fbpx

ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენები


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეორე სათამაშო დღემ იმდენად საინტერესოდ ჩაიარა, რამდენადაც შეიძლებოდა დაეკმაყოფილებინა ნებისმიერი ყაიდის და მათ შორის სენსაციების მოყვარული გულშემატკივრები.

აბა გავიხსენოთ, როდის დამარცხდნენ უკანასკნელად ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთსა და იმავე ტურში „რეალი“ და „ბარსელონა“ და ვინ იყო მათი მეტოქეები.

„რეალი“ – „შერიფის“ დაპირისპირების სცენარის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლებმა მეტოქე ჯეროვნად არ დააფასეს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანჩელოტის გუნდმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოლდოვის ჩემპიონთან სენსაციური მარცხის შემდეგ, „ინტერს“ ჯგუფში შარშანდელი ჩარჩენის პერსპექტივა გაუათმაგა და ამით შეიძლება „სამეფო კლუბის“ დირექტორატს სიხარული მოჰგვარა კიდეც.

აი „ბარსელონას“ კი „ბენფიკასთან“ წაგება შეიძლება გაცილებით ძვირად დაუჯდეს, ვიდრე „შერიფთან“ „რეალს“, რომელიც შარშან შინ „შახტართანაც“ დამარცხდა, მაგრამ ჯგუფში მაინც პირველ ადგილზე გავიდა.

„ბარსელონამ“ პირველი ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით 0:3 წააგო, რითაც ახალი ფურცელი გადაშალა კლუბის ისტორიაში. კატასტროფული რეალობის ერთ-ერთი შემოქმედი კი, რა თქმა უნდა, მისი ჰოლანდიელი მწვრთნელი რონალდ კუმანია.

თუკი თვალს გადავავლებთ E ჯგუფის სატურნირო ცხრილს, შევნიშნავთ, რომ საშინელი სტარტის მიუხედავად, “ბარსელონა“ კვლავ ინარჩუნებს მერვედფინალში გასვლის შანსს, რადგან „ბენფიკას“ ქულები კიევის „დინამოსთან“ აქვს დაკარგული. 

სრული მობილიზაციის პირობებში ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული „ბაიერნთან“ მეორე შეხვედრაში სავარაუდო მარცხის, მაგრამ დანარჩენ მატჩებში მოგების შემთხვევაში, შეძლებს ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებას. თუმცა, ასეთი ფიქრის საფუძველს „ბარსელონას“ დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა.  

ჯგუფის ლიდერი კი მიუნხენის „ბაიერნია“, რომელმაც კიევის „დინამო“ მშვიდად და აუღელვებლად, ანგარიშით 5:0 გაანადგურა. მატჩის გმირად რობერტ ლევანდოვსკი იქცა, რომელმაც დუბლთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ტურნირის ახალი სარეკორდო მაჩვენებელი მიითვალა.

პოლონელი ფორვარდისთვის კიევის „დინამოსთან“ გამარჯვება 2019 წლის 18 სექტემბრიდან მოყოლებული, „ბაიერნის“ შემადგენლობაში ზედიზედ მე-18 აღმოჩნდა ამ ტურნირზე. „ბაიერნი“ ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ, „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდა, მაგრამ ლევანდოვსკის იმ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია.

უკრაინელებთან მატჩში განსაკუთრებით ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი ლეროი სანემ, რომელმაც შენიშნა კარის ხაზიდან ოდნავ წინ გამოსული გოლკიპერი და მარცხენა ფრთიდან შორეული დარტყმით ბურთი კიეველთა კარის ახლო კუთხის ცხრიანში გაახვია. 

არაპროგნოზირებადი გამოდგა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება, რადგან სტუმრები თითქოს უფრო მეტს უტევდნენ და აშკარა საგოლე მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ გოლები მხოლოდ მათ კარში გადიოდა.

პირველი ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში „პარი სენ-ჟერმენის“ კარის ხარიხამ ზედიზედ ორჯერ აისხლიტა ბურთი, იქამდე კი მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად იდრისა გეიემ დააწინაურა მასპინძლები. 

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მატჩის მეორე ნახევარში ლიონელ მესის მიერ პარიზულ კლუბში გატანილი სადებიუტო გოლი აღმოჩნდა. არგენტინელმა ეფექტურად ჩაახვია ბურთი საშუალო დისტანციიდან გოლკიპერ ედერსონის კარში. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა კილიან მბაპემ შეასრულა.  

„მანჩესტერ სიტის“ მსგავსად გატანილი გოლის გარეშე დატოვა მინდორი ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა „ჩელსიმაც“. ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში ლონდონური კლუბი გასვლაზე მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა „იუვენტუსთან“.

ტურინელთა ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მათ აშკარა პროგრესზე და ფავორიტთა რანგში დაბრუნებაზე მეტყველებს ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე. შედარებისთვის: გულშემატკივარს კარგად ახსოვს „ბებერი ქალბატონის“ შარშანდელი ფიასკო მერვედფინალში „პორტუსთან“, რომელიც ამჯერად „ლივერპულთან“ შინ, ანგარიშით 1:5 დამარცხდა.  

„იუვენტუსის“ ჩინებული სტარტი ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, რა თქმა უნდა, უფროსი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებას უნდა დავუკავშიროთ, რადგან გარდა იმისა, რომ ტურინულ კლუბს შემადგენლობის თვალსაზრისით წინსვლა არ ჰქონია, გუნდი კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა.

