fbpx

ფოტო-აუქციონი: გიო სუმბაძე


გააზიარე სტატია

 

ოქსიჯენ ბიენალეს ფარგლებში 25 სექტემბერს გაიმართება  მეხუთე ფოტო-აუქციონი, რომელზეც წარმოდგენილია გიო სუმბაძის ფოტო, რომელიც გადაღებული და დაბეჭდილია 1997 წელს და მას შემდეგ ფოტოგრაფის არქივში ინახებოდა.

გიო სუმბაძე 1976 წელს დაიბადა, ის ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზანისა და ვიზუალური კომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. იგი სახელოვნებო ჯგუფის, “გოსლაბის” წევრია, რომელიც თბილისში 2000 წელს დაფუძნდა.

გიო მულტიმედია არტისტია. მისი ნამუშევრები კონცენტრირდება არქიტექტურასა და ბუნების სტრუქტურაზე; არქიტექტურულ დაგეგმარებაზე, რომელიც ხან ბუნების ელფერს იმეორებს, – ხანაც უპირისპირდება მას. როგორც თავად ამბობს, მისი ნამუშევრები “სივრცისა და დროის ტიპოლოგიური დოკუმენტაციებია”. არტისტი პასუხს იღებს იმისგან, ვინც/რაც მის ობიექტივში ექცევა. ეს მისთვის შთაგონების უმთავრესი წყაროა.

ფოტო-აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრის შესახებ ტექსტი ხელოვანმა გვანცა ჯგუშიამ დაწერა. ინგლისურიდან თარგმნა გურამ ღონღაძემ.

 

ფირის გროვაში ნაპოვნი 1997 წლის ფოტო ერთგვარი ამოვარდნაა არტისტის მთავარი ინტერესიდან, რომელმაც საბჭოური არქიტექტურის აღბეჭდვით გაითქვა სახელი. ერთი მხრივ, სურათი იმეორებს სწორხაზოვანი მონუმენტის მტკიცე კონსტრუქციას, ამავდროულად კი, ითავისებს ადგილობრივი, ავტონომიური ურბანული დაგეგმარების ფემინურ ფლუიდურობას. დასვენებული მუშტი, რომელიც მჭიდროდ მოჭრილი ახლო კადრის ცენტრალური წერტილია, წარმოადგენს ძალაუფლებისა და იმუნიტეტის კვაზი-ალეგორიულ სიმბოლოს, რაც თავის მოთოკვაში  იბადება, თუმცა იტევს ჯიუტი ახალგაზრდული სულის იმ შეგრძნებად უხერხულობას, რომელსაც ყურისწამღები სიმშვიდით შეუძლია გაიბრძოლოს ყველა მექანიზმის წინააღმდეგ. “გვერდითი” – კომპოზიციური თუ კონტექსტური გაგებით – გამოსახულება მონაცვლეობს ბუნდოვან სივრცეებში – პერიფერიულსა და ფოკალურს, გარეგანსა და შინაგანს, საჯაროსა და პირადს შორის. ფარდობითი ტერიტორიები, სივრცითი თუ იერარქიული, არ არის შემოსაზღვრული; არტისტი რჩება რთულად შესაცნობი, იდუმალი, რაც ასევე ავთენტური მახასიათებელია ყოველდღიური ცხოვრების და აწ გადაშენებული არასაჯარო ზარების; …მეფიქრება აუცილებლად მოცემულ მზერაზე… ალბათ, ქმედითია სადღაც, ვიღაცასთან, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს მზერა ურთიერთ საზიაროა, გაზავებულია. დგება მთავარი პერსონაჟის ამოცნობის საკითხი; იქნებ ის უცნობი პირია, ინტიმურ სატელეფონო საუბარში ჩართული თუ დაუსრულებელ ლოდინის რეჟიმში მყოფი? დოგმატურად წარმოებული საბჭოთა მაგიდის დაკაწრული კუთხე? ბალეტის არქეტიპული შარვალი, მსუბუქი აკრილის ქსოვილის, რელიეფის მსგავსად რომ იბზარება და ვარდება, ან თუნდაც ტელეფონის კაბელი, სინათლეს რომ ებრძვის ქვეწარმავლური რეზინის სლიკინა სიბნელით? ვიცქირები დროში გაყინულ ინტიმურ მომენტში და ვფიქრობ, თუ როგორ მოიხელთა არტისტმა წარმავალობა ისეთი წინდახედული მედიუმით, როგორიც არის არაციფრული ფოტოგრაფია?! ინდიგოს ბნელი ტონები სქემატური წესრიგით უპირისპირდება თბილ განათებაში აღბეჭდილი კანის და ბზინვარე ბუსუსების მოყვითალო ტონებს, მთლიან გამოსახულებას კი დასდევს ექო მოგონებების ეფემერულობაზე,  ფირის ერთადერთ ნაბეჭდ ვერსიაზე დაჩნეული ქაღალდის ანაფხეკიც ამის მტკიცებულებაა. დაარქივებული ფოტო გამიზნულად არ მოჩარჩოვდა, არამედ მოზრდილ ხის ვიტრინაში მოთავსდა, რომლის ცენტრშიც ლივლივებს და ააშკარავებს თავის სიმყიფეს, დროსა თუ სივრცეში განუსაზღვრელობას.

 

 

ფოტო-აუქციონი Oxygen Biennial-ზე წარმოგიდგენთ გიო სუმბაძის ფოტოს.  ფოტო, აუქციონის პრინციპით, 25 სექტემბერს, შაბათს, 20:00 საათზე გაიყიდება.

მისამართი: დოდო აბაშიძის 10, გალერეა “საწყობი”

 

 

ფოტო-აუქციონი „გალერეა – საწყობის“ პერიოდული პროექტია. აუქციონის იდეა ეყრდნობა იმ აზრს, რომ  ციფრულიდან ფიზიკურ სხეულამდე გარდაქმნით და ადამიანის ყოველდღიურობაში გამოჩენით ფოტონამუშევარი საკუთარ სრულფასოვან ფორმაში ვლინდება.

 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.