გადანაცვლების რიტუალები – თანამედროვე ხელოვნების ბიენალე 2021
ფოტოკრედიტი: სანდრო სულაბერიძე
რას ქმნიან არტისტები დღეს, როცა სამყარო გაურკვეველ მდგომარეობაშია და ხელოვნებისთვის ერთი მხრივ, განუზომლად ბევრი მედიუმი და სივრცეა, მეორე მხრივ კი პანდემია და შეზღუდვები მისთვის ადგილს ავიწროებს და ხალხმრავალ გამოფენებს ზღუდავს – თანამედროვე ხელოვნების ბიენალე ამ კითხვაზე პასუხის გაცემის წარმატებული მცდელობა და ასევე იმ მდგომარეობის დაფიქსირებაა, რაც გვაქვს დღეს, 2021 წლის სექტემბერში.
Propaganda.Network-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ჯგუფური გამოფენა Oxygen, რომელიც თბილისში მეოთხედ იმართება, წელს ბიენალედ გამოცხადდა და მასშტაბები გაზარდა. ქეთევან შავგულიძისა და სერ სერპასის კურატორობით გამართული გამოფენა, სათაურით „გადანაცვლების რიტუალები“ 30-ზე მეტი არტისტის ნამუშევარს აერთიანებს საქართველოდან და საზღვარგარეთიდან. ბიენალეს ეგიდით იმართება საგანმანათლებლო, თემატური საუბრები და პარალელური ღონისძიებები. ცენტრალური საგამოფენო სივრცის გარდა, რომელიც დოდო აბაშიძის 10 ნომერში მდებარე ელექტროსადგურის ფაქტობრივად მიტოვებულ შენობას და იქვე მდებარე სხვა ნაგებობებს წარმოადგენს, პარალელური ღონისძიებებისთვის თბილისში არსებული სხვა საგამოფენო სივრცეები და გალერეებიც ბიენალეს მიერაა „ათვისებული“.
მიშიკო სულაკაური – Genesis 3:19
ბიენალეს ფარგლებში გამოფენები პარალელურად მიმდინარეობს „ცოცხალ სივრცესა“ და „პირდაპირ ეთერში“, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნახვა ყველას შეუძლია მიუხედავად იმისა, ფიზიკურად მივა თუ არა საგამოფენო ექსპოზიციების დასათვალიერებლად. ნებისმიერი ნამუშევრის შესახებ ვიდეოდოკუმენტაციას „არტარეა“ ამზადებს და გამოფენის პარალელურად ინტერნეტში ათავსებს მათთვის, ვინც „ეკრანულ“ ცხოვრება მიეჩვია. ეს დოკუმენტაცია თავის მხრივ ბიენალეს დროის შეზღუდვას უხსნის და ნამუშევრების ნახვა ამ ფორმით მისი ფიზიკურ სივრცეში დასრულების შემდეგაც იქნება შესაძლებელი. #ეთერში და #intheether ის ჰეშთეგებია, რომლებიც ბიენალეზე გამოფენილი ნამუშევრების შესახებ ვიდეოების მოძიებაში დაგეხმარებათ.
დორა ბუდორი – „დატყვევებული მზე“
„გადანაცვლების რიტუალები“ არა მხოლოდ ბიენალეს სათაური, ის კომპლექსური მდგომარეობაა, რომელშიც იმყოფებიან არტისტებიც და ხელოვნების მოყვარულებიც დღეს – გაუცხოება, გადავადებული ყოველდღიური შეხვედრები, მოგონებები მასობრივ ღონისძიებებზე და ცოდნა იმისა, რომ აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო. ეს მდგომარეობა გვაიძულებს ვეძებოთ ახალი გზები, ფორმები და მედიუმები თავის უკეთ გამოსახატავად და აქტუალობის შესანარჩუნებლად – „გადანაცვლების რიტუალები“ კი ცდილობს გახდეს ნავიგატორი იმის საჩვენებლად, როგორი შეიძლება იყოს გამოფენა, მაშინ როდესაც ის „ეკრანულ“ ცხოვრებას და მასობრივი სახელოვნებო ღონისძიებების შესახებ მოგონებების სპეციფიკურ მოთხოვნებს ერგება.
ნიკა ქუთათელაძე – „წყაროს წყალი“
„გადანაცვლების რიტუალები“, როგორც მცდელობა დროის, მომენტის დაფიქსირებისა, საყურადღებოა იმითაც, რამდენადაც სხვადასხვა მედიუმში შექმნილ სხვადასხვა თემატიკისა და მასშტაბის ნამუშევრებს აერთიანებს. მაგალითად, ვიდეოარტი, რომელსაც უფრო და უფრო „უშინაურდებიან“ ქართველი არტისტები და ინსტალაციები, რომლებიც იდეალურად „ერგებიან“ საგამოფენო სივრცეს, საინტერესო სურათს ქმნის. მნიშვნელოვანია ასევე პარალელური ღონისძიებები, რომლებიც აბრეშუმის მუზეუმში, გალერეებში – 4710, LC Queisser, E.A. Shared Space, საწყობი, ართბითი, გამრეკელსა და The Why Not Gallery-ში იმართება. ბიენალეს ეთმობა დედიკას გალერეა და თიბისი კონცეპტის სივრცეც.
ბიენალეს მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე საგანმანათლებლო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც კურატორები, ხელოვანები და მკვლევრები სხვადასხვა თემაზე მართავენ დისკუსიებსა თუ დიალოგებს.