fbpx

ლიბეღტე ტუჟუღ


გააზიარე სტატია

ავტორი: Delphica Sibyl

 

მოკიდებული სიგარეტი განუწყვეტლივ მოძრაობს ტუჩის ერთი კუთხიდან მეორეში. თითების გარეშე. ზორბა თეთრი კბილები ღიმილით კბეჩენ ამ სიგარეტს, რომელიც ისევე გიბრეცს თვალს, როგორც მწეველს და შენი ტუჩის კუთხეებიც იგივე ტრაექტორიით მოძრაობენ, როგორც მისი. ის ხან შუქურაა და ხანაც სინათლე გვირაბის ბოლოს, ხან რევოლვერი და ხან ქალის აჩქარებულპულსიანი მაჯის სამშვენისი. ერთადერთი, რაც არასდროს გახსენდება ამ მოძრავსიგარეტიან ტუჩებზე, თამბაქოს მავნებლობაა.

2015-ში, ავადმყოფობის შემდეგ, როდესაც მასთან ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტი მივიდა, ის მას გარუჯული ჭაღარა სიბასივით დახვდა. მოღიმარი, მოღადავე, ტელეფონზე ზარის “ბორსალინოს” მელოდიითა  და მამაზე თბილი მოგონებებით. სკოლაში საშინლად ვსწავლობდი, სულ მსახიობობა მინდოდა და როდესაც ეს მამას ვუთხარი, შვებით ამოისუნთქა, შენგან ხეირიანი მაინც  სხვა არაფერი  გამოვიდოდაო. და გახდა მოუსვენარი, ლიბეღტე ტუჟუღ გულუაზიე პირში გაჩრილი ბიჭი – საფრანგეთის ეროვნული სიამაყე.

ვისაც ერთხელ მაინც არ უოცნებია მსახიობობასა და წინ შავ-თეთრ რაღაც საჩხაკუნოზე ფრანგულად წამოძახილ კიატღო ვან სეტ – პატღისია ე მიშელ, ტყაპ ტყაპზე, იმან მესროლოს ქვა. აბა “კასაბლანკაში” ჰემფრი ბოგარტს ნამდვილად ვერ ჩამოვუდგებოდი, ძალიან დიადი და მიუწვდომელი იყო. ეს ახალი ტალღა ძაან ჩემად ვიგულე. ცეკვაც მიყვარდა და წამღერებით ცხოვრებაც. ზუსტად ისე, ფრანგულ კინოში რომ იციან ხოლმე. სადღაც მეორმოცე წუთზე რომ აღმოაჩენ,  მიუზიკლს რომ უყურებ. გაოგნებული რომ ხარ იმით, რომ ყველა მღერის. მიზეზი კი მარტივია. მანამდე უბრალოდ არ ემღერებოდათ. აი ამ დღეებში ფრანგულ კინოში, და არა მხოლოდ, არც არავის ემღერებოდა. 

ის ესვენა ინვალიდების სახლის ეზოს ცენტრში, საფრანგეთის რესპუბლიკის დროშაში შეფუთული, როგორც ჭეშმარიტი ნაციონალური სიამაყე. მე კი ისევე ვერ ვაცნობიერებდი მის დაბერებასა და სიკვდილს, როგორც საკუთარ მოწიფულობას. ხულიგანი, მოჩხუბარი, მსხვილტუჩება, ძალიან ლამაზი მარადი ბიჭი ხან რიოდან და ხანაც აკაპულკოდან. ის – ჟან-პოლი. ბელმონდო.

დიდება უფალს, რომ საფრანგეთის მთავრობის დასასაფლავებელი გახდა ეგ კაცი, თორემ კაი ბლომად მღვდლებისა და “ხელოვანების” ტაშ-ფანდური არ იქნებოდა მარტივი საცქერი. მისი ბიოგრაფიის დეტალებისა და ფილმების გარჩევას სხვები უკეთესად გაართმევენ თავს. მე კი მირჩევნია ჩემს ბებელზე, როგორც მას ეძახდნენ, გებოდიალოთ. 

