აკა მორჩილაძის რომანის maid in tiflis წარდგენა ციურიხის ლიტერატურის სახლში – Literaturhaus Zürich
ფოტო: ნატა სოფრომაძე
ავტორი: თინა ლაღიძე
5 ოქტომბერს ციურიხის ლიტერატურის სახლში – Literaturhaus Zürich-ში აკა მორჩილაძის რომანის, maid in tiflis -ის წარდგენა და დისკუსია გაიმართება. რომანი გერმანულ ენაზე 2020 წლის დეკემბერში გამოიცა, მაგრამ პირველი პრეზენტაცია და კითხვა მხოლოდ ახლა შედგება. შეხვედრას რომანის მთარგმნელი რახელ გრაცფელდი წარმართავს.
წარდგენა ქართული კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალის, “ხიდი: ციურიხი-თბილისის” ფარგლებში ლიტერატურის სექციაში ჩატარდება.
გთავაზობთ ინტერვიუს რომანის, maid in tiflis-ის მთარგმნელთან და შეხვედრის მოდერატორთან რახელ გრაცფელდთან:
ქალბატონო რახელ, როგორც ვიცით, აკა მორჩილაძის რომანი maid in tiflis უკვე, თითქმის ერთი წელია გერმანულ ენაზე გამოიცა. თუ შეიძლება გვიამბეთ, გამომცემლობის და პირველადი ტირაჟის შესახებ. როდიდან არის შესაძლებელი წიგნის მაღაზიებში შეძენა?
maid in tiflisგერმანული სათაურით – Liebe und Tod in Tiflis (“სიყვარული და სიკვდილი თბილისში”) გამომცემლობა Mitteldeutscher Verlag-მა გამოვიდა, რომელმაც უკვე მორჩილაძის 4 წიგნი გამოსცა (“სანტა ესპერანსა”, “ობოლე”, “ჩრდილი გზაზე”, “ძველი გულებისა და ხმლისა”). სათაური შევცვალეთ, რადგან ორიგინალური სათაურის ორაზროვნება გერმანულში კარგად ვერ აისახება. გერმანულენოვან წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურის პირველადი საშუალო ტირაჟი 2000-5000 ეგზემპლარია. რომანი გამოცემიდანვე იყიდება. სამწუხაროდ, 2019-2020 წლებში გამოცემულ წიგნებს პანდემიის გამო ყურადღება მოაკლდა. იმედია, ინტერესი ისევ გაიზრდება, რადგან კვლავ ტარდება ღონისძიებები და წიგნის მაღაზიებმა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა.
რამდენად იცნობს გერმანულენოვანი მკითხველი აკა მორჩილაძის სხვა ნაწარმოებებს? რა ნიშნით შეირჩა სათარგმნად კონკრეტულად ეს რომანი?
თუ რამდენად იცნობს გერმანულენოვანი მკითხველი მორჩილაძის სხვა ნაწარმოებებს, ძნელია განსაზღვრა, თუმცა გერმანულად უკვე ნათარგმნი და ხელმისაწვდომია მისი შვიდი წიგნი.
(გამოცემულია Mitteldeutscher Verlag-ის და Weidle Verlag-ის მიერ). რეცენზიები ცოტაა, თუმცა ყველა ძალიან დადებითია. ყველაზე ცნობილი რომანი, ალბათ, Santa Esperanza არის, რომელიც (ჩემი რჩევით) პირველად Pendo Verlag-მა 2006-ში გამოსცა. მას ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა და Mitteldeutscher Verlag-ის მეორე გამოცემაც მოჰყვა 2017 წელს.
რა ნიშნით შეარჩია გამომცემლობამ maid in tiflisსათარგმნად, ვერ გეტყვით. ალბათ, მიიღეს დადებითი შეფასება და რჩევა. შეიძლება იმიტომაც, რომ რომანი რაღაცნაირად აგრძელებს Santa Esperanza-ს. საგამომცემლო უფლებები შეიძინეს და შემომთავაზეს თარგმნა, რაც ჩემთვის დიდი სიხარული და, ამავდროულად, სასურველი გამოწვევა იყო.
თქვენი აზრით, Maid in Tiflis-ში აღწერილი თბილისი არის ამ ქალაქის პორტრეტი? რამდენად ემთხვევა ის პირადად თქვენ მიერ დანახულ ქალაქს, როგორია თქვენი თბილისი?
კი, ეს რომანი თბილისის და მისი მცხოვრებლების ნამდვილი პორტრეტია, თუმცა ალბათ თითქმის უკვე გაუჩინარებული თბილისისა. მე ბარნოვზე ვცხოვრობ, როგორც ლევიკო, და ადვილად გავიკვლიე გზა რომანის ტოპოგრაფიაში. ჩემთვის უფრო ძნელად გასაგები იყო მცხოვრებთა, კერძოდ კი მამაკაცების, რომანის გმირების, მენტალიტეტი და საქციელი. ამის გაგებაში ისიც მშველოდა, რომ რომანის თარგმნის დროს ერთი ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი შემიყვარდა და ორივე მხრიდან, რომანის გმირებისა და ჩემი შეყვარებულიდან, ძალიან ბევრ რამეს მივხვდი.
რომანის სახელწოდებაში – maid in tiflis და თავად რომანში არაერთი გამოცანაა ჩადებული. თუ გაგიმხილათ ავტორმა ამის შესახებ? ან იქნებ თავად შეძელით ამ გამოცანების ამოხსნა? და საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მკითხველი ავტორის მიერ ჩადებულ ყველა შრეს ჩასწვდეს?
