დემნა გვასალია, როგორც “სიმპსონების” პერსონაჟი – Balenciaga-ს მოულოდნელი კოლაბორაცია საკულტო ანიმაციასთან
დემნა გვასალია საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში გამოჩენისთანავე მოდის, და არა მხოლოდ მოდის, პრესის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად პერსონად იქცა. მიზეზი მხოლოდ მის მიერ შექმნილი დიზაინი არ არის – კოლექციის წარდგენის კრეატიული და მოულოდნელი ფორმებით გვასალია ყოველთვის იწვევს დიდ ხმაურს. მას შეგვიძლია თანამედროვე ეპოქის ის დიზაინერი ვუწოდოთ, რომელიც ერთდროულად ხელოვანიც არის, პერფორმერიც და მარკეტინგული უნარებით დაჯილდოებული ადამიანიც. ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელისაგან ბევრი რამ გვინახავს, მაგალითად, კოლექციის პრეზენტაცია პარიზის ჩაბნელებულ ქუჩებში გადაღებული მუსიკალური ვიდეოსა თუ კომპიუტერული თამაშის მეშვეიბით. თუმცა, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მისმა ჩვენებამ მაინც მოახერხა მედიისა და ინტერნეტსივრცის კიდევ ერთხელ ალაპარაკება.
2 ოქტომბერს დემნა გვასალიას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით Balenciaga-მ 2022 წლის ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ჩვენების კონცეფცია წითელი ხალიჩა იყო, თუმცა, შოუს ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი ფინალი აღმოჩნდა – ბალენსიაგამ ამჯერად საკულტო ანიმაციურ ფილმთან, The Simpsons-თან თანამშრომლობით შექმნილი 10-წუთიანი ვიდეო წარადგინა. დიახ, ნამდვილად არ მოგესმათ, ეს იყო სიმპსონების სპეციალური ეპიზოდი, რომელშიც ანიმაციის ცნობილ გმირებთან ერთად, ანა ვინტურისა და დემნა გვასალიას პერსონაჟებიც ვიხილეთ.
The Simpsons-ისათვის ჩვეული იუმორით, ეს კოლაბორაცია სრულიად მოულოდნელი, თუმცა, ამავდროულად, ძალიან ბუნებრივი და სახალისო იყო. მისი დასრულების შემდეგ ყველამ ერთხმად შეგვიძლია აღვნიშნოთ – ეს ის არის, რაც მოდის სამყაროში მხოლოდ დემნა გვასალიას შეეძლო მოეფიქრებინა და სისრულეშიც მოეყვანა.
Springfield Fashion Week #Balenciaga #PFW #simpsons pic.twitter.com/dtu3ESfwTn
— Patrick Calmels (@CalmelsPatrick) October 2, 2021
1,452 total views, 1 views today