fbpx

რა სჭირს „მანჩესტერ იუნაიტედს“?!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც 2017 წლის 26 თებერვალს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „საუთჰემპტონი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა, გუნდის მაშინდელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთვის ეს გამარჯვება უდიდეს ტრიუმფად იქცა, რადგან იქამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ 140-წლიანი ისტორიის მანძილზე, ვერც ერთმა მწვრთნელმა, მათ შორის თვით სერ ალექს ფერგიუსონმაც კი, ვერ შეძლო ამ კლუბში პირველივე სეზონში რაიმე ტიტულის მოპოვება.

საინტერესოა, რომ ამ მოვლენიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ, მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სწორედ კლუბის ამჟამინდელმა თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა ჩაანაცვლა.

თუკი ნორვეგიელის მიერ ლეგენდარულ კლუბში გატარებულ სამწლიან კარიერას თვალს გადავავლებთ, შევნიშნავთ, რომ მას არამც თუ პორტუგალიელ წინამორბედთან შედარებით, არამედ შესაძლოა კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი წარუმატებლობა აპატიეს. 

გავიხსენოთ თუნდაც 2020 წლის 4 ოქტომბერს მოურინიოს „ტოტენჰემთან“ ანგარიშით 1:6 განცდილი მარცხი „ოლდ ტრაფორდზე“, რასაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენა მოჰყვა… 

კლუბმა ცოტა ხანში გულშემატკივრების წინაშე თითქოს რეაბილიტაცია განიცადა, რადგან პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ იმავდროულად, მან ევროპის ლიგის ფინალი დათმო „ვილიარეალთან“. 

მართალია, ეს იყო თერთმეტმეტრიანების სერიაში მარცხი, მაგრამ გაცილებით მცირე ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბთან, რომელიც ესპანეთის ლა ლიგის უკანასკნელ სეზონში პირველ ოთხეულს მიღმა აღმოჩნდა.

ამგვარად, სულშერის ხელში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მუდმივად მეორეხარისხოვანი, ერთგვარი „ლუზერის“ რეპუტაცია დაიმკვიდრა ქომაგებს შორის, თუნდაც შედარებით „წვრილფეხა“ „ლესტერისგან“ განსხვავებით, რომელმაც ასოციაციის თასის ფინალში თვით ძლევამოსილი „ჩელსი“ დაამარცხა, რაც უბრალო გულშემატკივრის თვალსაზრისით, ნამდვილად სჯობს პრემიერლიგაში მოპოვებულ მეორე ადგილს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპის ლიგის ფინალისტობაზე!

ლიგის თასი ინგლისის სამ ტიტულს შორის ყველაზე ნაკლებად პრესტიჟულია. თუმცა, ბოლო წლებში გაზრდილი კონკურენციის ფონზე, გრანდები მას ზერელედ   პრემიერლიგაში ან ჩემპიონთა ლიგაზე სავარაუდო წინსვლის შემთხვევაში თუ უცქერენ, როდესაც ეს ტურნირი მათთვის ზედმეტ ტვირთად იქცევა ხოლმე. 

ყველაზე მიზანდასახული ინგლისის ლიგის თასზე „მანჩესტერ სიტია“, რომელიც უკვე ზედიზედ მეოთხე წელიწადია ეუფლება ქრონოლოგიურად სეზონის პირველ ტიტულს. გვარდიოლას სტრატეგია სავსებით ნათელია, რადგან ხომ შეიძლება მისმა გუნდმა სხვა ტურნირი ვერც მოიგოს, რაც უკვე რამდენიმეჯერ მოხდა?  

მაგრამ რას ფიქრობდა ოლე გუნარ სულშერი, როდესაც მისი გაწვრთნილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასს პირველივე წრეში „ოლდ ტრაფორდზე“ „ვესტ ჰემთან“ შეხვედრაში ემშვიდობებოდა?

როგორც შემდგომში გაირკვა, სტუმრებმა ერთადერთი გოლი მატჩის დებიუტშივე გაიტანეს. მართალია, კრიშტიანუ რონალდუ მასპინძელთა ძირითად შემადგენლობასთან ერთად ისვენებდა, მაგრამ მაინც საკვირველია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მთელი 90 წუთის მანძილზე ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა მეტოქის კარში, რომელსაც ასევე აკლდა ძირითადი შემადგენლობის არაერთი მოთამაშე.

სამაგიეროდ, რონალდუ მთელი 90 წუთის მანძილზე იმყოფებოდა „ოლდ ტრაფორდზე“ „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში, მაგრამ სტუმრებმა, „ვესტ ჰემის“ მსგავსად, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს სულშერის გუნდი და თანაც ისე, რომ პორტუგალიელმა ღირებული ვერაფერი შექმნა ამ შეხვედრაში. 

