fbpx

ოთარ სულაბერიძე – მხატვარი დინამიკური ეპოქიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

მოულოდნელად ყველამ სიცოცხლის და  60-70-იანების სუნთქვა ვიგრძენით, როცა ზაფხულის ერთ დღეს მხატვარმა კოტე სულაბერიძემ ფეისბუქზე შემდეგი სტატუსი დადო: 

“მამაჩემის ნამუშევრების ყუთი გავხსენი. აქ მომინდა გამეზიარებინა. 60-70-იანი წლებია…“ 

სტატუსს თან ახლდა ეს ნამუშევარი,  რომელიც „სქროლვისას“, დარწმუნებული ვარ, ყველას თვალში მოგხვდებოდათ თავისი  ენერგიით, დინამიკით, მკვეთრი ფერებითა  და რაც მთავარია  ხმაურით –  როგორც ექსპერიმენტული ჯაზი. 

და რამდენიმე წუთში კომენტარების წვიმაც წამოვიდა:

– კოტე, რა მაგარია, ამ ყველაფერს ყუთში რა უნდა, უკან აღარ  ჩადო. 

– გმადლობ, ზუსტად ამიტომ მინდა არქივირება და გამოქვეყნება.

– ძაან 70-იანებია.

– რა ფუტურისტულად გამოიყურება.

–  შესარყევია. 

–  გენიალურია. 

–  უმაგრესია. 

–  გამოფენა გვინდა, ნახვა გვინდა.

–  გამოფენა გააკეთე, კოტე…

პირველი აღტაცების შემდეგ კარგად დავაკვირდი ნამუშევარს:  მინაწერი მასალისა და  ზომების შესახებ გვამცნობდა, რომ ის  შესრულებული იყო   მუყაოზე, შერეული ტექნიკით    (გუაში, კალმისტარი, ფოტო-კოლაჟი. ზომა – 29 X 20 სმ.),  რაც კიდევ მეტად  უსვამდა ხაზს  ავტორის მიერ   მინიატურულ სივრცეში მასშტაბურობის და დინამიკურობის ილუზიის შექმნის ოსტატობას. 

პირველ სტატუსს და  ნამუშევარს ბევრი სხვაც მოჰყვა… და საბოლოოდ, ოთარ სულაბერიძის (1937- 2006 წწ.) ერთ დიდ  რეტროსპექტულ ონლაინგამოფენად იქცა,  რომელიც კოტეს სტატუსების წყალობით დღემდე ივსება „ახალი  ნამუშევრებით“ მამის   ძველი ყუთიდან, ფეისბუქ-დამთვალიერებლების ოვაციების ფონზე. 

ნამუშევრები ჟანრობრივად  მრავალფეროვანია – პორტრეტები, ურბანული პეიზაჟები, ნატურმორტები, ნიუები…  ყველა მათგანის მასშტაბი მცირეა და ძირითადად შესრულებულია გუაშით, მელნით, პასტელით, ფანქრით, მარკერით  ხან მუყაოზე, ხანაც უბის წიგნაკის ფურცლებზე პასტით..  ამ ყველაფრიდან იგრძნობა, რომ მათი ავტორი დიდ სიამოვნებას განიცდის ექსპერიმენტებითა და ხატვის პროცესით. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია –  ის ზუსტად გრძნობს 60-70-იანების ახალ ესთეტიკას, ტენდენციებსა და  რიტმს, ხშირად მიმართავს ამ ეპოქის წამყვან მიმდინარეობას – პოპარტს და თავის ჩანახატებში იკვლევს და ერთობა 70-იანებში ასე მოდური ოპტიკური ხელოვნების ილუზიით. 

მაგალითისთვის მისი მელნით შესრულებული ჩანახატი „სვეტიცხოველი“ ავიღოთ, რომელიც პათეტიკური და სტერეოტიპული  „წარსულის დიდების“ შარავანდედით კი არ „ბრწყინავს“, როგორც ამას საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა მხატვრობაში ვართ მიჩვეული, არამედ პირიქით –  შუასაუკუნეების ინოვაციურ ურბანულ ხელოვნებას სწორედ 70-იანების ხელწერით აცოცხლებს და დროში ჩვენთან  აახლოებს. ეს ხარაჩოებიანი „სვეტიცხოველი“ ფეისბუქზე ბევრის ფავორიტი ნამუშევარი გახდა…

ოთარ  სულაბერიძე არ ყოფილა ოფიციალურად მხატვარი, თუმცა შესაძლოა, მთელი ეს ექსპერიმენტული ჩანახატები სწორედ მისი მრავალმხრივი  პროფესიული გამოცდილების, დაკვირვებისა  და ტექნიკური განათლების შედეგიც იყოს. 

