fbpx

ვარსკვლავთცვენა წინანდლის მუსიკის ფესტივალზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მზეხა მახარაძე

 

12 დღე, 24 არტისტი, 23 კონცერტი… 

აქ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა შექმნა წინანდლის რეზიდენციის შემოდგომის სეზონი – ქარვისფერი, თბილი და მსუყე ბგერებით. კლასიკური მუსიკა თავად ჭავჭავაძეების სალონური შეხვედრებისთვის ისტორიულად ორგანული და სრულყოფილი იყო, ამიტომ ორსაუკუნოვანი ტრადიცია წინანდალში ყოველწლიურად ცოცხლდება… გაგრძელებებით…

8-19 სექტემბერი წინანდლის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დღეებია. ვინც აქაურ მუსიკალურ საღამოებზე მოხ­ვ­დება ღია ცის ქვეშ, მათ­თ­ვის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვები­ა­ნი ცა იქნება ჭე­რი – და­ირ­ღ­ვევა “გრა­ვი­ტა­ცი­ის კა­ნო­ნი”, შე­მო­ვა “უწო­ნა­დო­ბის ანა­ტო­მია” და ასობით ინტელექტუალური აკორდი…

კახეთში მართლაც ვარსკვლავთცვენა იქნება, კოვიდპანდემიის მიუხედავად… 12 არაჩვეულებრივი დღე, 24 არტისტი, 23 კონცერტი…

დიდი მუსიკოსების მოწვევა წინანდლის ლეგენდაში და თანაც განსაკუთრებული საფესტივალო პროგრამის შექმნა ორი შემოქმედებითი დირექტორის, მარტინ ენგსტროემის და ავი შოშანის დამსახურებაა.

 

 

„ის, რომ ფესტივალი წელს გაიმართება, ბევრი ადამიანის ძალისხმევის შედეგია. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ შემსრულებლებს, მაყურებელს, ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე მეტად – ფესტივალის ადგილობრივ საორგანიზაციო გუნდს დავით საყვარელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც კვლავ გიორგი რამიშვილის მიერ ჩაფიქრებული საერთაშორისო კლასის მუსიკალური ფესტივალის იდეის და ხედვის ერთგული რჩება“. – ავი შოშანი, მარტინ ენგსტროემი.

 

 

„წინანდლის ფესტივალის იდეა საქართველოში მხოლოდ მსოფლიოს კლასიკური მუსიკის უდიდესი ვარსკვლავების ჩამოყვანას როდი ემსახურება. ჩვენ გვინდა, რომ წინანდლის ფესტივალი იყოს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონის ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისთვის, სადაც მათ მასტერკლასებს ჩაუტარებენ მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგები, მათ საშუალება მიეცემათ გამოვიდნენ სცენაზე კლასიკური მუსიკის კორიფეებთან ერთად. სწორედ ამ იდეამ მოიზიდა მუსიკოსების ის თანავარსკვლავედი, რომელიც მონაწილეობს ჩვენს ფესტივალში“. – წინანდლის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.

და მაინც, განსაკუთრებულია წინანდლის რენესანსში ამ ფესტივალის ხარისხი და მნიშვნელობა, უნიკალური მუსიკალური კონცეფცია, როგორც მსოფლიო დონის მუსიკალური ფორუმის საერთაშორისო რეპუტაცია.

 

 

წინანდლის მამულში, იქ, სადაც ყველაფერი ისტორიით სუნთქავს, გარდა იმისა, რომ ფესტივალის საკონცერტო პროგრამა თავისი დრამატურგიით და თანამედროვე მუსიკალური აქცენტებით მრავალმხრივ საინტერესოა, კონცერტებში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: იეფიმ ბრონფმანი, ლიზა ბათიაშვილი, ანდრე შუენი, დანიელ ჰაიდე, ელენა ბაშკიროვა, თომას ჰემფსონი, მიხაილ პლეტნიოვი, ვადიმ რეპინი, ფაზილ საი, სერ ანდრაშ შიფი, ალექსანდრ რამი, სერგეი რედკინი, ამანდა ფორსაიტი, პინჩას ცუკერმანი, მაო ფუჯიტა, მარკ ბუჩკოვი, ბლითე ენგსტროემი, სტატის კარაპანოსი და თომას ქუასტოფის ჯაზ-ბენდი. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, როგორც ფესტივალის ფილტვები, 5 საკონცერტო პროგრამას წარმოადგენს ვარსკვლავური დირიჟორების, ჯანანდრეა ნოზედას, ქრისტოფ ეშენბახის, ლაჰავ შანის და პინკას ცუკერმანის ხელმძღვანელობით.

