fbpx

Vintage Hub – ახალი ვინტაჟური სივრცე თბილისში


გააზიარე სტატია

დღეს საკუთარი თავის გამოხატვის  ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება ისეთი ტანსაცმლის ტარებაა, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს პიროვნულ თვისებებს და თავს კომფორტულად გვაგრძნობინებს. 

ჩვენს ქვეყანაში კრეატიული და ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც პროექტებს ახლებური ხედვითა და  იდეებით გვთავაზობენ. სწორედ ასეთი ახალი პროექტია Vintage Hub – ახალი ვინტაჟური სივრცე თბილისში. 

Vintage Hub-ში ოთხი ქართული ვინტაჟური ბრენდია  წარმოდგენილი – kumiko, Naftalyn, Tochka Vintage და Vintage Coma. 

მაღაზია მომხმარებელს საუკუნეებს გადარჩენილ ტანისამოსსა და აქსესუარებს სთავაზობს, რომლებსაც სხვა თანამედროვე ტიპის მაღაზიებში ვერ ნახავთ. ისინი სხვადასხვა ეპოქას მიეკუთვნება და საკმაოდ მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა.

„ტანსაცმელს მთელი ქვეყნის მასშტაბით საწყობებში, მაღაზიებში, სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში ვეძებთ და ვარჩევთ. ამორჩეულ სამოსს ვასუფთავებთ, ვაწესრიგებთ, დაზიანების შემთხვევაში ვაკეთებთ, ვაუთოებთ და ამგვარად ვაწვდით მომხმარებლებს“, – გვიყვება Vintage Hub-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იზი თითბერიძე.

ვინტაჟური მაღაზია ოთხმა მეგობარმა ერთობლივად გახსნა. პანდემიიდან გამომდინარე მაღაზია  მთელი წლის მანძილზე ძირითადად ონლაინგაყიდვაზე იყო  ორიენტირებული. 

„მიუხედავად არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, გადავწყვიტეთ, ერთიანი ძალებით ისევ დიდ სივრცეში გადავსულიყავით, რადგან გვჯერა, რომ ვინტაჟური ტანსაცმლის შერჩევას და ყიდვას სხვაგვარი გამოცდილება სჭირდება, რასაც ონლაინ მომხმარებელს ვერ შევთავაზებთ,“ – ამბობს  იზი. 

Vintage Hub-ის დამფუძნებლები სამომავლოდ გეგმავენ, რომ მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით მიაწოდონ თავიანთი სამოსი და მათ განსაკუთრებული ციფრული გამოცდილება შესთავაზონ, რასაც საკონფერენციო აპლიკაციების დახმარებით შეძლებენ.

„სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ, რომ ის ნივთები, რომლებიც შეკეთებას აღარ ექვემდებარება, გადავაკეთოთ და მათ ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ“, – ამბობს იზი.

ახალი ვინტაჟური სივრცე ფაბრიკის მოპირდაპირედ, ნინოშვილის 5 ნომერში მდებარეობს, სადაც  მომხმარებელს  ტანისამოსს შეურჩევენ და მათზე ისტორიებსაც მოუყვებიან.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.