fbpx

ვენეციის 78-ე კინოფესტივალმა 11 არაერთ საინტერესო და კინომოყვარულების მოლოდინით აღსავსე ფილმებს მოუყარა თავი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა მამულაშვილი

 

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის კინოფესტივალების უმრავლესობა გაუქმდა, მეტოქე კანისგან განსხვავებით, მსოფლიოს უძველესმა ფესტივალმა გასული წელი არ გამოტოვა. თუმცა, კინოინდუსტრიის ცნობილი სახეები 1 სექტემბერს ახლა უკვე სრული შემადგენლობით და ყველა კოვიდპროტოკოლის დაცვით დაბრუნდნენ ლიდოს სანაპიროზე. 

ვენეციის  78-ე კინოფესტივალი 11 სექტემბერს დასრულდა და არაერთ საინტერესო და კინომოყვარულების მოლოდინით აღსავსე ფილმებს მოუყარა თავი. ჟიურის პრეზიდენტი “პარაზიტის” (Parasite) რეჟისორი და “ოქროს პალმის რტოს” და “ოსკარის” ლაურეატი ბონგ ჯუნ ჰო იყო, რომელმაც ფესტივალზე დამსწრეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართა: “ჩვენ ყველას გვჯერა, რომ კოვიდკრიზისი მალე დასრულდება, მაგრამ კინო სამუდამოდ ჩვენთან დარჩება”. ჟიურის წევრებს შორის გასული წლის “ოქროს ლომის” მფლობელი, რეჟისორი ქლოა ჩჟაოც იყო. 

“ოქროს ლომი” კარიერული მიღწევებისა და კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის იტალიელ მსახიობს და რეჟისორს, რობერტო ბენინის და ამერიკელ მსახიობს, ჯეიმი ლი კერტისს გადასცეს. 

წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება: 

მთავარი პრიზის, “ოქროს ლომის” მფლობელი ფრანგი რეჟისორი ოდრი დიუანი გახდა  ფილმისთვის  “მოვლენები” (Happening). ფილმი საკმაოდ მნიშვნელოვან და მძიმე თემატიკას – 1960-იან წლებში გაკეთებულ არალეგალურ აბორტებს  ეხება. 

ჟიურის გრან-პრი, იტალიელმა რეჟისორმა პაოლო სორენტინომ მიიღო. “დიდებული სილამაზის” (The Great Beauty) და “ახალგაზრდობის (Youth) შემქმნელი კინოფესტივალზე ახალი ავტობიოგრაფიული ფილმით –   “ღვთის ხელი” (The Hand of God) წარდგა, რომელიც 80-იან წლებში ნეაპოლში სორენტინოს ოჯახურ ცხოვრებას და მოზარდობას ასახავს, სიხარული და გულისტკივილი კი მისი ცხოვრებისეული და კარიერული გზის ნაწილია. ფილმის სახელწოდება ლეგენდარულ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას და მისი “ნაპოლიში” თამაშის პერიოდს ეხმაურება. “ღმერთის ხელი” თითქოს რეჟისორის ვნებების კოქტეილია, რომლის მაგიაც კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას იტალიური იდენტობის მდიდარი ვიზუალით და ემოციური ინტენსიურობით დავტკბეთ. 

საუკეთესო რეჟისორად ჯეინ კამპიონი დასახელდა, ის 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ტომას სავაჯის რომანის ადაპტაციით –  “ძაღლის ძალა” (The Power of Dog). სიუჟეტი 1920-იან წლებში ვითარდება, სადაც ბენედიქტ კამბერბეჩი და ჯესი პლემონსი მონტანას რანჩოს მმართველი ძმების როლს ასრულებენ, რომელთა ურთიერთობაც კრისტენ დანსტის პერსონაჟის გამოჩენის შემდეგ თავდაყირა დგება. შესაძლოა ეს ბანალურად ჟღერდეს, თუმცა ფილმი არაპროგნოზირებადი სიუჟეტითა და გაბედულობით გამოირჩევა და ის არამხოლოდ ოჯახურ დრამას, არამედ ვესტერნულ მასკულინობას და რეპრესირებულ სექსუალურ იდენტობას ეხება. ინგლისელი მსახიობის, ბენედიქტ კამბერბეჩის მიერ განსახიერებული ბრუტალური კოვბოი მის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ პერფორმანსად აღიარეს.

პენელოპა კრუზის პედრო ალმოდოვართან მორიგმა წარმატებულმა კოლაბორაციამ მას საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული მიანიჭა კინოფესტივალის გამხსნელი ფილმისთვის –  “პარალელური დედები”. რეჟისორმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისეთი შედევრები შემოგვთავაზა, როგორიცაა “ჯულიეტა” (Julieta) და “ტკივილი და დიდება” (Pain and Glory). ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ “პარალელურ დედებს” კინოკრიტიკოსების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მეტიც, ის ფილმის – “ყველაფერი დედაჩემის შესახებ” (All About My Mother) შემდეგ რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრად შეაფასეს. “პარალელური დედები” ორი მარტოხელა ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დედობის სიხარულთან და ტკივილთან გამკლავებას ცდილობენ.

საუკეთესო სცენარის ნომინაციაში მსახიობ მეგი ჯილენჰოლის სადებიუტო ნამუშევარმა “დაკარგული ქალიშვილი” (The Lost Daughter) გაიმარჯვა. ფილმში მსახიობები ოლივია კოლმანი, დაკოტა ჯონსონი, პიტერ სარსგაარდი და ჯესი ბაკლი მონაწილეობენ. 

საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ჯონ არკილა დასახელდა ერიკ მატის  ფილმში “On the Job: The Missing 8”. ჟიურის სპეციალური პრიზი რეჟისორ მიქელანჯელო ფრამატინოს გადაეცა  (Il Buco), ხოლო “მარჩელო მასტროიანის ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის” მსახიობმა ფილიპო სკოტიმ მიიღო (ღვთის ხელი).

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში კრიტიკოსების არაერთი რჩეული ფილმი მოხვდა, მათ შორის პაბლო ლარაინის  “სპენსერი” (Spencer). “სპენსერის” ერთწუთიანი თრეილერიც კი, რომელშიც ტიტულიანი როლის შემსრულებელი კრისტენ სტიუარტი მხოლოდ ორ სიტყვას ამბობს, საკმარისი გახდა მსახიობს საყოველთაო ქება დაემსახურებინა. Netflix-ის გახმაურებული სერიალის, “გვირგვინის” (The Crown) დაიანაზე ორიენტირებულ ორ სეზონს შორის სტიუარტს იდეალური შესაძლებლობა მიეცა “ხალხის პრინცესას” თავისებური ინტერპრეტაცია შეექმნა. “სპენსერი” ლედი დის საზოგადოებრივ ცხოვრებაში იზოლაციას ასახავს, როდესაც ის გადაწყვეტს მოწამლული “ზღაპრული” ქორწინების “ციხიდან” გათავისუფლდეს. 

ბრიტანელი რეჟისორი ედგარ რაითი დროში მოგზაურობის ფსიქოლოგიური თრილერით დაბრუნდა ვენეციის კინოფესტივალზე.  “უკანასკნელი ღამე სოჰოში” (Last Night in Soho) ნოსტალგიის ბნელ მხარეებს ასახავს, რომელშიც დამწყები მოდის დიზაინერი (თომასინ მაკენზი) მოულოდნელად 1960-იანი წლების ლონდონში მისი კუმირის (ანია ტეილორ-ჯოი) სხეულში აღმოჩნდება. ფილმში 60-იანი წლების სოჰო, ლონდონის გლამურული ატმოსფეროთი და ლინჩისეული წითელი ფერის ესთეტიკით არის გაცოცხლებული. როგორც თავად რაითმა აღნიშნა, “უკანასკნელი ღამე სოჰოში” მაიკლ პაუელის და ალფრედ ჰიჩკოკის ფილმების ერთგვარი ომაჟია. რეჟისორის ნამუშევარი კინოკრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ანია ტეილორ-ჯოის პერფორმანსზე გააკეთეს. მსახიობმა მაყურებელს თავი Netflix-ის “ლაზიერის გამბიტში” შესრულებული როლით დაამახსოვრა, რომელმაც მას არაერთი ჯილდო მოუტანა, მათ შორის – ოქროს გლობუსი. ფილმში ასევე მონაწილეობენ მეტ სმითი და დაიანა რიგი. 

მართალია, დენი ვილნევის  ეპიკური ეკრანიზაცია “დიუნი” (Dune) კინოფესტივალის საკონკურსო ფილმების სიაში არ შედიოდა, მაგრამ ეს სამეცნიერო ფანტასტიკის და ამერიკელი მწერლის, ფრენკ ჰერბერტის საკულტო რომანების სერიის თაყვანისმცემლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა. “დიუნი” პირველად 1965 წელს გამოიცა და ის 14 წიგნისგან შედგება, მან ავტორს “ნებულას” ჯილდო მოუტანა და ფენტეზის სამყაროში ღირსეულ ფიგურად აქცია. ფრენჩაიზი საკმაოდ კომპლექსურია და მისი ეკრანზე გადმოტანა ისეთი რეჟისორისთვის კი იქცა გამოწვევად, როგორიც  დევიდ ლინჩია. 1984 წლის ფილმი საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ვილნევის ვერსია ლინჩისგან რადიკალურად განსხვავდება. ტიმოთი შალამე არქეტიპული გმირის როლს ასრულებს, რომელიც უდაბნო პლანეტაზე საშიში მისიისთვის მიემგზავრება. ფილმი ყურადღებას  პლანეტა არრაკისზე ამახვილებს, სადაც სამყაროს ყველაზე ძვირფასი ნივთიერება, “სანელებელი” მოიპოვება, ის ადამიანის სიცოცხლეს ახანგრძლივებს და უზრუნველყოფს აზროვნების ზეადამიანურ დონეს და კოსმოსში მსუბუქ მოგზაურობას. “დიუნს” ბრწყინვალე რეცენზია მოჰყვა და ფესტივალის დამსწრეების 8-წუთიანი ოვაცია დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ვილნევმა აქცენტი არამხოლოდ ვიზუალურ ესთეტიკაზე, არამედ შინაარსის ავთენტურობაზე გააკეთა, მან ჰოლივუდის ბლოკბასტერის ყველა ელემენტის გაერთიანებით დაამსხვრია კლიშე, რომ მაღალბიუჯეტიანი ფილმები კონცეფციას მოკლებულია. ამასთან ერთად, ფილმი შესანიშნავი სამსახიობო გუნდით გამოირჩევა, რომელიც ისეთ სატელევიზიო – და კინოს ვეტერანებს აერთიანებს, როგორებიც არიან: ოსკარ აიზეკი, რებეკა ფერგიუნსონი, ზენდაია, ჯეისონ მომოა, ხავიერ ბარდემი, სტელან სკარშგორდი და შარლოტა რამპლინგი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.