ფოტო-აუქციონი: გიორგი შენგელია
9 ოქტომბერს გაიმართება შემოდგომის სეზონის ბოლო, მეშვიდე ფოტო-აუქციონი, რომელზეც წარმოდგენილია გიორგი შენგელიას ფოტო.
“როდესაც ფოტოს ვუყურებთ, ჩვენი თვალი მასზე იმ საგნებს აღიქვამს, რომლებიც მისთვის ცნობილია მაშინაც, როცა ისინი თვალის ფოკუსში პირველად ხვდება. თუ ნანახი საგნები მნახველში ემოციებსაც იწვევს, ამისი მიზეზი მათი იმ კუთხით დანახვაა, როგორითაც თვალს არ უნახავს. გაოცება ან ღიმილი ნაცნობის უცნობობითაა განპირობებული: კი ვცნობ ნანახს, მაგრამ ასეთი არ მინახავს. რაც გრძნობად-აღქმადობის მიღმა რჩება, ეს თავად ფოტოს უხილავი საიდუმლოა, რომელსაც ის არ გვიმხელს და მხოლოდ ამოცნობით შეიძლება მას დავტყუოთ. ესაა დრო – არამატერიალური და უხილავი, რომელიც ფოტოზეა დაფიქსირებული. ყველა საგანი, რომელიც მასზეა გამოსახული, გაჩერებული დროის ანაბეჭდებია”.
ფოტო-აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრის შესახებ ტექსტი ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ დაწერა.
გიორგი შენგელია დაიბადა 1984 წელს თბილისში. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი. 2006 წელს ფლორენციაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაინტერესდა ხელოვნებითა და ფოტოგრაფიით. 2012 წელს გაიარა ფოტოჟურნალისტიკის კურსი Fondazione Studio Marangoni-ში. პირველი საავტორო პროექტის (Four Rooms, 2012) დასრულების შემდგომ გიორგი თბილისში დაბრუნდა და დამოუკიდებელ ფოტოგრაფად მუშაობს. ფოტოდოკუმენტალისტად მუშაობის პარალელურად ის ავითარებს პლასტიკურ და ოსტატურ ფოტოგრაფიას.
2014 წელს გიორგი მონაწილეობდა Noor-Nikon-ის მასტერკლასში, სტამბულში, ამავე წელს მან დაიწყო თბილისის ფოტოფესტივალთან თანამშრომლობა. 2015 წლიდან თანამშრომლობს Dysturb კოლექტივთან. 2020 წელს ქოლგა თბილისი ფოტოფესტივალის ფარგლებში გამართა პერსონალური ონლაინგამოფენა Accidental Portraits. მისი ნამუშევარი Transfiguration or 17 On გამოფენილი იყო თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმში, ასევე REVELA’T ფესტივალზე, ბარსელონაში. ამჟამად იგი ემზადება ჰელსინკის Darkroom ფესტივალისთვის, რომელიც 2022 წელს გაიმართება.
სურვილმა სინათლე ექცია ჩრდილად, დღე – ღამედ, ერთი გამოსახულება – მეორედ, ავტორი ნათელი გარემოდან ბნელ ოთახამდე მიიყვანა. იგი ექსპერიმენტისა და აღმოჩენების ტერიტორიად ბნელ ოთახს ირჩევს. სინათლით ძერწვისას დრო ფორმას იძენს, ხოლო ჩრდილი – ფერს, რომელიც მიიღწევა ტექნიკური, ქიმიური და ღრმად ესთეტიკური კვლევების შედეგად. ფოტოს გადაღებიდან მის სახასიათო ბეჭდვის მეთოდამდე შემოქმედებითი და წარმოსახვითი პროცესის შედეგი უცნობია, ხოლო ყოველი მიღებული გამოსახულება ახლის დასაწყისის საფუძველია.
ფოტო-აუქციონი 9 ოქტომბერს, შაბათს, 20:00 საათზე ჩატარდება.
მისამართი: დოდო აბაშიძის 10, გალერეა “საწყობი”
ფოტო-აუქციონი „გალერეა – საწყობის“ პერიოდული პროექტია. აუქციონის იდეა ისაა, რომ ციფრულიდან ფიზიკურ სხეულამდე გარდაქმნით და ადამიანის ყოველდღიურობაში გამოჩენით, ფოტონამუშევარი თავისი სრულფასოვანი ფორმით ვლინდება.