პრემიერა: “ყველაზე მაგარი გოგოები“
ვიდეო: ავტოჟურნალი
ფოტო: ნატა სოფრომაძე
“ყველაზე მაგარი გოგოები“ დასაქმების სააგენტო იყო მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ლონდონში – სინამდვილეში კი ეს ინგლისელი დრამატურგის, კერილ ჩერჩილის პიესის სახელწოდებაა, რომელიც 1982 წელს დაწერა.
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქალები ჯერ კიდევ იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის. მათ შორის საქართველოშიც. ამ უკანასკნელის გათვალისწინებით კი მნიშვნელოვანია, რომ ჩერჩილის ეს შესანიშნავი პიესა რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა კიდევ ერთხელ გააცოცხლა და 8 ქართველ მსახიობ ქალთან ერთად საქართველოში პირველად დადგა.
პრემიერა 25 ოქტომბერს გაიმართება
ამ სპექტაკლის მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით, თუ გაგიმართლებთ და თეატრის პარტერში აღმოჩნდებით, მე-20 საუკუნის 80-იანი წლებში იმოგზაურებთ, სადაც ავტორი სხვადასხვა ასაკისა და კულტურის მქონე ქალებს გაგაცნობთ.
მთავარი გმირი, მარლინი წარმატებული ქალია, რომელმაც პროფესიაში წარმატების მისაღწევად რთული გზა გაიარა
მეტი საინტერესო დეტალის გასაგებად AT.ge მოძრაობის რეჟისორს, ლანა ყავრელიშვილს დაუკავშირდა.
“იქამდე, სანამ უშუალოდ მსახიობებთან დავიწყებთ მუშაობას, შემოქმედებითი ჯგუფის წევრები – რეჟისორი, კომპოზიტორი და ქორეოგრაფი – რამდენიმე ეტაპს გავდივართ. რადგან მნიშვნელოვანია პიესის, მისი ავტორისა და პერსონაჟების კარგად გაცნობა. ერთმანეთთან შთაბეჭდილებებისა და შეხედულებების გაცვლაც არ გვავიწყდება.
რაც შეეხება პიესას, ის საკმაოდ “ძუნწი“ და “ცივია“. მისი პერსონაჟები კი სხვადასხვა საუკუნიდან არიან შეკრებილნი და, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგანაც განსხვავდებიან – ვეცნობით მე-9, მე-13, მე-17, მე-16, მე-19 და მე-20 საუკუნეში მცხოვრებ ქალებს. შექმნა და გადმოსცე ადამიანი თავისი ფიზიკური მდგომარეობით, სიარულის მანერითა და განწყობით, საინტერესოა და ამავდროულად, ძალიან რთულიც“, – ამბობს ლანა.
მთავარი როლებს კატო კალატოზიშვილი, ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, ნატუკა კახიძე, თეა კიწმარიშვილი, ქეთი ხიტირი, ლიზა კერესელიძე და ქეთა შათირიშვილი ასრულებენ.