აპიჩატპონგ ვერასეტაკულის “მეხსიერება” ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე (BIAFF) 2021
ავტორი: თინა ლაღიძე
საავტორო კინოს ბათუმის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე კანის გრან-პრის მფლობელი ტაილანდელი რეჟისორის, აპიჩატპონგ ვერასეტაკულის ახალი ფილმის – „მეხსიერების“ ჩვენება გაიმართა.
ვინ იცის, რა არის მეხსიერება? ვის რა ტიპის და მოცულობის „შიდა“ თუ „გარე“ მეხსიერება გვაქვს, რა ტიპის მოწყობილობას უერთდება ის და როგორ მუშაობს? სად გადის ზღვარი აწმყოსა და წარსულს შორის, სიზმარსა და ცხადს, შენს და სხვის მოგონებებს, კოსმოსურ ტალღებსა და დედამიწის ვიბრაციას შორის? ჩვენ რა გვესმის? რა ვიცით ან რა გვგონია, რომ ვიცით ამ ურთიერთკავშირების შესახებ? როგორ ვხსნით ჩვენთვის უცნობ მოვლენებს?
ამ კითხვებს ტაილანდელი რეჟისორი თავის თითქმის ყველა ფილმში სვამს. მისი ახალი ფილმიც – „მეხსიერება“, რომელმაც წელს კანის კინოფესტივალზე ჟიურის ჯილდო მოიპოვა, ამ კითხვებზე ეძებს პასუხებს. მთავარი გმირი ჯესიკა, რომელსაც ტილდა სვინტონი თამაშობს, უფრო სწორად, კი არ თამაშობს, ამ კითხვებით შეპყრობილი კადრში ცხოვრობს მას მერე, რაც უცნაური, მიწიერი, ჟანგიანი შეჯახების ხმა აღვიძებს. ხმას მე ვერ აღვწერ, რადგან მთელი ფილმი ამ ხმის ზუსტად გადმოცემაზეა აგებული.
ჯესიკა ამ ხმის გასაცოცხლებლად ხმის რეჟისორ ერნანსაც (ხუან პაბლო ერეგო) უკავშირდება, მაგრამ ხმა ხან არასაკმარისად მრგვალია, ხან არასაკმარისად – სველი ხან არასაკმარისად – ძლიერი. რა ხმაა და საიდან მოდის ის, არავინ იცის. ფაქტია, რომ ჯესიკას ის გამუდმებით ესმის, ძილს უკარგავს და მოსვენებას არ აძლევს. სვინტონის გმირი ფსიქიატრსაც მიმართავს, მაგრამ ის დამამშვიდებელ წამლებზე მეტად რწმენის და ლოცვის გაძლიერებას ურჩევს, რადგან ექიმის აზრით, ხმები ბევრს ესმის, წამლები კი ცოტა ადამიანს შველის.
მოქმედება კოლუმბიაში, ბოგოტაში ვითარდება, სადაც ჯესიკა შოტლანდიიდან დის სანახავად ჩადის. სიუჟეტი მეორეხარისხოვანია, მნიშვნელოვანია პერსონაჟები და მათ შორის ურთიერთობები. ქალაქში გაცნობილი ახალგაზრდა ერნანი ჯესიკას სოფლის სახლში სხვანაირი და სხვა ასაკის ხვდება (ელკან დიაზი). სწორედ ამ სახლში განვითარებული მათი თითქმის ტელეპათიური ურთიერთობაა საინტერესო; ამოუცნობი გარე სამყარო და ორი მეხსიერება. ჯესიკა ერნანის მოგონებებში თავისდაუნებურად მოგზაურობს, მოგონებები კი ერნანს ბევრი აქვს: „მე არაფერი მავიწყდება, ამიტომ არასდროს ვუყურებ ფილმებს და არ ვკითხულობ წიგნებს, გარშემოც საკმარისზე მეტი ისტორიებია, ქვასაც კი თავისი ამბავი აქვს“, – ამბობს ის.
ფილმი „ბოდვაში ჩაკარგვას“ დაემსგავსებოდა, რომ არა რეჟისორის ოსტატობა დასმულ შეკითხვებზე დაგაფიქროს და საკუთარ თავში გამოგზაუროს. ამ ნიშნით აპიჩატპონგის ფილმები თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ლიტერატურას ჰგავს. გარდა ამისა, რეჟისორი მსოფლიო პრემიერებზე საკუთარ ფილმებს ისე წარადგენს, როგორც ერთგვარ არტ-ობიექტებს. ისეთ გარემოს ქმნის, სადაც მაყურებელს ნანახის ფიზიკურად შეგრძნება შეუძლია. წლების წინ როტერდამში მან ერთ-ერთი სასტუმრო იმგვარად მოაწყო, რომ მაყურებელს შეეძლო ჰამაკში წოლილიყო და ისე ეყურებინა მრგვალ ეკრანზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე ფილმისთვის და თუ ჩაეძინებოდა, ამით მხოლოდ რეჟისორის ჩანაფიქრს აღასრულებდა. წინა ნამუშევარი კი, ეკრანის მაგივრად, ბოლის ღრუბელზე იყო პროეცირებული.
არ იფიქროთ, რომ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ გამართული ჩვენება რამით ჩამოუვარდებოდა მსოფლიოს ეფექტურ პრემიერებს. ფილმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სტატიკური, ხანგრძლივი სცენა წვიმიანი ტროპიკული პეიზაჟის ფონზე ვითარდება, სცენის კულმინაციის მომენტში კინოთეატრ “აპოლოშიც” გაწვიმდა, აჭარის სუბტროპიკული კლიმატი კოლუმბიურ ტროპიკულ თავსხმას შეუერთდა და ისედაც უნიკალური აუდიოგაფორმება კიდევ უფრო გაამდიდრა, დარბაზში ბუნებრივად ქუხდა და ნამდვილი წვიმა მოდიოდა, ზოგ კინომოყვარულს კი დარბაზში მშვიდად ეძინა და სიზმრებს ნანახ ფილმს ურევდა.
არ ვიცი სხვა მსოფლიო ფესტივალები როგორ გაართმევენ თავს ამ ფილმის ჩვენებას, ის კი ვიცი, რომ ფილმ „მეხსიერების“ ქართული პრემიერა ტაილანდელი რეჟისორის საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებით გაიმართა და აპიჩატოპონგ ვერასეტაკულე ძალიან კმაყოფილი დარჩებოდა.