fbpx

საგანგაშო ნიშანი „ბარსელონას“


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგა უეფას უმნიშვნელოვანესი კომერციული პროექტია და იგი ევროპის არამარტო წამყვანი კლუბებისა თუ მმართველი საფეხბურთო ორგანიზაციების, არამედ თვით სახელმწიფოების შემოსავლის წყაროცაა.

სწორედ ამიტომ, ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, შეიძლება მცირეოდენი წარმოდგენა ვიქონიოთ ამა თუ იმ ევროპული ქვეყნის უკანასკნელი პერიოდის განვითარების და ასევე ფეხბურთის ფედერაციების ნამოღვაწარის შესახებ.

აშკარაა, რომ უკანასკნელ წლებში და განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, თანდათანობით, ინგლისის საფეხბურთო ჰეგემონია დამყარდა და ამას დიდად შეუწყო ხელი სუპერლიგის სავარაუდოდ, წინასწარ დასახული ჩავარდნის პროექტმა, რომლის წამყვანის და „ჩამშვების“ როლი სწორედ ინგლისურმა კლუბებმა იკისრეს.

ანკესზე კი მსუნაგი ესპანური და იტალიური კლუბები წამოეგნენ, „ბაიერნმა“ და „პარი სენ-ჟერმენმა“ პრაგმატული დუმილი ამჯობინეს და ამჟამინდელი მდგომარეობით მიმდინარე სეზონში გერმანიის, ესპანეთის თუ იტალიის ჩემპიონატებში უმაღლესი დონის არცერთი ახალი უცხოელი ტოპ ვარსკვლავი აღარ გამოჩენილა.

მათი ნამატით კი მხოლოდ ინგლისის უძლიერესი კლუბები და „პარი სენ-ჟერმენი“ თუ დაიკვეხნიან.  

იტალიას წლეულს ორად ორი შემორჩენილი უმაღლესი დონის ვარსკვლავის – რონალდუს და ლუკაკუს გაშვება მოუწია ინგლისში. მაშ, რის იმედად უნდა იყვნენ „იუვენტუსი“ და“ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ტურნირზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში ამ ფეხბურთელებთან ერთადაც კი წარმოუდგენელი იყო მათთვის წარმატების მიღწევა?

შარშან „ინტერმა“ ხომ ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ვერ მოახერხა, სადაც სამარცხვინო ბოლო ადგილი დაიკავა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ „რეალიდან“ სერხიო რამოსი, ხოლო „ბარსელონიდან“ კი მესი გადაიბირა. ესპანური გრანდების კრიზისზე ვაინალდუმის გადაწყვეტილებაც მეტყველებს, რომელმაც უფრო მაღალი ანაზღაურების გამო „ბარსელონას“ „პარი სენ-ჟერმენი“ ამჯობინა.

„ბარსელონა“ ამავე მიზეზით თავის დროზე თვით ნეიმარმაც დატოვა, მაგრამ სად მისი სტატუსი და სად ვაინალდუმის, რომელსაც სულაც არ აქვს გარანტირებული ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი?

საგულისხმოა, რომ მესი-ნეიმარის დუეტის დაშლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. მითქმა-მოთქმა მათი „ბარსელონაში“ ხელახალი გაერთიანების შესახებ კი ყოველი სეზონის ბოლოს ვრცელდებოდა.

მაგრამ, ვინ იფიქრებდა თუნდაც 2019 წელს, რომ დუეტი არა „ბარსელონაში“, არამედ „პარი სენ-ჟერმენში“ აღდგებოდა? 

უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფრანგულ კლუბში კრიშტიანუ რონალდუს გადასვლის შესახებაც გავრცელდა ჭორები, მაგრამ იმთავითვე გამოაშკარავდა, რომ ეს უფრო მეოცნებე გულშემატკივრების და ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი იყო.

კრიშტიანუ 12-წლიანი განშორების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუბრუნდა, რომელიც მან ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდში გაცვალა მადრიდის „რეალზე“.

მაგრამ რა იყო ამაში საკვირველი? პანდემიის ეპოქის დაწყებამდე „რეალის“ ან „ბარსელონას“ შემოთავაზებაზე უარს ვინ იტყოდა.

რამდენიმე წლის წინ „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედსაც არ დასჭირდებოდა სატრანსფერო გარიგების უკანასკნელ წუთამდე „ბებერი ქალბატონის“ გულშემატკივრების დამშვიდება – ჭორებს ნუ აჰყვებით, რონალდუ არსადაც არ მიდისო. მაგრამ წარსულში ლეგენდარულ ჩეხ ფეხბურთელს არაფერი გამოუვიდა. ან რა იყო გასაკვირი რონალდუს გადაწყვეტილებაში? „იუვენტუსში“ კიელინისებური სულისკვეთება პორტუგალიელს ნამდვილად არ მოეთხოვებოდა, ინგლისში კი მას მეტი ანაზღაურება და უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი დახვდა.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ წლეულს უმაღლესი მიზნები ამოძრავებს და რონალდუს შეძენის შემდეგ მის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს შარშანდლის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩენას აღარავინ აპატიებს.