გოდარმა ისე მიიზიდა მსოფლიო ფრანგულ და ზოგადად – კინოსკენ, როგორც დედამიწამ ისააკ ნიუტონის ვაშლი. გადაღების მოედნის ყველა კუთხეში მიაწერა ევრიკა როგორც წაღმა, ასევე უკუღმა, შექმნა კინო Breathless, გვაყურებინა ორ, იმ დროს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ტუჩზე თითის ლაციცი (ჟანა მორო, მაპატიე ამჯერად) და დაგვაღებინა პირი. 

საბჭოთა კავშირში პირი უფრო დიდზე დავაღეთ. ეს იყო შავ-თეთრი “ბოდვა არაფერზე”. შორეულად ლამაზი ჯინ სებერგი და თავგზისამაბნევლად სექსუალური ჟან-პოლ ბელმონდო. ეს არ იყო დრამა, მით უმეტეს – მელოდრამა. სიკვდილის მიუხედავად არც ცრემლი იყო და არც მჩაგვრელ-ჩაგრული კლასები. არც ძველბერძნული ქანდაკებასავით ლამაზი ალენ დელონი იყო მუდამ მკვდარი შეყვარებულით და არც ბერგმანის თვალებში არეკლილი ჰემფრი ბოგარტი.

დიალოგები ლაპარაკობდნენ თავისთვის და მსახიობები იყვნენ საკუთარი თავები. ეს იყო კინო, რომელიც არ გესმის, მაგრამ გიყვარს. ეს იყო ნამდვილი სიყვარული. უპირობო, უნებლიე, მწველი და ახალგაზრდა. და ის “წამომყვები რომში?” დიალოგი კი ავთანდილის ანდერძივით საზეპირო. 

მახსოვს, გავიფიქრე, რომ სანამ ვინმე მასავით არ მოწევდა სიგარეტს და რომში თუ არ წამიყვანდა, არსად წამიყვანდა საერთოდ. აი საბურთალოზეც კი არ გავყვებოდი. მინდოდა ჩანჩურა შარვალი და თეთრი, წარწერებიანი მაისური, რომელიც საერთოდ არსად იშოვებოდა. მოკლე თმა და სიგარეტი, რომლის გემოს დღემდე ვერ შევეგუე. 

შემდეგ უკვე გადავეკიდე. მასთან ერთად ვიყავი ფრანცუაზა დორლეაკი რიოში (ალბათ სწორედ ამიტომ ვატარებ ამ “ჩოლკას” დღემდე) და ჟაკლინ ბისე აკაპულკოში (დიახ, თავმდაბლობა არ არის ჩემი ძლიერი მხარე). და სწორედ ამ უკანასკნელმა მასწავლა ვიღლიცინო საკუთარ თავზე. შემეძლოს დავცინო და გავიშარჟო თავი ნებისმიერ მოცემულობაში. მისი აგენტ 007-ის მაიმუნობაზე გუშინწინ ისე ვიცინე,  ჩემს ყველა მეზობელს ესმოდა. განა ვინმე სხვას შეეძლო ღია ავტომობილში ზემოდან მსუბუქად ჩასკუპება და წყლის თხილამურზე დოინჯითა და ფეხი ფეხზე გადადებულს სრიალი? 

“შეშლილ პიეროში” ისევ ისე მიყურებდნენ მისი სამხრეთული რუჯით გარშემორტყმული, ვითომ უდარდელი ანცი თვალები და გარბოდნენ შორს ანა კარინასთან ერთად. და აი, რომელი ჭკუათმყოფელი არ გაიქცეოდა ამ “ჩოლკიან”, საოცრება ფრანგ, ახალ ტალღასავით ცინცხალ გოგოსთან ერთად?! განა კინოს აკლდა ხულიგანი უშნო ან ლამაზი კაცები? აბა მეტი რა საქმე ჰქონდათ?  მაგრამ ეს რაღაცნაირი გამოდგა. “ჩოჩარაში” რომ გული დაგიმდუღრა, “შესანიშნავში” ისე გაცინა, სული ვეღარ მოითქვი. მერე ჟოფრეი გააცურა და გააგორა, და ალენ დელონს კი ყველაზე ლამაზი კაცის ტიტულზე ეჯაჯგურა. და რავი, წაართვა კიდეც. ბელმონდო, დინი თუ დელონი? უიმეე, რა თქმა უნდა, ბელმონდო. რანაირად? აი ეგრე. უშნო ხარო, რომ უთხრეს და კინოში არ ივარგებო, აი მანდ ვხითხითებ მთელი გულით. 

