fbpx

ნაკრებები ბრუნდებიან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ელიან ფეხბურთის მოყვარულები. 

ასეა ახლაც, როდესაც სხვა გუნდებთან ერთად საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება დიდ საფეხბურთო ფორუმში, ოღონდ, სამწუხაროდ, სამი ტურის შემდეგ მოპოვებული ერთადერთი ქულით, რაც გულშემატკივართა უკმაყოფილებას იწვევს.

მაინც რას უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრებისგან სექტემბრის ორ ოფიციალურ და ერთ ამხანაგურ მატჩში? ალბათ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ოპტიმალურ შედეგს განაპირობებს, რადგან უკან დასახევი გზა, უბრალოდ, აღარ არსებობს. 

საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური შეხვედრა მეტ-ნაკლებად სოლიდურ გუნდთან – შოტლანდიასთან, უკანასკნელად 2015 წელს მოიგო. 

მას შემდეგ კი გულშემატკივრები ჩვენი გუნდისგან ცალკეული ეფექტური ეპიზოდებისგან შემდგარ მატჩებს ნახულობენ, მაგრამ ეს შედეგისთვის საკმარისი რომ არ არის, სწორედ იმ სატურნირო ცხრილიდან ჩანს, რომელშიც საქართველოს ნაკრები სამი ტურის შემდეგ, ერთი ქულით, ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

ბოლო კი სწორედ რომ ჩვენი ამჟამინდელი მეტოქე – კოსოვოს ნაკრებია, რომელიც ყველანაირად ეცდება მომავალ შეხვედრაში, სულ მცირე, ერთი ქულის მოპოვებას. ამიტომ ეს მატჩი ჩვენებისთვის გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გვეჩვენოს. 

კოსოვომ საფეხბურთო სივრცეში გამოჩენისთანავე მიიპყრო სპეციალისტთა ყურადღება, როდესაც ინგლისის ნაკრებს გასვლაზე სამი გოლი გაუტანა, 8-დან სამი მატჩი (მათ შორის – ჩეხეთის ნაკრებთან) მოიგო და საქართველოს ნაკრების მსგავსად, თავის პირველ შესარჩევ ციკლშივე, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

ჩვენგან განსხვავებით, კოსოვომ ერთა ლიგაზე ვერ ივარგა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტოქე დასუსტდა და ამჟამად D კატეგორიასთანაა დაახლოებული. მომავალი პაექრობა ფაქტობრივად  ექვსი ქულის ტოლფასი იქნება, რადგან დამარცხებული გუნდი საკმაო ალბათობით ცხრილში ბოლო ადგილისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. 

შეხვედრა 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე, არსებული კოვიდვითარების გათვალისწინებით, მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მაგრამ ეს შეიძლება ჩვენთვის უკეთესიც იყოს, რადგან ფეხბურთელები უფრო თავისუფლად იგრძნობენ თავს, მწვრთნელის მოწოდებებს უკეთ გაიგონებენ და ცალკეულ სათამაშო ეპიზოდებში დაბნეულობას ნაკლებად გამოავლენენ. 

შედეგს კი სწორედ ასეთ ეპიზოდებში მაქსიმალური კონცენტრირება განაპირობებს. განა არ გვახსოვს ესპანეთის ნაკრებთან მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე გაშვებული გოლი? რით შეეძლო დახმარებოდა იმ მომენტში სტადიონზე მისული  გულშემატკივარი საყვარელ გუნდს…

ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კოსოვოელებს სწორედ ესპანელთა მიერ ჩვენ კარში გატანილი მეორე გოლის ეპიზოდი გულდასმით ექნებათ შესწავლილი და დიდი ძალებით გადმოსვლას და მსგავსი მოულოდნელი დარტყმის შესრულებას ისინი შეხვედრის დებიუტშივე ეცდებიან. 

ამიტომ სასურველი იქნება, რომ მეტოქეს საკუთარი გეგმის განხორციელების საშუალება არ მივცეთ და თავიდანვე ვაგრძნობინოთ, რომ თამაშის მართვის სადავეები ჩვენ – მასპინძლებს გვიპყრია ხელთ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უკვე დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ოფიციალურ მატჩებში. 

აღსანიშნავია, რომ სიაში ლეგიონერების მხარდამხარ, ბათუმის „დინამოს“ შვიდი და თბილისის „დინამოს“ ერთი წარმომადგენელია. 

ერთი მხრივ, ეს ნაკრებში შიდა კონკურენციის გაზრდის თვალსაზრისით ძალიან კარგია, მეორე მხრივ კი სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო, საქართველოს ჩემპიონატი ამჯერად შეჩერებულია და ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. 

მთავარი პრობლემა ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაა, რომელიც თანაგუნდელებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს გუნდში გამარჯვებულის სულისკვეთების დანერგვა მართებს, დანარჩენს კი მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს. 

