fbpx

გამორჩეული ესთეტიკის 5 ახალი ქართული ბრენდი ინსტაგრამიდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

თუ სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელი ხართ, შეამჩნევდით, რომ    ბაზარზე  უფრო აქტიურად ჩნდებიან ტანისამოსის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდები. ადგილობრივ წარმოებას მომხმარებელიც  უფრო მეტ ნდობას უცხადებს, ეს კი პირველ რიგში ავთენტური დიზაინის, მაღალი ხარისხისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის ორიგინალური ფორმის დამსახურებაა. 

 

დღეს გვინდა გაგაცნოთ 5 ახალი  ქართული ბრენდი,  რომლებიც დამახასიათებელი ესთეტიკით, ხარისხითა და საინტერესო კონცეფციით გამოირჩევიან. 

 

LILY ROSE

თუკი მსოფლიო ისტორიიდან სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით გამორჩეულ პერსონებს გავიხსენებთ, მათ შორის აუცილებლად იქნება ჯეინ ბირკინი – ქალი, რომლის სტილმაც არაერთი ტრენდის შექმნა განსაზღვრა. ერთ-ერთი მათგანი ჩანთებად ქცეული მოწნული კალათებია. შესაძლოა, ეს ტრენდი 70-იანი წლების შემდეგ მიივიწყეს, თუმცა, თანამედროვეობაში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ ის კვლავაც ორიგინალური და გამორჩეული აქსესუარია. ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ ქართული ბრენდის – Lily Rose-ის ინსტაგრამზე აღმოჩნდებით. მნიშვნელობა არა აქვს მაღაზიაში მიდიხართ, პიკნიკზე, მეგობართან შესახვედრად  თუ ყოველდღიურ საქმეზე – სწორად შერჩეულ სტილთან ერთად, ქართული წარმოების ეს კალათები შესაძლოა თქვენს საყვარელ აქსესუარად იქცეს. Lily Rose-ის მოწნული კალათები ოპტიმალური ზომის მიუხედავად, საკმაოდ ტევადია, რაც მას ფუნქციურ და ამავდროულად, პრაქტიკულ აქსესუარად აქცევს. 

 

Pillowtalk

პანდემიის დროს, უმეტესობა თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებს,  უამრავისათვის,  საკუთარი საძინებელი, მისაღები ოთახი თუ სამზარეულო სამუშაო სივრცედაც იქცა. შესაბამისად, ამ გარემოში კომფორტი განსაკუთრებულ პრიორიტეტად იქცა. თუ გინდათ, რომ მთელი დღის განმავლობაში, სახლის სამოსში მოხერხებულად და ამავდროულად, მოწესრიგებულად იგრძნოთ თავი, ახალი ქართული ბრენდის – Pillowtalk-ის ინსტაგრამს ადევნეთ თვალი. დახვეწილი დიზაინის სადა ორეულები ნატურალური ნაჭრისაგან მზადდება. Pillowtalk-ის მოდელების თითოეული დეტალი გამოკვეთილი ესთეტიკით გამოირჩევა. გარდა ორეულებისა, ბრენდის კოლექციაში ულამაზეს ნაქსოვ ბიუსტჰალტერებსაც აღმოაჩენთ. 

 

Pastèque

Pastèque – ფრანგული სიტყვაა, რომელიც ითარგმნება, როგორც “საზამთრო”. სწორედ სითბო, მზე, თავისუფლება და ფემინური სტილი იქცა ამ ბრენდისათვის დამახასიათებელ ნიშად. Pastèque-ის კოლექციები პუანტებით შთაგონებულ ყოველდღიურ ფეხსაცმელთან ერთად, ვინტაჟური ესთეტიკის ე.წ. Rio და Carioca მოდელებს აერთიანებს და სხვადასხვა დიზაინს განსხვავებულ ფერებში წარმოგვიდგენს. გარდა ფეხსაცმლისა, კოლექციაში ულამაზეს აბრეშუმის ფერად  შარფებსაც აღმოაჩენთ, რომელთა მახასიათებელი საზამთროს ბუნებრივი ფერადოვნების პრინტებია. 

 

Petite

Petite კიდევ ერთი ახალი ქართული ბრენდია, რომელიც  ვინტაჟური სტილით და პასტელური ფერებით მარტივად დაგამახსოვრებთ თავს. ბრენდის ინსტაგრამზე მოხვედრისას, შესაძლოა იფიქროთ, რომ რომანტიკული ჟანრის  ფილმის კინოკოსტიუმებს ათვალიერებთ. კოლექცია აერთიანებს ნატურალური და მსუბუქი ნაჭრის კაბებს, პერანგებს, შორტებს, ჩანთებს, საყელოებს და ასე შემდეგ. თითოეული მოდელი სადა, თუმცა ამავდროულად, სხვადასხვა დამახასიათებელი დეტალით არის გამორჩეული. 

 

FIVE TO TEN

თუ სამოსში თქვენთვის მაღალი ხარისხი და სრულყოფილ დეტალებია მნიშვნელოვანი, ამ ბრენდის კოლექციას კარგად უნდა გაეცნოთ – FIVE TO TEN ხელით ნაქსოვ ულამაზეს მოდელებს გვთავაზობს. ბრენდის კონცეფციაა  ხელოვნება მისი მომხმარებლის ყოველდღიურობად აქციოს. სწორედ ამის შედეგია თითოეული ის ნივთი, რომელსაც FIVE TO TEN-ის შემოქმედებითი გუნდი ქმნის. ფერადი კოლექციები აერთიანებს სხვადასხვა სეზონისათვის  განკუთვნილ კაბებს, ტოპებს, მოსაცმელებს, ქუდებს, ჩანთებს… მასალა, რომლითაც მოდელები იქსოვება, უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა, სწორედ ეს განაპირობებს ბრენდის კოლექციის ყველასაგან გამორჩეულ ფერადოვნებას. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.