 ის ინჟინერ-კონსტრუქტორი გახლდათ და 1963 წლიდან ცხოვრების ბოლომდე სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის თანამშრომელი იყო.  როგორც კოტე გვიამბობს,  60-იანი წლებიდანვე თანამშრომლობდა საქქალაქმშენთან. კერძოდ, მჭიდრო  მეგობრობა აკავშირებდა არქიტექტორ რამაზ კიკნაძესთან. ასევე თანამშრომლობდა ძეგლთა დაცვის სამსახურთან. მაგალითად,  მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფთან  ერთად (ხელმძღვანელი გურამ ჭეიშვილი) განხორციელებული აქვს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა სვიფის ჯგრაგი (წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, მე-10 ს. სოფ. ფარი, სვანეთი) 19776-77 წწ-ში, სადაც კოლეგებთან ერთად  (ეჟენ დანელია, პავლე მიქაძე)   ჟანგბადის ბალიშებით შექმნა  უნიკალური კონსტრუქცია ჩამონგრეული კამარის აღსადგენად.

80-იანი წწ-ის მიწურულს აქტიურად მუშაობდა ვენახების გადახურვის სეტყვის საწინააღმდეგო  სისტემების შემუშავებისა და დანერგვის საკითხებზე.

წლების მანძილზე თანამშრომლობდა ზურაბ წერეთელთან  და ახორციელებდა მისი სკულპტურების საინჟინრო გათვლებს სეისმომედეგობისა და ქარის დატვირთვის წინააღმდეგ.  ასეთივე გათვლების აქვს წარმოებული მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევრის  – დავით აღმაშენებლის ქანდაკების თაობაზე. 

თვითონ რა დამოკიდებულება ჰქონდა იმასთან, რომ ხატავდა?

კოტე სულაბერიძე:  ფაქტია, რომ ძალიან უყვარდა. იმიტომ, რომ ყოველ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებული, მიუჯდებოდა მაგიდას და ხატავდა. შინაურებმა და ახლობლებმა იცოდნენ მისი ამ გატაცების შესახებ. საზოგადოებაში ამის  აფიშირება დიდად არ უყვარდა. მე ეჭვი მაქვს, რომ ერიდებოდა, არ თვლიდა, რომ რამე მნიშვნელოვანს აკეთებდა. 

შენ როგორ აღიქვამდი მის ხატვას, როგორც ბუნებრივ პროცესს? 

კოტე სულაბერიძე: ფორტეპიანოს ბგერები (დედაჩემი მუსიკის მასწავლებელია) და ხატვა ჩვენს ოჯახში ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამ იყო. დაახლოებით ისეთივე, როგორც ყოველდღიური საუზმე, სადილი და ვახშამი. მე ამასთან ერთად დავიბადე და ვერც კი წარმომედგინა, სხვაგვარად ცხოვრება თუ იყო შესაძლებელი.

კადრებად მაქვს ჩარჩენილი მეხსიერებაში:

ვზივარ მამაჩემის კალთაში, ალბათ 2-3 წლისა, მაგიდა განათებულია სანათით, მაგიდაზე ქათქათა თეთრი ფურცელია, მამაჩემი უკიდებს სიგარეტს, თამბაქოს არაჩვეულებრივად გემრიელი სურნელი ოდნავ მაბრუებს.  ჩემ თვალწინ, წარმოუდგენელი ჯადოქრობა ხდება: მამაჩემის ხელის მსუბუქი მოძრაობის შედეგად ფურცელზე რაღაცები ისახება. დანარჩენი სამყარო წყვეტს არსებობას…

 

საუკეთესო გართობის საშუალება იყო ჩემთვის:  მივუჯდებოდი მამაჩემს გვერდით და ვუყურებდი როგორ ხატავდა. ნებისმიერი სევდისა თუ მოწყენილობის განმკურნებელი იყო ეს მოგზაურობა ამოუცნობ, იდუმალ და ირეალურ სამყაროში“.