ესპანეთთან გასვლაზე მოგების გამოცდილება ჩვენებს აქვთ და ამიტომ ისინი რაც შეიძლება ხალისიანად და „თავხედურად“ უნდა გავიდნენ სათამაშოდ მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც იქამდე სამი დღით ადრე შვედეთს შეხვდება გასვლაზე.

ჯგუფის ფავორიტები ევროპის ჩემპიონატზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ესპანელები მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შვედებმა რამდენიმე საკვანძო ეპიზოდში სახიფათოდ შეუტიეს და კინაღამ მოიგეს კიდეც შეხვედრა, რომელიც საბოლოოდ ფრედ 0:0 დასრულდა.

მაყურებლისთვის საინტერესოა იტალიის ნაკრების ევროპის ჩემპიონის რანგში გამოსვლა 2 სექტემბერს საკმაოდ სუსტი ბულგარეთის და 5 სექტემბერს შვეიცარიის წინააღმდეგ მატჩებში.

იტალიის და შვეიცარიის ნაკრებები აქამდე უდანაკარგოდ ასპარეზობენ და ჯგუფის აშკარა ფავორიტები არიან. საკითხავი მხოლოდ ისაა, მოახერხებს თუ არა შვეიცარია ევრო 2020-ის ტრიუმფატორის მეორე ადგილზე ჩამოქვეითებას.

უცნაურ მდგომარეობაშია გერმანიის ნაკრები, რადგან ყოფილმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა იმდენი მოახერხა, რომ მისი თაოსნობით გუნდი პირველი სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. 

ამჟამად ბუნდესნაკრებს უკვე ჰანსი ფლიკი წვრთნის და იგი პირველივე მატჩებში ეცდება მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის ლიდერის პოზიციაზე გადაყვანას. წესით, გერმანელებს ეს არ უნდა გაუჭირდეთ, რადგან მეტოქეები ლიხტენშტაინის, სომხეთის და ისლანდიის ნაკრებებია. 

ცენტრალური მატჩების რაოდენობით კი ტრადიციულად უფრო მდიდარია სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე შესარჩევი ციკლი. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 5 სექტემბერს რიო დე ჟანეიროს „მარაკანას“ სტადიონზე მსოფლიოს ხუთ- და ორგზის ჩემპიონების – ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება.

ამ მატჩის მოლოდინი ამჯერად განსაკუთრებულია, რადგან სულ ცოტა ხნის წინათ ამავე სტადიონზე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში არგენტინელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს მეტოქე და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული, 1993 წლის შემდეგ პირველად, სწორედ „მარაკანაზე“ მოიპოვეს!

ამრიგად, ბრაზილიელთაგან „ტორსიდა“ უპირობო რევანშის მოლოდინშია და ეს მით უფრო ზრდის ფსიქოლოგიურ წნეხს მსოფლიოს ხუთ- და სამხრეთ ამერიკის ცხრაგზის ჩემპიონ ნაკრებზე. 

მძიმე მდგომარეობაშია ბრაზილიელთა უფროსი მწვრთნელი ტიტეც, რომელსაც მორიგი ფიასკო ყველაზე პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ შეხვედრაში შეიძლება აღარ აპატიონ და ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა დაატოვებინონ.

ბრაზილია 6 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ჯგუფის ლიდერია და მას მეორე ადგილზე მყოფი არგენტინის ნაკრები 6 ქულით ჩამორჩება. მსოფლიო ჩემპიონატზე კი სამხრეთ ამერიკის პირველი ოთხი გუნდი პირდაპირ, ხოლო მეხუთე კი გადათამაშებაში მოგების შედეგად ხვდება.

როგორც ვხედავთ, „პენტაკამპეონმა“ რომც დათმოს ეს შეხვედრა, მისთვის მდგომარეობა დიდად არ შეიცვლება, მაგრამ ამას მისი რომელიმე გულშემატკივარი შეეგუება?

ბრაზილიის ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩის წინ განრიგიც არასასურველი აქვს, რადგან არგენტინელებთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე ჩილეს ნაკრებთან გასვლაზე უწევს დაპირისპირება. 

მეტოქე სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებს. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ არგენტინელების წინააღმდეგ ბრაზილიის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს ტრავმის გამო მოუწიოს მატჩის გამოტოვება. 

ჩილე ბრაზილიისთვის რომ ზოგჯერ უხერხული მეტოქეა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდანაც კარგად გვახსოვს, როდესაც საკუთარ კედლებში ბრაზილიელებმა მეოთხედფინალისკენ მიმავალი გზა ამ გუნდის წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოგებული მატჩით გაიკვლიეს.

ხომ არ აჯობებდა რომ გავარდნილიყვნენ? მაშინ გერმანელებთან მათთვის ავადსახსენებელი 1:7-იც არ შედგებოდა…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.