fbpx

აფრიკელთა ბენეფისი ევროპის სტადიონებზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ ტურში მაყურებელმა იხილა დაძაბული მატჩები, უხვად ჩათვლილი თუ არჩათვლილი გოლები, ხისტი ორთაბრძოლები, ყვითელი და წითელი ბარათები, მწვრთნელთა შეცდომები, ცნობილ თუ მომავალ ვარსკვლავთა გაელვებები. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რითაც ძვირფასია ფეხბურთი და რასთანაც, სამწუხაროდ, ასე შორს დგას ჩვენი ქვეყანა… 

რით დავიწყოთ? ალბათ პირველი სათამაშო დღის უმნიშვნელოვანესი პაექრობით, რომელსაც საფეხბურთო სამყარო დიდი ინტერესით ელოდა. „ბარსელონა“ – „ბაიერნის“ დაპირისპირებაში შარშანდელი განადგურებისთვის შურისძიების სურვილით გამსჭვალული კატალონიური კლუბის გულშემატკივრები საკუთარი გუნდისგან მხოლოდ მოგებას ითხოვდნენ, მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ, მოვლენები სწორედ ისე განვითარდა, როგორც ჩვენ წინა მიმოხილვაში ვვარაუდობდით.

შეხვედრის პირველი წუთებიდანვე გამოჩნდა, რომ სამკვირიანი პაუზის პერიოდში „ბარსელონას“ მწვრთნელმა რონალდ კუმანმა დიდი სამუშაო გასწია გუნდის დაცვითი ხაზის გამაგრებაზე, 2:8 როგორმე რომ არ განმეორებულიყო, მაგრამ, მასპინძლებისთვის სამწუხაროდ, მათი ძალისხმევა სრულიად ფუჭი აღმოჩნდა იმ უგუნური სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც კლუბი უკანასკნელი წლების განმავლობაში ეწევა.

ამჟამად „ბარსელონაში“ გარდა მეკარის პოზიციისა,   დამაჯერებლად არცერთი სათამაშო რგოლი არ გამოიყურება და „ბაიერნთან“ ანგარიშით 0:3 მარცხი, ამაზე აშკარად მეტყველებს. 

მატჩის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ კარში გოლის ავტორი თომას მიულერი სამართლიანად აღნიშნავდა, რომ მის გუნდს კიდევ არაერთი ბურთის გატანა შეეძლო მეტი მონდომების შემთხვევაში. მიულერის გოლს ლევანდოვსკიმ დუბლი შემატა, მასპინძლებს კი მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამთ.   

რა იქნებოდა, „ბარსელონას“ მესი რომ ჰყოლოდა? ალბათ ერთი გოლის გატანას როგორღაც მოახერხებდა, მაგრამ, სავარაუდოდ, ორი იმდენს გაუშვებდა. ეს მხოლოდ ვარაუდია, რეალობა კი ისაა, რომ „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ტურნირზე „დორტმუნდის“ წარმატებული ასპარეზობაც არ უნდა გამოირიცხოს.

ამაზე გვაფიქრებინებს გერმანული კლუბის შესანიშნავი თამაში „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ. მართალია, „დორტმუნდმა“ გასვლით შეხვედრაში მინიმალური სხვაობით 2:1 გაიმარჯვა, მაგრამ შეტევაში მეტი პასუხისმგებლობით მოქმედების შემთხვევაში, სტუმრებს გამანადგურებელი ანგარიშითაც შეეძლოთ მოეგოთ მატჩი.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 18 წლის ბელინგემის ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, რომელიც ჰალანდთან ერთად შეუჩერებელი იყო მთელი მატჩის განმავლობაში. გერმანული გუნდის მხრიდან გოლები სწორედ ამ ფეხბურთელებმა გაიტანეს. 

„დორტმუნის“ ახალმა მწვრთნელმა მარკო როზემ, რომელმაც შარშან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაცილებით სუსტი „მიონხენგლადბახის“ გაყვანა შეძლო, მეორე ტაიმის 70-ე წუთზე მოედანზე 16(!) წლის ფორვარდი იუსუფა მოუკოკო შეუშვა, რომელმაც თავის მხრივ გაამწარა მასპინძელთა გამოცდილი მცველები და 20-წუთიანი „პერფორმანსით“ სამომავლო ვარსკვლავის კონტურები მოხაზა…

წარმოშობით კამერუნელ ფეხბურთელს გერმანიის 16,17 და 21 წლამდელთა ნაკრებებში ჩატარებულ ექვს მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი და დიდი ალბათობით მას მალე ამ ქვეყნის მთავარ გუნდშიც ვიხილავთ.

მადრიდის „რეალის“ 18 წლის ახალბედა ედუარდო კამავინგამ კი მოედანზე გამოსვლიდან 10 წუთის შემდეგ მილანის „ინტერთან“ მატჩის მიწურულს შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა როდრიგო, რომელსაც „რეალისთვის“ პირველი სამი ქულის მომტანი გოლის გატანა არ გასჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ „ინტერთან“ მატჩი საფრანგეთის ნაკრების წევრი ანგოლელი ლეგიონერისთვის მეორეა „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში. პირველი შეხვედრა კი კამავინგამ გასულ კვირას ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში „სელტასთან“ გოლით აღნიშნა. დებიუტიც ამას ჰქვია!