 

 

წლევანდელი ფესტივალი 8 სექტემბერს გაიხსნება რახმანინოვის #3 საფორტეპიანო კონცერტით D Minor, Op. 30. ღია ამფითეატრის სცენაზე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს ლაჰავ შანი. კონცერტის სოლისტი – ეფიმ ბრონფმანი, Avery Fisher პრიზისა და Grammy Award-ის მფლობელი პიანისტია, რომლის სოლიდური საერთაშორისო კარიერა 1978 წლიდან NY-oს ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად მსოფლიო მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით დაიწყო. იქიდან მოყოლებული ბრონფმანი არაერთ წამყვან ორკესტრსა და დირიჟორთან თანამშრომლობს.

 

 

2017-18 წლების სეზონზე გამორჩეული იყო მისი ამერიკული ტურნე ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ზუბინ მეტას ხელმძღვანელობით, ასევე მნიშვნელოვანია კონცერტების სერია მიუნხენში, ლონდონსა და ვენაში ბავარიის რადიოს სიმფონიურ ორკესტრსა და მარის იანსონთან ერთად, მან დაუკრა კლივლენდისა და ფილადელფიის, ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის ფილარმონიულ და ასევე ლაიფციგის გევანდჰაუსის ორკესტრებთან ერთად.

 

 

კარიერის დაწყებისთანავე ბრონფმანი ინტენსიურად უკრავს კამერულ მუსიკას ისააკ შტერნის, პინკას ცუკერმანისა და იო-იო მას გვერდიგვერდ. გარდა ამისა, მან, როგორც თანამედროვე მუსიკის ერთგულმა შემსრულებელმა, მსოფლიო პრემიერები გამართა ისეთი ნაწარმოებებისა, როგორებიცაა: ესა-პეკა სალონენის (2007), მაგნუს ლინდბერგის (2012) საფორტეპიანო კონცერტები, იორგ ვიდმანის „სამგლოვიარო მარში“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (2014).

 

 

16 სექტემბრის საკონცერტო პროგრამაში საღამოს ნამდვილი მუსიკალური ეპიცენტრია ორი დიდი მუსიკოსის ტანდემი – მსოფლიო მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა და მსოფლიო პიანისტი მიხეილ პლეტნევი. ისინი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ  ორკესტრთან ერთად შეასრულებენ რობერტ შუმანის საფორტეპიანო კონცერტს (A Minor, Op. 54).

მიხეილ პლეტნევის, როგორც პიანისტისა და დირიჟორის შემოქმედებით ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ის მსოფლიოს ყველა დიდი და პრესტიჟული აკადემიური სცენების სასურველი მუსიკოსია. ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის გამარჯვებული პიანისტის საერთაშორისო ჯილდოებს შორისაა 2005 წელს ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიისგან მუსიკალური ჯილდო Grammy Award, რომელიც მან Deutsche Grammophon-ის მიერ გამოცემული CD ალბომისთვის მარტა არგერიხთან ერთად მიიღო – ორი როიალისთვის ჩაწერილი პროკოფიევის საბალეტო სიუიტის – Cinderella-სთვის. მანამდე ამ ალბომის ანგარიშზეა კიდევ ორი ​​პრესტიჟული პრემია – Diapason d’or და Preis der Deutschen Schallplattenkritik. Grammy-ს ჯილდოზე ის ასევე ნომინირებული იყო შუმანის სიმფონიური ეტიუდების დისკისა (2004) და რახმანინოვისა და პროკოფიევის მესამე საფორტეპიანო კონცერტების ჩანაწერისთვის, რომელიც პიანისტმა RNO-სა და დირიჟორ მსტისლავ როსტროპოვიჩთან ერთად ჩაწერა. სკარლატის საკლავირო სონატების მისმა ალბომმა (Virgin / EMI) 1996 წელს Gramophone Award მიიღო. 2007 წელს კი პლეტნევმა Deutsche Grammophon-ისთვის ჩაწერა ბეთჰოვენის ყველა საფორტეპიანო კონცერტი, რომელთა შორის #2 და #4 კონცერტები ტოკიოს ჩანაწერების აკადემიამ „2007 წლის საუკეთესო ჩანაწერად“ დაასახელა.

