fbpx

როგორ იქცა მეტ გალა მცირე საქველმოქმედო ვახშმიდან მოდის ყველაზე ექსკლუზიურ მოვლენად


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

გასულ წელს ისეთი მასშტაბური კულტურული ღონისძიებების გაუქმებასთან ერთად, როგორიც კანის კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ყოველწლიურ მოვლენაზე, მეტ გალაზე უარის თქმა მოუწია მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმსაც. 2020 წელს თემად “მოდა და ხანგრძლივობა” (About Time: Fashion and Duration) შეარჩიეს, რომელიც დროსთან ერთად მოდის ცვლილებას უკავშირდებოდა. 

მოდის სამყაროში ყველაზე გლამურული მოვლენა, 18-თვიანი პაუზის შემდეგ, 13 სექტემბერს კვლავ არნახული კოსტიუმების გამოფენით დაბრუნდა წითელ ხალიჩაზე. 2021 წლის მეტ გალას თემა ამერიკულ მოდას ეძღვნება და ის 2 ნაწილადაა დაყოფილი: “ამერიკაში: მოდის ლექსიკონი” (In America: A Lexicon of Fashion) და “ამერიკაში: მოდის ანთოლოგია” (In America: An Anthology of Fashion). უკანასკნელი 2022 წლის 5 მაისს ჩატარდება. აღნიშნული თემები არა მხოლოდ აქტუალურ ბრენდებზე, არამედ ამერიკული მოდის ისტორიულ კონტექსტში წარმოჩენაზე აქცენტის გაკეთებას გულისხმობს, რამაც ამერიკული მოდის განვითარებას შეუწყო ხელი. 

ორივე ნაწილის კურატორი ენდრიუ ბოლტონია. ის კოსტიუმების ინსტიტუტს 2002 წელს ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმიდან შეუერთდა და დახვეწილი ჩვენებებით და მუზეუმის სხვა სივრცეებთან კოლაბორაციით, გამოფენების დონე კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. ბოლტონის 2015 წლის გამოფენამ – “ჩინეთი: სარკის მიღმა” (China: Through the Looking Glass)  815,992 ვიზიტორი მიიზიდა, რითაც მეხუთე ყველაზე პოპულარული შოუ გახდა მუზეუმის ისტორიაში. 

წლევანდელი ღონისძიების თანაორგანიზატორები მსახიობი ტიმოთი შალამე, მომღერალი ბილი აილიში, სამოქალაქო აქტივისტი ამანდა გორმანი და ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა იყვნენ, ხოლო საპატიო თავმჯდომარეები – დიზაინერი ტომ ფორდი, Instagram-ის ხელმძღვანელი ადამ მოსერი და ამერიკული Vogue-ის რედაქტორი ანა ვინტური, რომელიც მეტ გალას 1996 წლიდან უძღვება. 

მოწვეულ სტუმრებს კოსტიუმის არჩევანში სრული თავისუფლება ჰქონდათ, თუმცა ზოგიერთის ჩაცმულობა ამერიკულ სულს მაინც ასახავდა. ამ თავისუფლებამ მათ მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალება მისცა, რის გამოც  წლევანდელი წითელი ხალიჩა  მეტ გალას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი მოვლენა იყო. 

წვეულების ყველაზე ექსტრავაგანტური კოსტიუმი ამერიკელ-ბრიტანელ დიზაინერს, ჰარის რიდს ეკუთვნის, რომელსაც მოდელი იმანი ამშვენებდა. რიდმა ინსპირაციის წყაროდ ამერიკის ოქროს ხანის სამეჯლისო კულტურა დაასახელა. თანაორგანიზატორის, ბილი აილიშის მერლინ მონროთი შთაგონებული იმიჯი თითქოს ძველი ჰოლივუდისადმი ნოსტალგიას გამოხატავდა. მომღერალს თემის შესაბამისად ამერიკელი დიზაინერის, ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა. 

კიდევ ერთმა თანაორგანიზატორმა ტიმოთი შალამემ ჰაიდერ აკერმანის თეთრ კოსტიუმში და Converse-ს კედებში, კლასიკური და სპორტული სტილის საინტერესო მიქსი შემოგვთავაზა. კიმ კარდაშიანის ინკოგნიტო გლამურის შემქმნელი დემნა გვასალია იყო. რეალითი შოუს ვარსკვლავი ქართველ დიზაინერთან ერთად, ახალი ბალენსიაგას Haute Couture კოლექციის სამოსით წარდგა მეტ გალაზე. წითელი ხალიჩა კარდაშიანის მსგავსად, ბალენსიაგაში გამოწყობილმა რიანამ დახურა – მომღერალი როგორც ყოველთვის, არაორდინალური ჩაცმულობით გამოირჩეოდა. 

თითქმის საუკუნის წინ თეატრის პროდიუსერმა აირინ ლუისონმა და სცენის დიზაინერმა ალინ ბერშტეინმა შექმნეს ის, რაც მოგვიანებით მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის საფუძველი გახდებოდა: კოსტიუმების კოლექცია, რომელსაც თეატრის დიზაინერები ინსპირაციად გამოიყენებდნენ. 

სანამ მეტ გალა ვოგის ყოფილი რედაქტორის, დაიანა ვრილანდის რენესანსად და ანა ვინტურის იმპერიად ჩამოყალიბდებოდა, ის პირველად 1984 წელს ლეგენდარულმა მოდის პუბლიცისტმა და “ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს” (CFDA) დამფუძნებელმა ელეონორ ლამბერტმა საქველმოქმედო ვახშმის სახით გააცნო მანჰეტენის ელიტარულ საზოგადოებას, რომლის ბილეთის ღირებულება 50 დოლარს შეადგენდა. 

