fbpx

ანტიფეხბურთი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როგორც კლუბები, ისე ნაკრებები, ცდილობენ ახალი სეზონის ოპტიმისტური განწყობით დახვედრას. მცირე სანაკრებო პაუზის დროს ზოგიერთი მწვრთნელი უკეთ ახერხებს გუნდის მომზადებას, სხვებს კი ნაკლებად გამოსდით ფეხბურთელების თავიდანვე მათთვის მისაღებ ოპტიმალურ სათამაშო სქემაზე მორგება. 

აქედან გამომდინარე, სექტემბრის პირველ მატჩებში არ არის გასაკვირი არც სამ- და ოთხბურთიანი სხვაობით გამარჯვებები და არც თითო-ოროლა სენსაცია, როგორიც მაგალითად, იტალიასა და ბულგარეთს შორის მატჩში დაფიქსირდა.

როგორც ჩანს, ევროპის ჩემპიონებმა ჯეროვნად ვერ შეაფასეს მეტოქის შესაძლებლობები და ამიტომ მხოლოდ ქულას დასჯერდნენ იმ გუნდთან შეხვედრაში, რომელსაც საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სამარცხვინო „პერფორმანსის“ შემდეგ. 

კოსოვოსთან და ესპანეთთან მატჩებმა ნათლად წარმოაჩინა დღევანდელი საქართველოს ნაკრების რეალური სახე და კიდევ დაადასტურა, რომ უცხოელი მწვრთნელის მოწვევა ნამდვილად არ ყოფილა საჭირო იმ ქვეყანაში, სადაც არაერთი გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც გაცილებით უკეთ იცნობს ადგილობრივ ფეხბურთელებს.

კოსოვოელებმა მასპინძლებს უპირველეს ყოვლისა ტაქტიკური მახვილგონივრულობით და სისწრაფეში აჯობეს. საჭიროების შემთხვევაში მათ შეეძლოთ  მაღალი პრესინგით მოწინააღმდეგე მცველების შეწუხება. მეტოქე კი ამას წუთ-ნახევრის განმავლობაშიც ვერ ახერხებდა მთელი ტაიმის განმავლობაში…

ესპანეთთან გასვლით შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხუთი ცვლილება განახორციელა, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია. საქართველოს ნაკრების შესრულებით ანტიფეხბურთი გაგრძელდა და მისი განადგურების საშიშროება უკვე პირველი ტაიმის 25-ე წუთისთვის შეიქმნა, როდესაც სოლერმა მარტივად გააორმაგა ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ. 

საგულისხმოა, რომ სტუმრებმა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მეტოქის კარის მიმართულებით ბურთი ერთხელაც ვერ დაარტყეს. მეორე ნახევარში რამდენიმე ცვლილებამ თამაშის ხარისხი თითქოს გააუმჯობესა, ერთხელ ბურთი ესპანელთა კარის ძელმაც მოიგერია, მაგრამ ამ ეპიზოდმა ისევ მასპინძლები გამოაცოცხლა და მათი პირველივე საპასუხო შეტევა ლორიას კარში მეოთხე გოლით დაგვირგვინდა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ვილი სანიოლს მწუხარე ან გაბრაზებული კაცის იერი სულაც არ ჰქონია. მან სახეზე ღიმილით გამარჯვება მიულოცა თავის კოლეგა ლუის ენრიკეს და ისე დატოვა სტადიონი.

მდგომარეობა კი საგანგაშოა, რადგან თუკი ასე გაგრძელდება, ჩვენი გუნდი გულშემატკივარს აუცილებლად დაკარგავს და უკვე რეალურად ცარიელი ტრიბუნების წინაშე აღმოჩნდება. მიზეზი მარტივია. საქართველოს ნაკრები თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე ასეთი უსუსური არასოდეს ყოფილა.

ყველაფერთან ერთად თვალშისაცემია ერთგვარი უიღბლობა, რაც სამწუხაროდ ბათუმის ახალ შესანიშნავ სტადიონს უკავშირდება.

ბათუმის „დინამომ“, რომელსაც საბჭოეთის პერიოდის სახელწოდებას არ უცვლიან, საკუთარ სტადიონზე ორი მატჩი წააგო ევროპის კონფერენს ლიგაზე. ახლა კი მას უკვე ნაკრებიც „გამოეხმაურა“.

შეიძლება ვინმემ იკითხოს – ხომ არსებობს თბილისის, კიევის, მოსკოვის, ზაგრების თუ დრეზდენის „დინამო“. მათაც ხომ არ უცვლიან სახელებსო? საქმე ისაა, რომ ამ კლუბებმა საყოველთაო წარმატებას სწორედ ამ სახელწოდებით მიაღწიეს. აი ბათუმის „დინამოსთვის“ კი ასეთი რამ უცხოა და მიმდინარე სეზონში ახალ სტადიონზე ახალი წარმატებული ისტორიის შექმნა, გუნდის მრავალი ქომაგის თვალსაზრისით, „ბათუმის“ სახელწოდებით უფრო შესაფერისი იქნებოდა, ვიდრე „დინამოსი“… 

„ბატეს“ და „სივასპორის“ წინააღმდეგ მატჩებში ბათუმის სტადიონი მაყურებლებით გადაჭედილი იყო და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაც სავსე იყო ხალხით. ვინ იცის, ვირუსის რამდენი შემთხვევა გავრცელდა ამ მიზეზით მაშინ საქართველოში? უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, ტრიბუნები მაშინ ყოფილიყო ცარიელი, რომ გულშემატკივრების მცირე რაოდენობით დასწრება, ნაკრების შეხვედრაზე, თეორიული თვალსაზრისით მაინც ყოფილიყო შესაძლებელი?

