fbpx

ქართული სტარტაპის – TTM-ის წილი ლატვიურმა კომპანიამ შეიძინა


გააზიარე სტატია

ლატვიაში დაფუძნებულმა Baltic Tech Ventures-მა ქართული სტარტაპის – Total Traffic Management-ის (TTM) სააქციო წილი შეიძინა. 

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლებს TTM-ის საქმიანობის გაცნობის საშუალება Pitch Day-ის ღონისძიებაზე ჰქონდათ, რომელიც თბილისის მერიისა და „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (AXEL) ორგანიზებით გაიმართა.

ქართულ სტარტაპს – TTM-ს – შექმნილი აქვს ავტომობილების სიჩქარის შეზღუდვის ე.წ. ჭკვიანი მოწყობილობა – ISA (Intelligent Speed Assistant), რომელიც GPS-თან  ერთად ავტომობილის სიჩქარეს რეალურ დროში, გზის მოცემულ მონაკვეთზე დაწესებული  სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით ამცირებს. ISA აჩქარების პედალზე მაგრდება და თავსებადია თითქმის ყველა ტიპის ავტომობილთან, მათ შორის, ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებთან.

„საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნესსექტორის მხარდაჭერა და ინტენსიური კავშირების დამყარება ევროპულ კომპანიებთან თბილისის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომაც, 23-24 ივნისს თბილისის მერიის და აქსელის ორგანიზებით ორდღიანი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც საშუალება მოგვცა, თბილისის საინვესტიციო შესაძლებლობები წარმატებით წარგვედგინა და ბალტიის ქვეყნებიდან „ანგელოზი ინვესტორების ქსელების“ წარმომადგენლებისთვის წამყვანი სტარტაპ ეკოსისტემა გაგვეცნო. ჩვენი პირველი შედეგები შთამბეჭდავია და მეტად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან ინვესტიციის შესახებ მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე სტარტაპთან მიმდინარეობს“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

TTM-ის მიერ მოზიდულ ინვესტიციას აქსელის დამფუძნებლებიც წარმატებულად აფასებენ. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ შესაძლებლობებს – აღმოაჩინონ ადრეული ეტაპის საუკეთესო სტარტაპები და ისინი შესაბამის ინვესტორებთან დააკავშირონ.

Baltic Tech Ventures-ის აღმასრულებელი დირექტორი და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ ზოლოტარევი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით ავტომობილების გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.

„Baltic Tech Ventures აღტაცებულია TTM-ში ინვესტირების შესაძლებლობით. ქართული სტარტაპის წარმომადგენლებს თბილისში შევხვდით, აქსელის და თბილისის მერიის ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ჩვენ ვიზიარებთ TTM-ის ხედვას – „მსოფლიო ავტოსაგზაო შემთხვევების გარეშე“. სრულიად ვართ დარწმუნებული TTM-ის გუნდის შესაძლებლობებში და გვჯერა, რომ ისინი ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით საავტომობილო მოძრაობას ყველასთვის უსაფრთხოს გახდიან“, – აღნიშნავს ჯინ ზოლოტარევი.

გარდა ამისა, Baltic Tech Ventures-მა დააზღვია სავალუტო ოფციონები, რათა მომავალში TTM-ის დამატებითი აქციებიც შეისყიდოს.

ცნობისთვის, თბილისმა 23-24 ივნისს უცხოელ ინვესტორებს უმასპინძლა, რომლებიც დაინტერესებული არიან სტარტაპებით და ინვესტირებას ახორციელებენ ახლად შექმნილ ტექნოლოგიებში. ღონისძიების ფარგლებში ინვესტორები  პირადად შეხვდნენ ადგილობრივი სტარტაპ კომპანიების წარმომადგენლებს, მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს  და დედაქალაქში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემას გაეცნენ.  თბილისში LitBAN/the Lithuanian Business Angel Network-ის LatBAN/the Latvian Business Angel Network-ის EstBAN/the Estonian Business Angels Network-ისა და Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თბილისის მერია და „ანგელოზ ინვესტორთა ქსელი“, ხოლო პარტნიორობას „თიბისი ბიზნესი“ უწევდა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.