24 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც დაიანა ვრილანდმა 1971 წელს ამერიკული Vogue-ის რედაქტორის პოსტი დატოვა და კოსტიუმების ინსტიტუტის  კომიტეტს შეუერთდა. მისი ხელმძღვანელობით წვეულება საქველმოქმედო ვახშმიდან სოციალური კალენდრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საღამოდ იქცა. მან პოპულარული კულტურის და ე.წ. სელებრითების საზოგადოებაზე გავლენა გამოიყენა და მანჰეტენის საზოგადოების ნაცვლად, ჰოლივუდის ისეთი ცნობილი სახეები მიიწვია, როგორებიც იყვნენ: ენდი უორჰოლი, დაიანა როსი, შერი და ჟაკლინ კენედი. ლიფტიდან გამოსულ გლამურულ სამოსში გამოწყობილ სტუმრებს, თითქოს ოპიუმის მსგავს ატმოსფეროში უსახო, ზოგჯერ თავზე კოლგოტჩამოცმული მანეკენებით და ემოციური მუსიკით ეგებებოდნენ. ეს ნამდვილი თეატრალური სანახაობა იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს თემატური ჩაცმულობა მეტ გალას უმთავრესი ატრიბუტია, ღონისძიებას dress code ვრილანდის გამოჩენამდე, რომელმაც გალა გამოფენას დაუკავშირა, არ ჰქონია. მისი პირველი გამოფენა – “ბალენსიაგას სამყარო” (The World of Balenciaga) 1973 წელს ჩატარდა. მას შემდეგ მან კიდევ 14 შოუს უმასპინძლა, მათ შორის: “რომანტიკული და გლამურული ჰოლივუდის დიზაინი” (Romantic and Glamorous Hollywood Design, 1974) და “Vanity Fair” (1977). ამ გამოფენებმა და ზოგადად ვრილანდის გავლენამ მეტ გალაზე კოსტიუმების ინსტიტუტი გააცოცხლა. 

1989 წელს, ვრილანდის გარდაცვალების შემდეგ, მეტ გალამ თავმჯდომარის გარეშე განაგრძო არსებობა. 90-იანმა წლებმა ვერსაჩეს, დიორის და თავად ვრილანდის გამოფენებით, გლამურის ახალი განსაზღვრება შემოიტანეს. 1996 წლის ღონისძიებას პრიცესა დაიანა ესწრებოდა, რომელიც გალიანოს დიზაინით შექმნილ დიორის კაბაში იყო გამოწყობილი. დღეს ის ლედი დის ერთ-ერთ ყველაზე იკონურ კაბად ითვლება. 

1999 წელს, 96-97 წლებში ორგანიზატორობის შემდეგ, Vogue-ის რედაქტორმა ანა ვინტურმა ოფიციალურად დაიკავა თავმჯდომარის პოსტი. მან მეტ გალაში ორი ძირითადი ცვლილება შეიტანა: 2000 წელს, შანელის გამოფენის გაუქმების შემდეგ, ღონისძიება დეკემბრიდან მაისში გადმოიტანა, რომელიც   ჩაანაცვლა თემით – “ჟაკლინ კენედი: თეთრი სახლის წლები” (Jacqueline Kennedy: The White House Years). და სტუმრების სიას Vogue-ის კონტაქტების უზარმაზარი ქსელი შემატა, როგორც მოდის ინდუსტრიაში, ასევე მის ფარგლებს მიღმა – ხელოვნების, პოლიტიკის და მედიის სფეროებში. სწორედ ამან განაპირობა მეტ გალას იმ ექსკლუზიურ გალა წვეულებად ჩამოყალიბება, რომელსაც მოუთმენლად ველით ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს. 

წლების მანძილზე  მეტ გალას წითელი ხალიჩა  ოსკარის კონკურენტი მოვლენა გახდა, სტუმრები კი “შოუმენებად” იქცნენ. გალა თავის მასშტაბსაც სცდება და ხშირად პოპულარული “მიმების” ობიექტია. სოციალური მედიის “აფეთქებასთან” ერთად, გალაზე მოწვეულთა სია არა მხოლოდ A-list სელებრითებს, არამედ სოციალური მედიის ვარსკვლავებს – ე.წ. ინფლუენსერებს და YouTuber-ებსაც მოიცავს. ეს გადაწყვეტილება მხურვალე კრიტიკის საგანი გახდა, განსაკუთრებით 2021 წელს, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ “ინფლუენსერების” დასწრებით, მეტ გალამ პრესტიჟულობა და ექსკლუზიურობა დაკარგა. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეტ გალაზე არაერთი საინტერესო თემა იყო წარმოდგენილი, მათ შორის:Manus x Machina: ტექნოლოგიის ხანის მოდა” (Manus x Machina: Fashion in an Age of Technology, 2016), “ზეციური სხეულები: მოდა და კათოლიკური წარმოსახვები” (Heavenly Bodies: Fashion and the Catholic Imagination, 2018), “Camp: მოდის აქცენტები” (Camp: Notes on Fashion, 2019) და სხვა. მიუხედავად ექსტრავაგანტურობისა, მეტ გალა თავდაპირველი მიზნის ერთგულია: 71-წლიანი მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტისთვის თანხა შეაგროვოს. რიანას პაპის სამოსის ელეგანტურობით და ერიკა ბადუს იკონური ქუდით, მეტ გალამ მოდის ისტორიაში მართლაც ყველაზე სანახაობრივი და დაუვიწყარი მომენტები შემოგვთავაზა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.