საუბარში ახსენე, რომ ბაბუაც ხატავდა…

კოტე სულაბერიძე:  როგორც ჩანს, მამაჩემის მამასაც ჰყვარებია ხატვა. უჯრების დალაგებისას სადღაც წავაწყდი ბაბუაჩემის ხელით შესრულებულ ჩანახატებს ფანქრით. ვერ ვიხსენებ, ახლა სადაა. ერთი რამ ფაქტია: ბაბუამ მეორე მსოფლიო ომიდან ალაფის სახით მხოლოდ ორი რამ ჩამოიტანა – Zeiss-ის ბინოკლი და დაღუპული გერმანელი ოფიცრის ჩანახატების ალბომი, რომელიც ჩემი წარმოდგენით ბრძოლის ველზე იპოვა. მახსოვს, მე და ჩემს ძმას გვიყვარდა ამ ალბომის დათვალიერება – ზოგიერთ გვერდს ყავა ჰქონდა გადასხმული, ზოგიერთ გვერდზე კი ჩანახატებზე ლამაზი გოგოები ჩანდნენ (სავარაუდოდ, სანგრების ფანტაზიები იყო…), ზოგზე კი რეალური საბრძოლო ჩანახატები – წითელარმიელების განადგურებული ტანკები და მათ გვერდით ამაყად მდგომი სვასტიკიანი Panzer-ები.

იმ დროს ასეთი რამ რომ ენახათ საბჭოთა მეომრის ხელში, შარს ვერ ასცდებოდა…“

თავად მხატვრებს როგორი რეაქცია ჰქონდათ მის ამ გატაცებაზე, ვისთან მეგობრობდა, რა ურთიერთობა  ჰქონდა მაშინდელ სახელოვნებო წრეებთან ოთარ სულაბერიძეს?

კოტე სულაბერიძე: მისი უახლოესი მეგობარი იყო მოქანდაკე გურამ ქაჯაია. გარდა უამრავი საერთო ინტერესისა, მათ აკავშირებდათ ხელოვნების სიყვარული. მისი უშუალო ხელის შეწყობით ოთარს საშუალება ჰქონდა სამხატვრო აკადემიაში ხატვის კათედრაზე დასწრებოდა მოდელის ხატვის პროცესს და ამავდროულად, აღმოჩენილიყო მხატვართა  წრეში, ისეთი ხელოვანების გარემოცვაში, როგორებიც იყვნენ – ზურაბ ნიჟარაძე, დიმა ერისთავი, თენგიზ მირზაშვილი (ჩუბჩიკა), კოკა იგნატოვი  და სხვ.

მოგვიანებით, 70-იანების ბოლოს და 80-იანებში, ოთარი და ჩუბჩიკა კიდევ უფრო დაახლოვდნენ –  ჩუბჩიკას მიერ ფიროსმანის ნამუშევრებისა და ნაკვალევის შესწავლის ნიადაგზე. მახსოვს, დილით ერთმანეთს ხვდებოდნენ და მოდიოდნენ ხან ხაშმში, ხანაც მირზაანში. რას აკეთებდნენ, ზუსტად არ ვიცი. მახსოვს, საღამოობით, ბოთლი ღვინის თანხლებით მათი  საუბრები ხელოვნებაზე. იურა ჩიკვაიძე (სამეულის წევრი: ქოჩაკიძე, ჩიკვაიძე, სლოვინსკი) ასევე მისი ძალიან ახლო მეგობარი იყო. საღამოობით ბოთლი ღვინო, საუბრები ხელოვნებაზე და არა მარტო…“

 

… მოკლედ, ეს ის “ბექგრაუნდია”, რომლის გაცნობით შესაძლებლობა მოგვეცა ლოგიკურად დაგვეკავშირებინა ამ ნამუშევრების შექმნა და არსებობა კონკრეტულ დროსთან და ეპოქასთან მიმართებაში.  დარწმუნებული ვარ,   ქართული ხელოვნების 60-70-იანი წლების კვლევისა  თუ  მისი პარალელების ძიება  დასავლურ პოპარტთან  ოთარ სულაბერიძის  ინტელექტუალურ ნამუშევრებსაც იგულისხმებს მომავალში.

მანამდე კი სულმოუთქმელად  ველოდებით მის პერსონალურ გამოფენას. 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.