 

 

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თავისი ვარსკვლავთცვენით, საინტერესო, მრავალმხრივი პროგრამით და კულტურულ-ისტორიული სივრცით ნამდვილი დღესასწაულია მსოფლიო მაესტრო  ჯანანდრეა ნოზედას ხელმძღვანელობით, რომელიც ამ მუსიკალურ ფორუმს კიდევ სხვა მასშტაბსა და მუსიკალურ ინტელექტს მატებს. იტალიელი ჯანანდრეა ნოზედა – დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დირიჟორი, ციურიხის ოპერის მთავარი მუსიკალური დირექტორი, 2016 წლიდან აშშ-ს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორია, ასევე არის ლონდონის სიმფონიური და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორი, მუსიკალურ წრეებში კარგად ცნობილი კატალონიის კამერული ორკესტრის, კადეკესის ორკესტრის (Orquestra de Cadaqués) მთავარი დირიჟორი და იტალიური სტრესას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

 

ფესტივალის საპატიო სტუმარი – მევიოლინე, ალტისტი, დირიჟორი და კამერული მუსიკის შემსრულებელი პინკას ცუკერმანი, რომლის კარიერა ხუთ ათეულ წელს მოიცავს, ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მრავალფეროვან მუსიკოსადაა აღიარებული. იგი ცნობილია როგორც ვირტუოზი, რომლის დაკვრის ექსპრესიულ ლირიკას, ბგერის უნიკალურ სილამაზესა და სრულყოფილ მუსიკალობას აღტაცებაში მოჰყავს მსმენელი. ყოველივე ეს აისახება მის სოლიდურ დისკოგრაფიაშიც, რომელიც 100-ზე მეტ ალბომს მოიცავს. ამ ალბომებისთვის მან დაიმსახურა ორი Grammy Award და 21 ნომინაცია. 2019-20 წლების სეზონზე ცუკერმანმა გამართა ამერიკული გასტროლები ლონდონის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ასევე მიწვეული დირიჟორის ამპლუაში თანამშრომლობდა ბოსტონის, ატლანტისა და პრაღის სიმფონიურ ორკესტრებთან და ბერლინის შტაატსკაპელასთან. როგორც ადელაიდას სიმფონიური ორკესტრის უკვე ხუთ სეზონზე მიწვეულმა ხელოვანმა, ცუკერმანმა ტურნე გამართა ჩინეთსა და კორეაში. ცოტა ხნის წინ მან შეასრულა პრემიერა ავნერ დორმანის ორმაგი კონცერტისა, რომელიც ცუკერმანისა და ჩელისტ ამანდა ფორსიტისთვის დაიწერა. ეს ახალი ნამუშევარი მუსიკოსებმა ასევე შეასრულეს ტანგელვუდში ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან, ხოლო ოტავაში ხელოვნების ეროვნული ცენტრის ორკესტრთან ერთად. ცუკერმანის ტრიომ იმოგზაურა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში, თავად ცუკერმანი კი შეუერთდა დიდი ხნის მეგობარს, დანიელ ბარენბოიმს, რომელთან ერთადაც ბერლინში, სამი კონცერტის სერიის ფარგლებში, შეასრულა ბეთჰოვენის სავიოლინო სონატების სრული ციკლი.

