fbpx

თბილისის 5 კაფე ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ჯანსაღი კვება და მისი ცხოვრების წესად ქცევა, სინამდვილეში, დიდ ნებისყოფასთან, დროსა და ენერგიასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით რთულდება საქმე, თუ დროის ნაკლებობისა და  გრაფიკის გამო კვება გარეთ გვიწევს. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია ისეთ საკვებ ობიექტებს ვესტუმროთ, რომლებიც თავიანთი კონცეფციით  ჯანსაღი კვების იდეას იზიარებენ. გთავაზობთ თბილისის რამდენიმე კაფეს და რესტორანს, რომელთა მენიუ ჯანსაღი კვების ფილოსოფიაზეა ორიენტირებული. 

 

სკა ჯუს ბარი

Ska Juice Bar  2019 წელს გაიხსნა და დღეს უკვე ხუთი ფილიალით არის წარმოდგენილი თბილისში. მენიუ უამრავი სახეობის  ნატურალურ წვენს აერთიანებს და თითოეულ მათგანში მხოლოდ ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ჯანსაღ ინგრედიენტებს აღმოაჩენთ. გარდა წვენებისა, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სალათები და სხვადასხვა დაბალკალორიული ხემსი. რაც ყველაზე კომფორტულია, შეკვეთისას კერძზე/სასმელზე ზუსტ ინფორმაციას იღებთ –  რა ინგრედიენტებს,  რამდენ კალორიას შეიცავს და კონკრეტულად რა გემოვნური, თუ თვისებრივი მახასიათებლებით გამოირჩევა. Ska Juice Bar-ის ფილიალებს თბილისის სხვადასხვა უბანში შემდეგ მისამართზე შეგიძლიათ ესტუმროთ: თაქთაქიშვილის   7, ყაზბეგის გამზირის 15, ფალიაშვილის 13, სავაჭრო ცენტრი “სითი მოლი” და მარჯანიშვილის 8. 

 

ჯეკუნა

თუ ფიქრობთ, რომ დაბალკალორიული და ვეგეტარიანული ხინკლის, ჩაქაფულის ან სტეიკის დაგემოვნება შეუძლებელია, მაშინ ლეო ქიაჩელის 12 ნომერში გახსნილ კაფეს უნდა ესტუმროთ – აქ საპირისპიროში აუცილებლად დაგარწმუნებენ.  “ჯეკუნა” ვეგეტარიანული და ვეგანური ახალი კაფეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თითქმის ნებისმიერი კერძის საინტერესო და, ზოგ შემთხვევაში, წარმოუდგენელი ვარიაცია მიირთვათ. ამის საშუალებას კი მენიუს მთავარი ინგრედიენტი, ჯეკფრუტის (Jackfruit) სახელით ცნობილი ეგზოტიკური ხილი იძლევა. ხილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად იყენებენ კერძებში  ხორცის მაგივრად,  თბილისში კი ბევრმა გურმანმა ეს გასტრონომიული საიდუმლო  სწორედ “ჯეკუნაში” სტუმრობის შემდეგ აღმოაჩინა. 

 

სუპკულტურა თბილისი 

“სუპკულტურა თბილისი” არის ბრენდი, რომელმაც ჯანსაღი  და ქუჩის კვება გააერთიანა და მომხმარებელს წვნიანების მენიუ საინტერესო ფორმით შესთავაზა. Soupculture-ის ობიექტები რამდენიმე  ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშია წარმოდგენილი, მათ შორისაა უკრაინა, ჩეხეთი, პოლონეთი და ასე შემდეგ. “სუპკულტურა თბილისის” მენიუ აერთიანებს სხვადასხვა ინგრედიენტით დამზადებულ წვნიანებს. ქუჩის საკვებისა და წვნიანის თანხვედრა ბევრისათვის შესაძლოა დამაბნეველი კომბინაცია იყოს – თუმცა ამ შემთხვევაში ყველანაირ პრობლემას აგვარებს ორიგინალური და ძალიან მოხერხებული სერვირება. მენიუ რამდენიმე მახასიათებლით გამოირჩევა და სწორედ ეს დეტალები ქმნის ბრენდის კონცეფციას. წვნიანები მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით – სეზონური ბოსტნეულით, ადგილობრივი პროდუქტებითა და სუნელებით მზადდება. კერძებში არ არის ხორცი, კვერცხი, ასევე გემოსა თუ არომატის გამაძლიერებელი დანამატები. რაც შეეხება უკვე ნახსენებ სერვირებას, წვნიანი მოთავსებულია პურის ჭიქაში, რომელიც საკმაოდ ეკომეგობრული გადაწყვეტილებაა. ამასთან, სურვილის შემთხვევაში მისი მირთმევაც შესაძლებელია. “სუპკულტურა თბილისის” კვების ობიექტს გრიბოედოვის 26 ნომერში შეხვდებით. 

 

Food Good

ეს  კიდევ ერთი კაფეა, რომელიც ადასტურებს, რომ ე.წ. დიეტური საკვები შესაძლოა ჯანსაღი და ძალიან  გემრიელი იყოს. Food Good 2021 წლის მეორე ნახევარში წინასწარ განსაზღვრული კონცეფციით გაიხსნა. მენიუში ადგილობრივი და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ სმუზებს, სალათებს და სხვადასხვა დაბალკალორიულ კერძსა თუ დესერტს აღმოაჩენთ – ეს არის საკვები, რომელსაც უამრავი განსხვავებული გემოს და ვიტამინების გაერთიანება შეუძლია. Food Good მრგვალ ბაღთან, რაფიელ ერისთავის 16 ნომერში მდებარეობს.

 

თბილი სიო 

“თბილი სიო” თბილისის ვეგეტარიანული კაფეა, რომელიც გემრიელი, ჯანსაღი და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა. სახლური რეცეპტით დამზადებული ლიმონათები,  სასარგებლო ინგრედიენტებით მდიდარი  სალათები, გემრიელი ხემსი,   საკონდიტრო ნაწარმის მსუბუქი და დაბალკალორიული ვარიაციები – “თბილი სიო” ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული გურმანებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. რესტორანი პეტრიაშვილის 1-ლ ნომერში, ღვინის ქარხნის მულტიფუნქციური სივრცის ულამაზეს გარემოშია განთავსებული. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.