს ვეძახი“ – ამბობს არჩილი. ვიდეოში იხილავთ ულამაზეს კადრებს, მოისმენთ საინტერესო ისტორიებს მწერლისგან ფარავნის ტბაზე, თმოგვის, ხერთვისის, აბულისა და რაბათის ციხეებზე, სიმწვანეში ჩაფლულ საფარას მონასტერზე, ვანის ქვავებზე, ბორჯომისა და ვარძიის უნიკალურ ადგილებზე და, რა თქმა უნდა, ვიდეოში არჩილ ქიქოძე მესხეთის კულინარიულ მრავალფეროვნებაზეც გვიამბობს. 

ტურისტულ ობიექტივში შემდეგი რეგიონი სამეგრელოა, მოგზაურობს ია ძაგანია, კულინარიული გადაცემა „მასტერშეფის“ გამარჯვებული. ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისას ის ამბობს, რომ “მეგრული სამზარეულო ამ მხარის სავიზიტო ბარათია მრავალფეროვანი გემოებითა და არომატებით“. მისი მოგზაურობის მოგონებებში ნახავთ და მოისმენთ ისტორიებს მარტვილის კანიონზე და მონასტერზე, ოცინდალის ეკლესიაზე, მე-7-ე საუკუნის ნოქალაქევის უმშვენიერეს მიდამოზე, რომელიც არგონავტების ისტორიასთან არის კავშირში.  ტურის ფარგლებში ია, რა თქმა უნდა, სტუმრობს დადიანების სასახლეს, ეცნობა ადგილობრივ საოჯახო საქმიანობას და კულტურას. მოგზაურობას ავტორი კოლხეთში, პალიასტობის ტბაზე გასეირნებით ასრულებს. სანახავი სამეგრელოში კიდევ ძალიან ბევრია, რისი ჩვენებაც ამ ვიდეოში ვერ მოხერხდა და იაც ამბობს რომ „მოგზაურობა არასოდეს იქნება საკმარისი“. 

პირველ ეტაპზე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, საქართველოს 4 რეგიონზე შეიქმნება ვიდეო რგოლები დეტალური ტურისტული მარშრუტების გათვალისწინებით. ეს რეგიონებია: სამცხე – ჯავახეთი, სამეგრელო, შიდა ქართლი და სვანეთი. აღნიშნული რეგიონების ტურისტული მარშრუტების გეგმა USAID – ის პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო კომპანია „Greenteam Global“-ის ექსპერტებმა ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაციისთვის შეიმუშავეს  და მათი ვიდეო ფორმით გარდაქმნა, ცალსახად დაეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო ტურ ოპერატორებს უკეთ წარმოაჩინონ და მეტი ტურისტი დააინტერესონ აღნიშნულ მხარეებში მოგზაურობით. 

„ტურიზმის სექტორი პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა. არსებულმა ვითარებამ, დაგვანახა თუ რამდენად მნიშნველოვანია ამ სექტორის მხარდაჭერა და განვითარება.  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით შექმნილი ვიდეო რგოლების სერია, ხელს შეუწყობს არამხოლოდ საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს რეგიონების გაცნობას, არამედ ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებას და პოპულარიზაციას.“ –  მარკ მაკკორდი, USAID – ის ეკონომიკირი უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი

ვიდეო სერიებზე იმუშავა Magnet Film – მა 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.