ფოტო-აუქციონი: სოფო კობიძე
2 ოქტომბერს გაიმართება მეექვსე ფოტო-აუქციონი, რომელზეც წარმოდგენილია სოფო კობიძის ფოტო “ნიღბის აღსარება”.
სოფო კობიძე თბილისში ცხოვრობს (დაბ. 1987 წ.) და ფერწერის, გრაფიკის, ინსტალაციის, ფოტოს, სკულპტურის მედიუმში მუშაობს. ხშირად მისი ნამუშევრები სათავეს იღებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, მაგრამ სურათებში, ობიექტებში, ინსტალაციებში კონკრეტული ამბების კვალი მთლიანად იკარგება და მთავარი შეხების, მხედველობის შეგრძნებებია.
სოფო კობიძე თანამედროვე ხელოვნების პლატფორმის, „ობსკურას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სახელოვნებო პროექტების ორგანიზატორია.
ფოტო-აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრის შესახებ ტექსტი კულტურის მკვლევარმა და კურატორმა მარიამ ლორიამ დაწერა.
“Light and darkness, brightness and obscurity, or if a more general expression is preferred, light and its absence, are necessary to the production of colour… Colour itself is a degree of darkness.”
Johann Wolfgang von Goethe, Theory of Colours
ფოტო, სურათი საშუალებაა მიაგნო უკვე არსებულს თავიდან, მიაგნო რეალობასთან მისასვლელ გზას. არეულობაში, უსაზღვრო ნაკადებში ციფრულ და ნამდვილ სამყაროებს შორის თუ იპოვი რაღაცას, რაც მოგტაცებს თვალს და მოახერხებ რამდენიმე წუთი კონცენტრაციას, ეს იქნება საჩუქარი ცხოვრებისგან, რომ იყო აქ, ამ მომენტში.
ადვილი სულაც არ არის იპოვო უბრალოება და სინაზე… თეთრი გაგაფრენს, სადაც ინატრებ. შეიძლება შავ, მკვრივ, პრიალა სიბრტყეს მოშორდე, რომელსაც თეთრი ეხება და მეტი არაფერი. ეს შენი წამია, რომელიც მოიხელთე. კონტრასტი შავის და თეთრის… – ამ ორს შორის მთელი ომია, გარდატეხა და ცისარტყელა, ფერები მათ შორის ბრძოლაში იბადება და იწვის ცეცხლივით… და ეს პროცესი მაშინ მიდის, როცა ამ ორს ერთად ხედავ. წარმოიქმნება გრძნობის მოძრაობის ტალღები. – ამიტომ არის შეჯახება, დრამა იქ, სადაც მარტივი სინაზეა – შავი და თეთრი.
ფოტო-აუქციონი 2 ოქტომბერს, შაბათს, 20:00 საათზე ჩატარდება.
მისამართი: დოდო აბაშიძის 10, გალერეა “საწყობი”
______________
ფოტო-აუქციონი „გალერეა – საწყობის“ პერიოდული პროექტია. აუქციონის იდეა ეყრდნობა იმას, რომ ციფრულიდან ფიზიკურ სხეულამდე გარდაქმნით, და ადამიანის ყოველდღიურობაში გამოჩენით, ფოტონამუშევარი საკუთარ სრულფასოვან ფორმაში ვლინდება.