fbpx

ახალი სივრცეები და სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტში


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

“ლოპოტა სპა რეზორტში” ახალი, 51-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დასრულდა,  ასევე იგეგმება დამატებითი შენობების  მშენებლობაც. კომპლექსს  დაემატება ჩოგბურთის კორტები, თევზის რესტორანი, ლუდსახარში და ჯაზ-კლუბი. ამ შენობებზე და სამომავლო პროექტებზე არქიტექტორი დავით ქოიავა მუშაობს.

 

რა არის ახალი ჩანაფიქრი?

დავით ქოიავა: პირველივე შეხვედრა მფლობელთან  ასეთი ამოცანით დაიწყო: უნდა გაგვეკეთებინა არსებული ლანდშაფტის და გარემოს შესაბამისი არქიტექტურა. კომპლექსში არის უმეტესად 3-სართულიანი შენობები და  ადგილი, სადაც სასტუმრო განთავსდა, ტბასთან ერთადერთი  იყო, სადაც შეიძლებოდა ლანდშაფტში ჩარევის გარეშე ახალი შენობის აგება.  

ეს პროექტი გვინდოდა, რომ გარემოში მინიმალური ინტერაქციით განხორციელებულიყო. ახლახან გვქონდა შეხვედრა დამკვეთის ოჯახთან და შევთანხმდით, რომ  პირველი ამოცანა შესრულებულია, რადგან შორიდან შენობა  ორ ვიწრო ხაზად ჩანს გამწვანებაში. დროთა განმავლობაში ყველა ეს ნაგებობა მასალიდან გამომდინარე კიდევ უფრო ბუნებრივი  გახდება. ვფიქრობ, რომ დამკვეთის მიზანიც ზუსტად ეს იყო, მყუდრო და სწორი შენობის  შექმნა ასეთ ლანდშაფტში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ისეთი ადამიანები, როგორიც გოგა მაისურაძე იყო, რომლებსაც თავისი მიზნის მისაღწევად თავი აქვთ გადადებული, ძალიან ცოტანი არიან. ალბათ ამ ადგილას ასეთი ტურისტული ცენტრის შექმნა აბსოლუტურად ნულიდან წარმოუდგენელიც იყო, დღეს კი ეს ყველაფერი რეალობად იქცა და  გოგას ოჯახი აქტიურად განაგრძობს მისი ჩანაფიქრის განხორციელებას. 

 

როგორ შეიმუშავეთ დიზაინი და კონცეფცია?

დავით ქოიავა: სასტუმრო  ძალიან სპეციფიკური პროექტია, ყველა ელემენტის მდებარეობას და ფუნქციას დიდი მნიშვნელობა აქვს. სანამ დიზაინზე გადავალთ, ჯერ ტექნიკურადაა ძალიან რთული. კომფორტს  დიდი მნიშვნელობა აქვს, დიდ როლს თამაშობს განათება. საღამოს დაღლილი სტუმარი ნომერში შემოსვლისას შუქს აანთებს თუ არა, მაშინვე  უნდა იგრძნოს კომფორტი. 

ჩვენთან საქართველოში განათების პროექტირების კუთხით ბევრს არ ფიქრობენ, ამ სიმყუდროვის შექმნაზე დრო არ იხარჯება. მეც ბევრი რამ სწორედ ამ პროექტირების დროს ვისწავლე და რაღაც შენიშვნებიც მაქვს ჩაწერილი, რასაც მომავალში გავითვალისწინებ. ასევე  ამ გარემოსთვის კონცეფციის და დიზაინის შექმნა იყო დიდი გამოწვევა. ძალიან დიდ როლს თამაშობდა ბუნება როგორც არქიტექტურაში, ასევე ინტერიერის პროექტშიც. ინტერიერში გამოვიყენეთ ქართველი მხატვრის  ნახატები. ისეთი გარემოს შექმნა გვინდოდა, რომ ინტერიერშიც იგრძნობოდეს, სად იმყოფები, შევარჩიეთ შესაბამისი ფერები და ნივთები.  რადგან ეს არ არის რომელიმე ბრენდის სასტუმრო, რომელსაც თავისი მოთხოვნები აქვს, უფრო გაგვიმარტივდა ადგილობრივი ატმოსფეროს შექმნა.

 

კიდევ რა პროექტები იგეგმება კომპლექსის ფარგლებში?

დავით ქოიავა: ასეთ გაშლილ ტერიტორიაზე თუ კომპლექსში ყოველთვის ჩნდება  რაიმე დიდი ღონისძიების ჩატარების სურვილი, მაგალითად, მუსიკალური ფესტივალის. სასტუმროს აქვს ასეთი მცირე სივრცეები, მაგრამ უკვე  გაჩნდა პროფესიული  დარბაზის შექმნის მოთხოვნაც, სადაც ჯაზ-ფესტივალის ჩატარებაც კი იქნება შესაძლებელი.  ამიტომ სამომავლოდ კომპლექსს დაემატება ცალკე შენობა – ჯაზ-კლუბი. 

დაწყებულია ასევე სრულფასოვანი საჩოგბურთო კორტების მშენებლობა, რომელიც არამარტო სასტუმროს სტუმრებს მოემსახურება, არამედ სხვადასხვა შეჯიბრებასაც უმასპინძლებს. რეზორტში ასევე იგეგმება ლუდსახარშის პროექტის განხორციელება, სადაც ადგილობრივ ლუდს დაამზადებენ და ასევე თევზის რესტორნის, რომელსაც გარედან უფრო ბუნგალოს იერსახე ექნება და კიდევ ერთ განსხვავებულ სივრცეს შემატებს კომპლექსს. 

დამუშავების პროცესშია მთლიანი კომპლექსის გენგეგმა და ქალაქგეგმარებით კუთხით გათვალისწინებული იქნება შიდა გზების მოწყობაც. “ლოპოტა სპა რეზორტი”  თანდათან ხდება მინიქალაქი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.