fbpx

მე ბარბარე ვარ – თბილღვინოს საინტერესო პროექტი ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ქეთი ვაშაკიძე

 

დამეთანხმებით ალბათ, ღვინის პირველი ყლუპი მისი არომატების შეფასებაა, მეორე და მესამე – მისი გემოვნური თვისებების, ტანინებისა და სიღმეში დამალული ხილის ტონების. თუ კარგი ღვინო შეგვხვდა მეოთხე ყლუპიდან ტკბობა იწყება, გაგვათბობს, ჩაგვეხუტება და სიყვარულით გვავსებს, სიყვარული კი გაზიარებაა.

ბევრი კარგი ამბავი თქმულა და გაგონილა გემრიელ ღვინოსთან ერთად. თბილღვინომ, პროექტის “ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი” ფარგლებში, რამდენიმე საინტერესო ადამიანის ამბავი შეკრიბა.

 

 

შეივსეთ ჭიქა და ბარბარეს ერთად მოვუსმინოთ.

საქმე ყურადღებით უნდა აკეთო, მადლიერებითა და სიყვარულით, ზრუნვითა და რწმენით. სამზარეულო ჩემი ადგილია, აქ ვიცი რასაც ვაკეთებ, თავისუფალი ვარ. კერძის მომზადებისას სამყაროს მოვწყდები ხოლმე, გონებას ვასვენებ და იმ წუთით ვცხოვრობ.

ყოველი დღე წინა დღეზე უკეთესი უნდა იყოს. მე ბარბარე ვარ ერისთავი, მწერალი.

ჩემი კერძები ჩემს ამბავს ყვება, ეს ნამდვილია, ხელშესახები, მე ვარ. ყოველთვის საუკეთესო და ახალ-ახალ სანოვაგეს ვიყენებ, ვამზადებ ისე როგორც მასწავლეს, ცოტა ჩემსასაც ვამატებ. კერძის შემადგენელ ნაწილებს შორის კავშირებს ვეძებ. ტრადიციული კულინარია ცოტა მკაცრია, გამოხატვის საშუალებას არ მაძლევს. ხანდახან საზეიმო ვახშამზე ვცდილობ ჩემი არტისტობა გამოვავლინო და ისეთ რამეს დავამტებ ხოლმე, ვერავინ წარმოიდგენს. მომწონს სტუმრის გაკვირვებული სახე ჩემი ნახელავის გასინჯვისას.

ჩვენთან ქალისგან რაიმე განსაკუთრებულს არავინ ელოდება. ქალს ოჯახის მოვლა ევალება, სტუმრის მიღება-გასტუმრება. კაცი თუ რამეს მიაღწევს და გააკეთებს მაშინვე მისით იამაყებენ, ქალი კაცს გვერდში უნდა ედგეს და გაამხნევოს, შეაქოს. ჩემი ძმა ოჯახში პირველი იყო, დედა სულ იმეორებდა, კაცია და პატივი ეციო. მე კი ვფიქრობდი, ნახეთ, მე ბევრ საქმეში ვჯობნი, ნუთუ ვერ ხედავთ? მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ მეც შემიძლია რაღაც ღირებულის შექმნა.

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის “სრული სამზარეულო” პირველად 1874 წელს გამოიცა. მან მართლაც ღირებული კრებული შექმნა რამდენიმე თაობის დიასახლისებისათვის. ჩვენ კი, თანამედროვე მზარეულებს, შესანიშნავი ისტორიული მასალა დაგვიტოვა.

ბარბარე 12 წლის გაუთხოვებიათ ხელმოცარულ სამხედრო მოსამსახურე – ზაქარია ჯორჯაძეზე. “მათ ჯვარს სწერდნენ ეკლესიაში. ბარბარეს დაგვირგვინების ცერემონიალი თამაშობა ეგონა. მოულოდნელად კელაპტრებით განათებულ ტაძარში ღამურა შემოფრინდა, ბარბარეს ბევრი არ უფიქრია, მღვდელს მიმართა: „ცოტა ხანს გაჩერდი, გეთაყვა, მგონი, ჩემი დაკარგული იადონი შემოფრინდა, ერთ წუთს მას დავიჭერო“.

რთული ცხოვრების მიუხედავად, საოცრად ძლიერი, მრავალმხრივი და საინტერესო ქალი დადგა. წერდა ლექსებს, პიესებს, პუბლიცისტურ წერილებს, იბრძოდა ქალთა განათლებისთვის, ქადაგებდა თანასწორობას.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.