სამაგიეროდ სამწვრთნელო წარმატებად ნამდვილად ვერ ჩაეთვლება ოლე გუნარ სულშერს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ „ოლდ ტრაფორდზე“ „ვილიარეალის“ დამარცხება.

ვინ იცის, ნორვეგიელს რამდენი ფიქრი დასჭირდა იმისათვის, რომ „იანგ ბოისთან“ დაშვებული შეცდომა არ გაემეორებინა და კავანის მოედანზე გამოყვანის შემდეგ, რონალდუ სათადარიგოთა სკამზე არ დაესვა, რადგან პორტუგალიელი კარგა ხანს მხარს ვერ უბამდა თანაგუნდელებს შეტევის გადამწყვეტ ფაზაში.

მაგრამ მოხდა ისე, როგორც აქამდეც ხშირად მომხდარა და მატჩის გმირად სწორედ რონალდუ იქცა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე გადამწყვეტი გოლის გატანით „მანჩესტერ იუნაიტედს“ ზუსტად ის სამი ქულა შესძინა, რომელმაც ექვსი ტურის შემდეგ ეს გუნდი შეიძლება მერვედფინალში გაიყვანოს. ლინგარდმა კი „იანგ ბოისთან“ დაშვებული საბედისწერო შეცდომის საპირისპიროდ, ამჯერად მატჩის მიწურულს უკვე რონალდუს მისამართით საგოლე გადაცემა შეასრულა.

მასპინძელთა შორის ბრუნო ფერნანდეში გამოირჩეოდა. სწორედ მის მახვილგონივრულ გადაცემას მოჰყვა ტელესის დიდებული გოლი შორეული დისტანციიდან. 

საინტერესოა, რომ ტელესი მატჩის მიწურულს, 1:1-ის დროს, ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძელთა კარის მიმართულებით ახლო დისტანციიდან დარტყმულ ბურთს გადაეღობა, რითაც თანაგუნდელები აშკარა გოლისგან იხსნა. სულშერმა ცოტა ხანში იგი ფრედით ჩაანაცვლა… 

კავანის შესვლამ მოედანზე და იმავდროულად, „ვილიარეალის“ დაცვის ბურჯის – რაულ ალბიოლის იძულებითმა ცვლილებამ კი აშკარად გააძლიერა მასპინძელთა შემტევი პოტენციალი, მაგრამ ისიც გამოჩნდა, რომ ურუგვაელი ფორვარდი რონალდუსთან ჯერჯერობით შეთამაშებული არ არის და ეს მომავალშიც შეიძლება ასე გაგრძელდეს, რადგან ვარსკვლავური დაპირისპირება სულაც არაა უცხო უპირველეს ყოვლისა ურუგვაელისთვის, რომლის თავგადასავლებიც „პარი სენ-ჟერმენში“ ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ.

ალბათ სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციისა ედინსონ კავანის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში მადრიდის „რეალში“ შესაძლო გადასვლის შესახებ. 

კრიშტიანუ რონალდუსთვის კი „ვილიარეალთან“ შეხვედრა 178-ე აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, რითაც მან მადრიდის „რეალის“ გოლკიპერ იკერ კასილასის მიერ ჩატარებული მატჩების რეკორდი მოხსნა ამ ტურნირზე.

F ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ატალანტამ“ შინ მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია „იანგ ბოისს“ და ამ მოგებით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლები წინ არის და მერვედფინალში მოხვედრის შანსი არცერთ გუნდს არ დაუკარგავს.

დაძაბულობის მხრივ მსგავსი მდგომარეობაა G ჯგუფში, რომლის თითოეული მონაწილე ალბათ უფრო ევროპის ლიგის კატეგორიისაა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის.

„აიაქსმა“ და „დორტმუნდმა“ კი ორ-ორი მოგებით, დიდი ნაბიჯი გადადგეს მერვედფინალისკენ, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარება რამდენიმე ფრონტზე ძალების გადანაწილებაში.

B ჯგუფში „ლივერპულთან“ ერთად მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად სერიოზული განაცხადი გააკეთა მადრიდის „ატლეტიკომ“, რომელმაც სტუმრად ანგარიშით 2:1 სძლია „მილანს“. 

მეტად პრინციპული მატჩის ბედი მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე სუარესის  ზუსტად შესრულებულმა პენალტმა გადაწყვიტა. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში პირველი გოლი გრიზმანმა გაიტანა, „ბარსელონას“ მესვეურთა განწყობასაც წარმოვიდგენთ ჩემპიონთა ლიგის ტურნირის მეორე სათამაშო დღის შემდეგ. 

„ატლეტიკოს“ და „ბარსელონას“ გზები ჩემპიონთა ლიგის ტურის დასრულებისთანავე ლა ლიგის გათამაშებაში გადაიკვეთა. მადრიდელებმა მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 დაამარცხეს, ხოლო ლუის სუარესმა ამ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. 

სტაჟიანი ქართველი გულშემატკივარი კი გასულ კვირას საინტერესო პარალელს გაავლებდა თბილისის „დინამოსა“ და „ბარსელონას“ შორის, რადგან თუკი „ბარსელონამ“ ზედიზედ ორი მარცხი იწვნია „ბენფიკასა“ და“ატლეტიკოსთან“ წინააღმდეგ შეხვედრებში, თბილისის „დინამომ“ შორეულ 1973 წელს ისინი ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა ესპანეთის ქალაქ უელვაში ჩატარებულ ოთხთა ტურნირზე და თავისი პირველი საერთაშორისო ტიტული – „კარაველას თასი“ მოიპოვა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.