ამჯერად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტურნირზე თითქოს შედარებით მსუბუქ ჯგუფში აღმოჩნდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე, რადგან მეტოქეები ევროპის ლიგის ფინალში მისი მოულოდნელად მძლეველი „ვილიარეალი“ და ამ ტურნირზე უკვე საკმაო გამოცდილების მქონე „ატალანტაა”, რომელმაც შარშან „ენფილდზე“ თვით „ლივერპული“ დაამარცხა.

პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბერნში „იანგ ბოისს“ ეწვევა, სადაც წესით, უნდა შეძლოს სამი ქულის მოპოვება.

გუნდში განწყობაც შესანიშნავია, რადგან გასულ კვირას კრიშტიანუ რონალდუმ თავის პირველივე მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა!

ზოგადად, „იოლი გასეირნება“ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე თითქოს არ არსებობს, მაგრამ ჯგუფების სატურნირო ცხრილების საბოლოო მაჩვენებლები ამაზე საკმაოდ ხშირად მეტყველებენ ხოლმე.

შარშანდელ სეზონში მადრიდის „რეალს“ ბოლო ტურამდე არ ჰქონია მერვედფინალის საგზური მოპოვებული, მაგრამ საბოლოოდ ჯგუფში პირველი ადგილი „ინტერთან“ მოპოვებული ექვსი ქულის დახმარებით დაიკავა. 

„სამეფო კლუბი“ პირველ ტურში სწორედ მილანის „ინტერს“ ეწვევა, რომელიც თითქოს ვალდებულია შარშან განცდილი ორი მარცხისთვის შური იძიოს. „ინტერს“  ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ სიმონე ინძაგი ჩაუდგა სათავეში და ახალი მწვრთნელისთვის ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი იქნება საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში თვით მადრიდის „რეალის“ ძლევა.

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ „დაჭრილ არწივს“ წარუმატებელი სეზონის შემდეგ „ევერტონიდან“ მშველელად თვით კარლო ანჩელოტი მოევლინა, რომელსაც მადრიდულ კლუბთან ერთად 2014 წელს ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული…

პრინციპული მატჩი გადამწყვეტი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ სათამაშო დღის ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებას ფეხბურთის მოყვარულები სწორედ მილანის „სან სიროზე“ უნდა ელოდონ.

არანაკლები მნიშვნელობისა იქნება „ბარსელონასა“ და“ბაიერნის“ მორიგი დუელი, რომელიც სრულიად საფეხბურთო სამყაროს შარშან „რეკორდმაისტერის“ მიერ მესის და მისი თანაგუნდელების ანგარიშით 8:2 სასტიკ განადგურებას ახსენებს.

ბოლო დაპირისპირებაში კოშმარული მარცხი მასპინძლებს შურისძიებას აიძულებს, მაგრამ სად არის იმის გარანტია, რომ მსგავსი სცენარი არ განმეორდება?

მესის წასვლის შემდეგ „ბარსელონას“ესპანეთის ჩემპიონატის პირველ სამ ტურში მხოლოდ ორი ქულა აქვს დაკარგული, მაგრამ თამაშის ხარისხის მიხედვით სუპერკლუბის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს. კუმანს რთული წელიწადი ელის ახალი გუნდის მშენებლობისა, რომელსაც გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად გაუჭირდება მესის მრავალწლიანი ჰეგემონიის პერიოდიდან გამოსვლა, აღარ აქვს ძველებური ფინანსური შესაძლებლობები. 

დალხენილი ცხოვრება არც „ბაიერნის“ ახალგაზრდა მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს ელის, რადგან მას წილად ჰანსი ფლიკის მემკვიდრეობა ერგო. „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ კი კლუბის განვითარება და მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა ადვილი ნამდვილად არ იქნება. 

„ბარსელონასთან“ დაპირისპირებამდე ნაგელსმანმა სერიოზული გამოცდა საოცრად მარტივად ჩააბარა, როდესაც ბუნდესლიგის გათამაშების მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში მისმა აწყობილმა „რეკორდმაისტერმა“ გასვლაზე „ცალი ფეხით“ 4:1 დაამარცხა მისი ყოფილი გუნდი „ლაიპციგი“. ამრიგად, „ბარსელონისთვის“ საგანგაშო ნიშანი უკვე მიცემულია, გულშემატკივარი კი სასეირო სანახაობის მოლოდინშია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.