 

 

კამერული მუსიკალური განყოფილებების შემდეგ, 19 სექტემბერს,  ფესტივალის დასკვნით საღამოს დაუკრავს პლანეტის საუკეთესო მევიოლინე, სი­ბე­ლი­უ­სის საერთაშორისო კონ­კურ­სის გამარჯვებული, ბეთ­ჰო­ვე­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ლაურეატი – ბეთ­ჰო­ვე­ნის ბეჭ­დის მფლო­ბე­ლი,  ბერნსტაინის კონკურსისა და BBC-ს პროგ­რა­მა New Generation Artists-ის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, სიბელიუსის სახელობის მუსიკის აკადემიის საპატიო დოქტორი ლიზა ბათიაშვილი, საქართველოს ფილარმონიული ორკესტრის თანხლებით, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით. შესრულდება სიბელიუსის სავიოლინო კონცერტი – D minor op. 47.

„ქარ­თ­ვე­ლებ­მა უნ­და იამა­ყოთ, ვი­ნა­ი­დან დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლი­ზა ბა­თი­აშ­ვი­ლია“. – თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო დი­რი­ჟო­რი Daniel Barenboim.

 

ლიზა კონცერტებზე იმ მუსიკალური საზოგადოებისთვის, რო­მელ­საც კლა­სი­კა „შიგ­ნი­დან“ ეს­მის და აქვთ „დაკვირვებული ყურები“, „ბის­ზე“, და არა მხოლოდ „ბისზე“, ხშირად ასრულებს ქართულ მუსიკას, მათ შორის გია ყანჩელის ოპუსებს და სულხან ცინ­ცა­ძის მი­ნი­ა­ტუ­რე­ბს – თავისი ქვეყნისადმი სიყვარულის ნიშნად. ზუსტად ამაზე წერდა ბრიტანული The Independent: „დი­დე­ბუ­ლი შეს­რუ­ლე­ბა მო­ვის­მი­ნეთ ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლი­ზა ბა­თი­აშ­ვი­ლის­გან. მის შეს­რუ­ლე­ბა­ში არ იყო არა­ვი­თა­რი სი­ყალ­ბე, მხო­ლოდ ელე­გან­ტუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ვირ­ტუ­ო­ზუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ნა­წარ­მო­ებს სრულ­ყო­ფი­ლად გად­მოს­ცემ­და. ლი­ზას მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სულ­ხან ცინ­ცა­ძის ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა და ცეკ­ვა, რო­მელ­საც არან­ჟი­რე­ბა ვი­ო­ლი­ნო­სა და ორ­კეს­ტ­რი­სათ­ვის მა­მამის­მა თა­მაზ ბა­თი­აშ­ვილ­მა გა­უ­კე­თა, სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე იყო ტრა­დი­ცი­უ­ლი ბახ/კრე­ის­ლე­რის შემ­დეგ“.

 

 

აქ, წინანდლის ლეგენდაში, ნახევრად ღია დარბაზი მართლაც ჯადოსნურია. სივრცე კი დიდია, მაგრამ იმდენად კარგი აკუსტიკაა, რომ ბოლო რიგებშიც კი როიალის პიანო ჟღერადობა ფლეიტასავით ჩაგესმის, კრისტალურად გამჭვირვალედ და იქაური ჰაერივით სუფთად. თანაც აქ რაღაც სხვანაირი აურაა, გადამდები და მომნუსხველი, ცხოვრებას სხვაგვარად სასიამოვნო გემოს რომ აძლევს, ისეთი… ასე რომ, ჭავჭავაძეების საზაფხულო რეზიდენციაში გამართულ წინანდლის ყოველწლიურ ფესტივალზე კლასიკური მუსიკა, როგორც მომავლის მემკვიდრეობა, ყველა სტუმრისთვის ხდება მასპინძელი.

 

 

ფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ აქ

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.