რადგან არსებული ეპიდსიტუაციის გამო ეს ვერ მოხერხდა, მაშინ შეერჩიათ საქართველოს რომელიმე სხვა სტადიონი, სადაც კოკისპირული წვიმა არ იქნებოდა მოსალოდნელი…

როგორც ვხედავთ, ყველაფერი უკუღმა გამოდის, შემთხვევით კი არაფერი ხდება. ამიტომ მომავალში მეტი ანალიტიკური აზროვნებაა საჭირო, რისი დეფიციტიც განაპირობებს არსებულ სავალალო ვითარებას. 

ანალიტიკას კი მაქსიმალური დრო გარეთ საუთგეიტმა დაუთმო ევროპის ჩემპიონატის ფინალში მისთვის სამწუხარო მარცხის შემდეგ. ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გაითვალისწინა ორი თვის წინათ დაშვებული შეცდომები და უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრაში, როგორც იქნა, გუნდი მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით გაიყვანა.

შედეგმაც არ დააყოვნა და ინგლისმა გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე ანგარიშით 4:0 გაანადგურა „კერკეტი კაკალი“, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია „სიკვდილის ჯგუფის“ მონაწილე სამივე ნაკრებს – პორტუგალიას, საფრანგეთს და გერმანიას.

პორტუგალიამ დიდი ბრძოლა გადაიტანა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში. პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები იგებდნენ, საბოლოოდ კი კრიშტიანუ რონალდუმ მე-15 წუთზე ვერგამოყენებული პენალტის შემდეგ, მატჩის მიწურულს შესრულებული დუბლით საკუთარ გუნდს სამი ქულა შესძინა. 

37 წლის ვარსკვლავს პორტუგალიის ნაკრების მაისურით უკვე 111 გოლი აქვს გატანილი. ამ შედეგით რონალდუმ ირანელ ალი დაის მიერ 2006 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა და დღესდღეობით ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო გოლეადორად იქცა.

საინტერესოა, რომ რონალდუ ასევე ჩემპიონთა ლიგის, ევროპის და კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირიცაა.

გაკვირვებას იწვევს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების უნიათო ასპარეზობა მიმდინარე შესარჩევ ციკლშიც. დიდიე დეშამის გუნდი ევრო 2020-ზე უნგრეთთან, პორტუგალიასთან და შვეიცარიასთან ნათამაშევი ფრეების შემდეგ, გასულ კვირას ერთნაირი ანგარიშით 1:1 უკვე ბოსნია-ჰერცეგოვინის და უკრაინის ნაკრებებს დაუზავდა.

სამაგიეროდ წარმატებული გამოდგა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ჰანსი ფლიკის გერმანიის ნაკრებში უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნება. მისმა გუნდმა ლიხტენშტაინის მოკრძალებული ანგარიშით 2:0 დამარცხების შემდეგ, სომხეთის ნაკრები 6:0 გაანადგურა და სატურნირო ცხრილის სათავეში გადაინაცვლა.

შესარჩევი ციკლის განვლილ ტურში უელსის ნაკრების შემადგენლობაში ჰეთ-თრიკით თავი გამოიჩინა გარეთ ბეილმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ მატჩის მესამე დამატებულ წუთზე გატანილი ბურთი, რომელმაც ბელარუსთან შეხვედრაში სტუმრებს მნიშვნელოვანი სამი ქულა შესძინა.

იტალიის ნაკრებისთვის შვეიცარიასთან ნათამაშევი უგოლო ფრე ზედიზედ 36-ე წაუგებელ შეხვედრად იქცა. ამ შედეგით „სკუადრა აძურამ“ ესპანეთის ნაკრების მიერ 2007-2009 წლებში დამყარებული 35 წაუგებელმატჩიანი რეკორდი მოხსნა. 

შესარჩევი ციკლის მთავარი სიურპრიზი კი მაყურებლებს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრის მე-5 წუთზე ელოდათ, როდესაც მოედანზე შეჭრილმა პოლიციამ ოთხი არგენტინელი ფეხბურთელი კარანტინის წესის დარღვევისთვის თამაშის მსვლელობისას „დააპატიმრა“ და მატჩიც ამ მიზეზით ჩაიშალა. 

აღსანიშნავია, რომ ყველა დროის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო დაპირისპირება მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე მეორეჯერ გადაიდო. ამრიგად, საფეხბურთო სამყარო სუპერლიგის შემდეგ უკვე კოვიდ-სკანდალის მოლოდინშია…

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.