მართალია, ეს რომანი სავსეა გამოცანებით. რაც შეეხება ლიტერატურის, ისტორიის და სხვა ალუზიებს, რამდენიმეს აღმოჩენა და მიგნება მე თვითონ შევძელი. თარგმნის პროცესის ბოლოს კი ავტორთან ერთად სამი დღე ვიმუშავე და ერთად გადავხედეთ ჩემს შეკითხვებს, ჩემთვის გაუგებარ პასაჟებსა თუ ადგილებს, რომლებიც მონიშნული მქონდა. გერმანულენოვანი მკითხველისთვის შევადგინე საკმაოდ დიდი შენიშვნების დანართი ახსნა-განმარტებებით. რა თქმა უნდა, ყველაფრის ახსნა შეუძლებელია და არცაა საჭირო. კარგმა თარგმანმა მკითხველს უნდა მისცეს შესაძლებლობა და უფლება, თვითონ აღმოაჩინოს ნაწარმოების მრავალი შრე და მრავალფეროვნება. თან
თვით აკა მორჩილაძე ამ რომანში და სხვა რომანებშიც მკითხველს სთავაზობს, თანამთხრობელი გახდეს, თვითონ გააგრძელოს ან შეავსოს ამბავი.
და მთავარი შეკითხვა, ყოველთვის რთულია თარგმნო ტექსტი, სადაც შინაარსის გარდა „ცნებები“, კონტექსტებია სათარგმნი, არ მგონია, რიგითი ევროპელისთვის უბნისადმი მიკუთვნებულობას ამხელა დატვირთვა ჰქონდეს, როგორც საქართველოში ქალაქის მცხოვრებლებს და რომანის მთავარ გმირს აქვთ. ანდა, მაგალითად, ციტატა: „ეგეთი მანქანა არსებობს, ჯორჯიენ ინ რაშა…“ ამ ციტატის უკან სამოცდაათწლიანი ეპოქა დგას ძალიან კონკრეტული მენტალიტეტითა და ჩვევების ნაკრებით. როგორ გაართვით ამ ტიპის სირთულეებს თავი?
კიდევ ერთხელ, შეუძლებელია და არცაა საჭირო ყველაფრის ახსნა. ყველა ენის ლიტერატურაში არსებობს ნაწარმოებები, რომლებიც სპეციფიკურ გარემოში მოქმედებენ თავიანთი დატვირთვით. როგორც მთარგმნელმა შემიძლია აქ-იქ, სადაც მისაღებია, დამატებითი სიტყვით დავეხმარო უცხოელ მკითხველს კონტექსტის გაგებაში. მაგრამ საერთოდ, ავტორის ენამ და თხრობამ თავისით უნდა იმოქმედოს მკითხველზე. შესაბამისად, მთარგმნელის ამოცანაა, ადეკვატურად გადმოსცეს ავტორის ენა და თხრობის მანერა, რაც, უნდა აღინიშნოს, რომ მორჩილაძის შემთხვევაში დიდი გამოწვევაა, რადგან maid in tiflis მრავალენოვანია: არის ძველი ბიჭების ენა, არის ფსევდოარქაული ქართული, არის დიალექტი და ა.შ. ამასთანავე არის სლენგი და რუსულიდან ნასესხები სიტყვები, რომლებითაც გმირებს და სოციალური გარემოს ახასიათებს. მინდოდა ეს გერმანულშიც გამოხატულიყო და, მგონი, ამისთვის შესაფერისი გზა ვიპოვე.
ხომ არ გეგმავთ აკა მორჩილაძის სხვა ნაწარმოების თარგმნას?
დიდი სიხარულით. მზად ვარ მისი სხვა ნაწარმოების თარგმნისთვის. ისიც ვიცი, რომ გამომცემლობას ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელებაც უნდა და მორჩილაძის სხვა ნაწარმოებების გამოცემაც. გადაწყვეტილების მიღება, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ფინანსური ხელშეწყობა თარგმნისა და პროდუქციისთვის.
არსებობს მოსაზრება, რომ აკა მორჩილაძე საუკეთესო ანალიზს აკეთებს იმისა, თუ რატომ ვართ ქართველები ისეთები, როგორებიც ვართ. თქვენთვის როგორია აკა მორჩილაძის საქართველო და თავად აკა მორჩილაძე, როგორ ადამიანად დაინახეთ იგი? რას ნიშნავს თქვენთვის მისი შემოქმედება?
ჩემთვის აკა მორჩილაძის შემოქმედებითი ძალა დიდი საიდუმლოა და სასწაული. არის საოცარი მთხრობელი, ძალიან ღრმად ადამიანური. ერთ-ერთი დიდი და გამოჩენილი მწერალი მსოფლიოს ლიტერატურაში.
მისი (და ჩემი) საქართველო: “ლამაზები ვართ ჩვენე, კაი ხალხი ვართ, ისე ფუნაში გავდგით ფეხი, თვარა, ჩვენ ხალხი გვჯობია? რანაირი შეძლება გვაქ, ჩვენიანი თუ არ მოგვჩერებია. საქმეს კი არ ვამბოფ, სიყვარულზე ვამბოფ. ჯობია სიყვარულს ი რაცხა-რაცხეები? ვერ ჯობია”.
რომელი გერმანულენოვანი თანამედროვე ავტორის წიგნის თარგმნას ურჩევდით ქართულ გამომცემლობებს?
Lukas Bärfuss-ის რომანები და ესეები.
დიდი მადლობა საუბრისთვის, პატივისცემით, თინა ლაღიძე