fbpx

სვანეთის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი 3-7 ოქტომბერს გაიმართება


გააზიარე სტატია

3-7 ოქტომბერს სვანეთში, კონკრეტულად კი მესტიაში, სვანეთის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, სადაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის ორგანიზატორები მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი არიან. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება სვანეთში პირველად გაიმართება, სტუმართა შორის სამოცამდე კინოხელოვანი და კინემატოგრაფისტია მოწვეული – სხვებთან ერთად ფესტივალზე დამწყები რეჟისორებიც ჩავლენ. 

კინოფესტივალი 3 ოქტომბერს დაიწყება და  7 ოქტომბერს სასტუმრო “გისტოლაში“ დახურვის ცერემონიალით დასრულდება. 

 

“2015 წელს სანდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიყავი მიწვეული და იქ დამებადა იდეა, რომ სვანეთშიც დამეფუძნებინა კინოფესტივალი. 

რეგიონისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მაქვს მოლოდინი, რომ ფესტივალზე მოწვეული უცხოელი სტუმრები სვანეთით დაინტერესდებიან და შეიძლება იქ ფილმებიც კი გადაიღონ. 

ბევრი მიმართულებით ვფიქრობთ ფესტივალის განვითარებას და იმედი მაქვს, ის არა მარტო სვანეთისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გახდება. 

ასევე, მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის პერიოდში და მერეც, თითქმის ყველა სოფელში იყო მოქმედი კინოთეატრი, სადაც ყოველ საღამოს აჩვენებდნენ ფილმებს – 90 წლების შემდეგ ეს კულტურა ჩამოიშალა და აუცილებელია ისევ დაინერგოს“ – ამბობს მარიამი At.ge-სთან.

 

წელს მაყურებელი 20 მოკლემეტრაჟიან ფილმს იხილავს. 

ჟიურის წევრები იქნებიან  ცნობილი ქართველი რეჟისორები – ანა ურუშაძე და ლევან კოღუაშვილი, ჟიურის თავმჯდომარე კი ვენეციისა და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის სელექტორი პაოლო ბერტოლინი. ფესტივალის ფარგლებში პაოლო ონლაინ მასტერკლასებსაც ჩაატარებს. 

მასტერკლასებს ჩაატარებენ ვლადიმერ კაჭარავა, გიორგი ოვაშვილი, ქეთი დანელია და ლევან კუხაშვილიც. 

 

გამარჯვებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს ფესტივალის მთავარი პრიზი – ქალღმერთი დალი გადაეცემა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალზე წარსადგენად უკვე შერჩეულია 11 სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტიც, რომელთა რეჟისორებისთვისაც პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა ტრენინგებს ჩაატარებს. ასევე რუსუდან ჭყონია და გიორგი ოვაშვილი შეარჩევენ სამ საუკეთესო პროექტს, რომელსაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ ფულადი პრიზები.

კინოფესტივალის გენერალური სპონსორია სასტუმრო „გისტოლა”, ოფიციალური მხარდამჭერი კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, –  სსიპ “საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს ბანკი, ფრანგული ინსტიტუტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,  „თელიანი ველი”, ოლპრინტი, ბადაგი, ალბომი და  20 Steps Productions.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.