EMMY 2021 – ფავორიტები და გამარჯვებულები
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
9 სექტემბერს სატელევიზიო შოუების ყველაზე პრესტიჟული, ემის 73-ე დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა, რომელსაც ნომინაციების გამოცხადების შემდეგ სერიალების მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ. ამერიკული სატელევიზიო პრემია გასულ წელს ონლაინრეჟიმში წარდგა მაყურებლის წინაშე, თუმცა 2021 წელს ტრადიციული ფორმატით დაბრუნდა მისი არაფორმალური მისიის შესასრულებლად – შემოდგომის სატელევიზიო სეზონის გახსნისთვის.
პანდემიის შედეგები წლევანდელ ემის დაჯილდოებაზეც იგრძნობა. ყოველწლიურმა ფავორიტებმა, როგორებიც არიან: “მემკვიდრეობა” (Succession), “ოზარკი” (Ozark), “ევას მკვლელობისას” (Killing Eve), “საოცარი მისის მეიზელი” (The Marvelous Mrs. Maisel) და სხვა მრავალმა, ემის ე.წ. “დედლაინი” გამოტოვეს. გამომდინარე იქიდან, რომ სატელევიზიო აკადემიის წევრები მიმდინარე წლის შოუებს ანიჭებენ უპირატესობას, 2021 წლის რბოლაში არაერთი ახალი და საინტერესო სერიალი აღმოჩნდა, რომლებიც კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში მოხვდებიან ემის წამყვან ნომინაციებში.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შოუს, “ბრიჯერტონის” (Bridgerton) და ასევე “ბიჭების” (The Boys) საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში ნომინაციით, ემიმ თავისი აუდიენცია გააფართოვა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს “ბიჭების” სატელევიზიო აკადემიის დონის “პრესტიჟულობა” სადავო იყო, წელს რთული იქნებოდა სერიალის მნიშვნელობისთვის გვერდის ავლა, რომელიც სუპერგმირულ ჟანრში, აბსოლუტური ძალაუფლების კორუფციას და ამერიკული ოცნების გარყვნილ სახეს განასახიერებს. რაც შეეხება “ბრიჯერტონს”, ინკლუზიური სამსახიობო გუნდის გათვალისწინებით, ემის ნომინანტებში მისი გამოჩენა პოლიტკორექტულობას უფრო უკავშირდება, ვიდრე მხატვრულ ღირებულებებს.
სერიალები – “მხევლის წიგნი” (The Handmaid’s Tale) და “მოშავო” (Black-ish), ტრადიციისამებრ, მყარად ინარჩუნებენ კუთვნილ ადგილს ემიზე, თუმცა წელს “მხევლის წიგნმა” 21 ნომინაციიდან ვერც ერთში ვერ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ნომინაციების და გამარჯვებულების რაოდენობით Netflix-ის სერიალებმა HBO-სას გადაუსწრო. უკანასკნელი წლების განმავლობაში საუკეთესო სატელევიზიო შოუებით დომინირებდა ემის დაჯილდოებაზე, მათ შორის იყო: “სოპრანოს კლანი” (The Sopranos), “სექსი დიდ ქალაქში” (Sex and the City), “დასავლეთი” (Westworld) და, რა თქმა უნდა, “სამეფო კარის თამაშები” (Game of Thrones).
2021 წლის ცერემონია ბრიტანული სამსახიობო ტალანტის ტრიუმფი იყო. წამყვანი ჯილდოების მფლობელი სერიალი “გვირგვინი” (The Crown) გახდა, ის წელს რეკორდული, 24 ნომინაციით “მანდალორიანს” (The Mandalorian) გაუტოლდა. Netflix-ის დრამა დედოფალ ელიზაბეტ II-ის მმართველობის პერიოდს ასახავს, რომელიც საუკეთესო დრამატული სერიალის, საუკეთესო მსახიობი ქალი და კაცის: ოლივია კოლმანი და ჯოშ ო’კონორი, და მეორეხარისხოვანი როლის: ჯილიან ანდერსონი და ტობიას მენზისი, ნომინაციებში გახდა გამარჯვებული.
“მეირი ისტთაუნიდანის” (The Mare of Easttown) ვარსკვლავს, ინგლისელ მსახიობს, ქეით უინსლეტს საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი შეხვდა მინისერიალის ან სატელევიზიო ფილმის კატეგორიაში, მეორეხარისხოვანი როლისთვის კი ევან პიტერსს და ჯულიან ნიკოლსონს ერგოთ პრიზები აღნიშნული სერიალიდან. სატელევიზიო ფილმის სცენარისთვის ემი მიკაელა კოელს გადაეცა ნამუშევრისთვის “I May Destroy You”, რომელშიც ის მთავარი როლის შემსრულებელიც არის. “I May Destroy You” წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დრამაა, რომელშიც კოელი სექსუალური ძალადობის ისტორიას აღწერს.
Apple TV+-ის “ტედ ლასო” (Ted Lasso), 20 ნომინაციით, კომედიის თითქმის ყველა კატეგორიაში ლიდერობდა, რომლიდანაც 4-ში გაიმარჯვა. 2020 წლის ყველაზე დადებითი ისკეიპიზმის სიუჟეტი ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელის გარშემო ვითარდება, რომელსაც ლონდონში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელად მიიწვევენ. “ტედ ლასომ” საუკეთესო კომედიურ სერიალის, მსახიობის – ჯეისონ სუდეიკისი და მეორეხარისხოვანი როლის – ჰანა ვედინგჰემი და ბრეტ გოლდსტაინი ნომინაციებში მიიღო ემი.
Netflix-ის მინისერიალის, “ლაზიერის გამბიტის” (The Queen’s Gambit) პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ, არ არის გასაკვირი, რომ მინისერიალი წელს ემის არაერთ კატეგორიაში მოხვდა, საუკეთესო მინისერიალის ჩათვლით, რომელშიც გაიმარჯვა. “ლაზიერის გამბიტი” 1983 წელს გამოსული ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა და ის გენიოსი მოჭადრაკის შესახებ მოგვითხრობს. სერიალი 2020 წლის სენსაციად იქცა, რამაც ჭადრაკის მიმართ არნახული ინტერესი განაპირობა. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან მინისერიალი სკანდალის საგანიც გახდა. ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი, Netflix-ს სერიალში მისი სახელის არასწორ და “სექსისტურ” კონტექსტში გამოყენებისთვის უჩივის.