მოუკოკოს და კამავინგას მიერ ნაჩვენებ თამაშის ხარისხს, „ლაიპციგის“ წარმოშობით კონგოელ ფორვარდ ქრისტოფერ ნკუნკუს „ჰეთ-თრიკს“ და „აიაქსის“ ასევე წარმოშობით კოტდივუარელ თავდამსხმელ სებასტიენ ჰალერის „პოკერს“ თუ შევმატებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მესის და რონალდუს სავარაუდო შემცვლელები ახლო მომავალში აფრიკის კონტინენტზე უნდა ვეძიოთ…

ნკუნკუს სამი გოლის მიუხედავად, „ლაიპციგი“ ანგარიშით 3:6 დამარცხდა „მანჩესტერ სიტისთან“, „აიაქსმა“ კი სტუმრად პორტუგალიის „სპორტინგი“ 5:1 გაანადგურა.

საგულისხმოა, რომ სადებიუტო მატჩებში ვერც მესიმ ივარგა და ვერც რონალდუმ. „პარი სენ-ჟერმენი“ გასვლაზე ფრეს დასჯერდა „ბრიუგესთან“ შეხვედრაში, სადაც არგენტინელმა ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

რონალდუმ კი მართალია, ბურთთან პირველივე შეხებით დააწინაურა „მანჩესტერ იუნაიტედი“ „იანგ ბოისთან“ გასვლით შეხვედრაში, მაგრამ ამ გოლის შემდეგ ის ბურთს თითქმის არც გაჰკარებია.

საბოლოოდ, მანჩესტერელთა მწვრთნელს მოთმინების ფიალა აევსო და პორტუგალიელი მატჩის 72-ე წუთზე ლინგარდით შეცვალა. ოლე გუნარ სულშერის აშკარა შეცდომა იმთავითვე გაცხადდა, რადგან რიცხობრივი უპირატესობის მქონე მასპინძლები რონალდუს მოედანზე ყოფნისას, სტუმრების სრულიად უნიათო თამაშის მიუხედავად, მაინც ვერ ბედავდნენ მთელი გუნდით შეტევაზე გადასვლას. რონალდუს გაყვანის შემდეგ კი ისინი მეტოქის ნახევარზე „დასახლდნენ“.  

მატჩის ბედი სწორედ სულშერის „ბრძნულმა“ გადაწყვეტილებამ განაპირობა, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე კრიშტიანუს შემცვლელმა ლინგარდმა სრულიად უვნებელ სიტუაციაში რატომღაც ბურთი საკუთარი კარის მიმართულებით გაგზავნა, შვეიცარიელებმა „გადაცემა“ ჩაჭრეს და გოლიც გაიტანეს. 

საინტერესოა, რამ გამოიწვია ლინგარდის ასეთი სულელური ქმედება, რადგან მას თავისუფლად შეეძლო ბურთის შორს ან თუნდაც აუტში მოგერიება, რასაც ავტომატურად მატჩის სტუმართათვის სასურველი ანგარიშით 1:1 დამთავრება მოჰყვებოდა…

„მანჩესტერ იუნაიტედის“ უსახური თამაშისგან განსხვავებით, ფეხბურთის მოყვარულებს ვნეთაღელვით აღსავსე ფეხბურთი „ლივერპულმა“ შესთავაზა, რომელმაც დაცვაში საკმაოდ მოუწესრიგებელი თამაშის მიუხედავად, მაინც მოახერხა მეორე ტაიმში მატჩის მობრუნება და პირველი გამარჯვების მოპოვება.

„ლივერპულის“ და „მილანის“ პაექრობამ გულშემატკივარს ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ამ გუნდების ფინალური დაპირისპირებები მოაგონა, მაგრამ მხოლოდ წარსულის თვალსაზრისით, რადგან ახლავე აშკარაა, რომ წლეულს იტალიური კლუბის საუკეთესო შედეგი, ჯგუფური ეტაპის დაძლევა თუ იქნება.

ამაში კი მას დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ გამოცდილი და პრაგმატული „ატლეტიკო“ და „პორტუ“, რომლებიც თითქოს პარალელურად მიმდინარე მატჩის დაზვერვით უფრო იყვნენ დაკავებული, ვიდრე თუნდაც ერთი დარტყმის განხორციელებით ერთიმეორის კარის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შედეგი 0:0 სრულიად ლოგიკური და მისაღებია ორივე გუნდისთვის.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში იტალიური ფეხბურთის პრესტიჟი კი სერია A-ში უსახურად მოასპარეზე „იუვენტუსმა“ დაიცვა, რომელმაც შვედურ „მალმიოსთან“ მატჩის საბოლოო შედეგი 0:3, პირველ ტაიმშივე დააფიქსირა.    

„ბებერმა ქალბატონმა“ ამ გამარჯვებით თითქოს საკუთარ თავს გამოღვიძება უბრძანა და „ჩელსის“ წინააღმდეგ ორი კვირის შემდგომი მატჩის სამზადისი წინასწარ დააწყებინა.

ყველაზე დიდი საფიქრალი კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს, რადგან ჯგუფის აუტსაიდერ ოლე გუნარ სულშერის გუნდის მეტოქე მომდევნო ტურში ევროპის ლიგის გასული სეზონის ფინალში მისი მძლეველი „ვილიარეალი“ იქნება, რომელიც წაგებას ახლაც არ აპირებს…

 

   

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.