მის ბენეფისად ყველა რომ “პროფესიონალს” თვლიდა, აი ეგ არ მიყვარდა. მისი გმირი უკვე სევდიანი და ბიჭურ ანცობა დაკარგული იყო. იმდენად საყოველთაო და ხელმისაწვდომი, რომ უარვყავი.  ეტყობა, ის ქალიც არ მომწონდა, მასთან რომ ნებივრობდა და რავი, მეთქი, ორევუარ. თანაც ფილმის საუნდტრეკს ჩვენთან ისე დაათრევდნენ გასვენებიდან სატელევიზიო გადაცემების ქუდებამდე, რომ აი სულ პატარა სივრცესაც კი არ გიტოვებდნენ თავი მარტოს გეგრძნო მასთან და მოგწონებოდა.  რაც მაგ ფილმში მოკვდა, მას შემდეგ ვიფიქრე, რომ მოკვდავი იყო. ჰქონდა ათასი სიცოცხლე, მაგრამ ერთი სიკვდილი. ჟოსლენის სიკვდილი არ იყო მიშელის სიკვდილი. იმიტომ, რომ მიშელი არ კვდება. მიუხედავად იმისა, რომ ეზიზღება დასასრულის შეგრძნება და გული ერევა ყოველივეზე, რაც მის გარშემო – მის გარეშე ხდება. 

ბებელის გასვენების კადრებზე ალბათ იმათაც იტირეს, ვისაც ბევრი ფულის ფასადაც კი უჭირს ცრემლის ღვრა. ზოგმა ბელმონდო იტირა, ზოგმა ბრანდო, ზოგმა ბოგარტი და ზოგმაც მორიკონე. რავი, ვისაც ვინ უყვარდა, ის იტირა. ყველამ ერთად კი ალბათ კინო გამოიტირა. რომელიც ასეთი ხელმისაწვდომი და მრავალსერიანი გახდა. მსოფლიო ხომ არასოდეს იქნება იგივე, ანუ ისეთი, როგორიც ასე გაღელვებდა, როდესაც იყავი ნორჩი. მისი წასვლა ეპოქის დასასრულიაო, ითქვა და ვითომ რაღაც გადაპრანჭული ფრაზა კია, მაგრამ მთქმელს რომ დასცინებ, ჩუმად გულში ცოტა მაინც მოგიხაჭუნებს რაღაც. 

ტიროდა ალენ დელონი, ვტიროდი მე. და ალბათ არც გაგიკვირდათ. სულ მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის გოგო “All you need to make a movie is a girl and a gun-ში”. სანაცვლოდ კი… ჯინსები რომ ვიყიდეთ პოლონელი ტურისტებისგან სასტუმრო “აჭარაში” მე და მამაჩემმა და პოლონელმა ქალმა თმის ფერადი რეზინი რომ მაჩუქა, კლასის დამრიგებელმა წამართვა. აი ყველაფერი ამომიყარა ტვინმა. კინო “ამირანში” წაყინული ფეხის თითები, კინოს სახლში ვერ შემძვრალი მუდამ “ჩოლკიანი” თავი და კიდევ უამრავი ბევრად ნამდვილი დრამა, ვიდრე კინოშია ხოლმე. მოკირწყლულ მოედანზე ესვენა მიშელი, ისევ მარტო და ისევ ადამიანებგარშემორტყმული. მაგრამ ამჯერად დისტანცირებული და თვალცრემლიანი საფრანგეთი შემოეხვია გარს ყველაზე მარად ბიჭს. მე კი ერთადერთი, რაც შემეძლო მისთვის გამეკეთებინა, იყო ის, რომ სადღაც მთაწმინდის ერთ ჩვეულებრივ იტალიურ ეზოში, ტუჩის კუთხეზე თითმიბჯენილს ჩამელაპარაკა – vraiment dégueulasse.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.