36 წლის ვარსკვლავმა ამჯერად თავი მხოლოდ თავმდაბლობით გამოიჩინა, როდესაც მატჩის დამატებულ მე-3 წუთზე პენალტის ნიშნულთან არ მივიდა და გადამწყვეტი დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე მისმა თანამემამულე ბრუნო ფერნანდეშმა აიღო, თუმცა ამაოდ…

ნუთუ ლიგის თასიდან გამოვარდნის და პრემიერლიგის გათამაშებაში პირველი მარცხის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ მორიგი ფიასკო უკვე ჩემპიონთა ლიგაზე „ვილიარეალთან“ შეხვედრაში უნდა განიცადოს, ჯგუფში ბოლო ადგილი შეინარჩუნოს და ოლე გუნარ სულშერს ყოველივე ეს ეპატიოს? 

ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ გამოცდილებით და ტიტულებით ნორვეგიელი აშკარად ჩამოუვარდება თავის მოწინააღმდეგე უნაი ემერის, რომლის გაწვრთნილმა „ვილიარეალმაც“ გასულ ტურში გასვლაზე არაფერი დაუთმო მადრიდის „რეალს“, „ლა ლიგის“ გათამაშებაში შვიდი მატჩიდან მეექვსე დაასრულა ფრედ და „ბეტისის“, „ოსასუნას“ და „მალიორკას“ გარემოცვაში, სატურნირო ცხრილის შუაგულში განაგრძო უსახური მყოფობა. 

ევროთასების მეორე სათამაშო ტურის წინ განსაკუთრებით დიდი დატვირთვა ჰქონდათ ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ კლუბებს, რადგან ამ ქვეყნების ჩემპიონატებში შუა კვირაშიც ჩატარდა მატჩები, ინგლისში კი სათასო შეხვედრები გაიმართა, სადაც ზოგიერთმა წამყვანმა კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მსგავსად, ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზა.

ლიგის თასის პირველი წრე ჩემპიონთა ლიგის მონაწილე სხვა ინგლისურმა კლუბებმა „ჩელსიმ“, „ლივერპულმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ დასძლიეს. გასულ უიკენდზე კი „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის გათამაშების მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში „სტემფორდ ბრიჯზე“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 

შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის იყო, რადგან „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პაექრობის წინ, პეპ გვარდიოლას გუნდისთვის სასურველი იქნებოდა „ჩელსისთან“ გაზაფხულზე პრემიერლიგაში და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორ მარცხზე რევანშის აღება. 

სტუმართა სასახელოდ უნდა იქვას, რომ მინიმალური ანგარიშით 1:0 გამარჯვების მიუხედავად, ისინი აშკარა უპირატესობას ფლობდნენ მთელი 90 წუთის განმავლობაში და მათი რევანში პრინციპულ შეხვედრაში სრულიად დამსახურებულია.

ერთადერთი გოლი მატჩის 53-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუსის ინდივიდუალური ქმედებების შედეგია. ბრაზილიელმა ფორვარდმა „ჩელსის“ ცენტრალური მცველების გაბითურებით საფეხბურთო სამყაროს თითქოს აუწყა, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქვეყანა შეიძლება დღემდე გამოირჩეოდეს სხვათაგან…

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის წინ კი ფავორიტთაგან ყველაზე იოლი გასეირნება მიუნხენის „ბაიერნს“ ელოდა, რომელმაც გასვლაზე „ცალი ფეხით“ აუტსაიდერი „ფიურტი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

„რეკორდმაისტერი“ ბენჯამინ პავარის გაძევების შემდეგ, მთელი მეორე ტაიმის მანძილზე მოედანზე 10 კაცის შემადგენლობით იმყოფებოდა, მაგრამ „ფიურტმა“   მხოლოდ ერთხელ შეძლო მეტოქის კართან რეალური საგოლე მომენტის შექმნა, რომელიც გოლად აქცია კიდეც.

„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს. ეს მატჩი დიდ ინტერესს უპირველეს ყოვლისა სამი ისტორიული დაპირისპირებიდან გამომდინარე იწვევს. პირველი მათგანი 1975 წლის უეფას სუპერთასის მატჩია, რომელშიც უკრაინულმა კლუბმა ოლეგ ბლოხინის ფანტასტიკური ინდივიდუალური გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. 

1999 წელს კი გუნდები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ კიევის „დინამოს“ ორი მატჩის ჯამში სულ ცოტა დააკლდა ფინალში გასასვლელად, მაგრამ ეს ასე რომ მომხდარიყო, მაშინ მაყურებელი ხომ ვერც „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბაიერნს“ შორის ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარ ფინალს იხილავდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ზემოთ ხსენებული ოლე გუნარ სულშერია… 

საინტერესო იქნება „ინტერის“ და „შახტარის“ პაექრობაც, რადგან ეს გუნდები შარშანაც ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ, ორივე შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულეს და საბოლოოდ მერვედფინალის მიღმა აღმოჩნდნენ. 

ამ მატჩის დასრულებისთანავე ერთმანეთს ამავე ჯგუფის ლიდერები – „რეალი“ და „შერიფი“ დაუპირისპირდებიან. ეს სწორედ ის „შერიფია“, რომელიც ორი წლის წინათ საქართველოს მაშინდელმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხა.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.