fbpx

ქართული კინო მსოფლიოს საავტორო კინოფაზლში: BIAFF 2021-ის ჩანაწერებიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

ფოტოგრაფი: თამარ მირიანაშვილი

ჩემდა გასაკვირად წელს BIAFF-ის კომისიის ყველა გადაწყვეტილებას დავეთანხმე ერთის გარდა (ამაზე მოგვიანებით). უცნაური შეგრძნებაა… როგორც წესი, მუდამ ოპოზიციაში ვარ და საერთაშორისო ფესტივალების ჟიურის გადაწყვეტილებებსაც ვერ ვეთანხმები ხოლმე, მიკერძოებულად მეჩვენება; მგონია, რომ ხშირად მხატვრული ღირებულებების ნაცვლად ფილმები პოლიტიკური ან ფესტივალის კონიუნქტურის ნიშნით ფასდება ან, უბრალოდ, პრობლემატურ თემას ენიჭება უპირატესობა.

BIAFF 2021-ის გრან-პრი და ქართველ კინოკრიტიკოსთა ჯილდოც გადაეცა ალექსანდრე კობერიძის ფილმს – „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“. ფილმი ერთმნიშვნელოვნად ზემოთ აღნიშნული ყველა „ცოდვისგან“  თავისუფალია. მეც ყველაზე მეტად ამ თავისუფლების ხარისხმა მომხიბლა: ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და ისე, როგორც მაინტერესებს. ვინ და როდის გააუქმა ხელოვნებაში ეს მარტივი პოსტულატი? დღეს ყველა ფილმი „პროექტია“, ყველა პროექტს მენტორი ჰყავს, მენტორს თავისი აზრი აქვს,  ფილმის პროდიუსერს კი, პროექტის განვითარების თავისებური ხედვა, ეს მოსაზრებები რეჟისორმა უნდა გაითვალისწინოს, რათა დაფინანსება მოიპოვოს და შემდგომი წარმატებაც გარანტირებული ჰქონდეს. ამგვარ პროცესში ავტორის იდეა ტრანსფორმირდება და ხშირად რეჟისორისთვის ხელოვნურიც კი ხდება. 

„რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ თავიდან ბოლომდე ავტორისეული კინოა, ლაღია და ნალოლიავები. „პროექტს“ ისიც ეტყობა, რომ ფინანსური ვალდებულება არა აქვს რომელიმე საპროდიუსერო ან გამქირავებელი კომპანიის მიმართ. ეს რომ ასეა, ამაზე ფილმის არასტანდარტული ქრონომეტრაჟი, თხრობის აუჩქარებელი ტემპი და შერეული ჟანრიც მეტყველებს. სწორედ  ჟანრების შერევას შემოაქვს ფილმში სიახლის განცდა: უხმო კინო, 60-იანი წლების მოკლემეტრაჟიანი ქართული კინოს განწყობა, რომანტიკული კომედია, შექსპირისთვის დამახასიათებელი პირობითობა – ერთმანეთის ყურება და ვერ შეცნობა.  ყველა ეს ელემენტი მეზღაპრე მთხრობელთან ერთად ახალ ჟანრს ქმნის და მონატრებულ ზღაპართან შეხვედრის შეგრძნებას აჩენს. კამერაც ჯადოსნური ჯოხივით მუშაობს – განსაკუთრებული ტკბობით, ათინათივით აშუქებს მოქმედი გმირების: ახალგაზრდა გოგოების, ბავშვების, ცხოველების თუ უბრალო გამვლელების ლამაზ სახეებს, ძველი ქალაქის ხიდებსა და ქუჩების კუთხეებს, შადრევნებს და ლაღიძის წყლებს კლასიკურ შუშის კონუსებში. ამ ყველაფერს ნაყინის საჭმელად „შატალოზე“ გამოპარულ ბავშვებს და ფეხბურთის მოყვარულებისთვის არგენტინის გუნდის „საფეხბურთო ჰიმნს“ თუ დავუმატებთ, რა თქმა უნდა, საკუთარ ნოსტალგიურ განცდებში აღმოვჩნდებით, ფილმის გმირების მსგავსად, ჩვენც ვიგრძნობთ სახეზე მზის სხივს და სიხარულის ნიავს, გატანილი გოლის სიხარულიც ჩვენი გახდება… ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი შეგრძნებები პრიზებს იმსახურებს?!

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა კიდევ ერთმა ქართულმა სრულმეტრიაჟანმა ფილმმა – „ოთარის სიკვდილმა“ დაიმსახურა. დაძაბული სიუჟეტი მოულოდნელი განვითარებითა და ფინალით ოსტატურად არის მოწოდებული სოსო ბლიაძის დებიუტში. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორი აწყობილია სამსახიობო ანსამბლი, რომელზედაც ფილმი მყარად დგას და რომელიც შეუცდომლად ასრულებს რეჟისორის მიერ დასახულ ამოცანებს. პერსონაჟებს შორის ურთიერთკავშირი მაყურებლის ყურადღებას არცერთი წუთით არ ადუნებს, რითაც მთელი სამსახიობო გუნდი ქებას იმსახურებს. ამიტომაც, არაერთი კამათის მიზეზი გახდა ის, თუ ვინ არის ფილმში საუკეთესო. მაყურებლისთვის აღმოჩენა იყო ეკა ჩავლეიშვილი, რომელმაც საკუთარი პიროვნული სიძლიერე, ნიჭი და პროფესიონალიზმი თავისი გმირის დათრგუნულ სურვილებში, მის არარეალიზებულ შესაძლებლობებში ჩადო და მონუმენტური, თითქოს ქვაში ნათალი სახე შექმნა. ვფიქრობ, კინოში ეკასთვის ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისია, მთავარი ჯილდოები და აღიარება მას წინ ელოდება.

ჯილდო კი საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ნუცა კუხიანიძეს გადაეცა. ნუცას თამაში ამ ფილმში მძინარე მზეთუნახავის გამოღვიძებას ჰგავს. აპათიური, უენერგიო სახეების შემდეგ, მან საოცარი სიზუსტით და ხასიათის მთლიანობით შექმნა ქეთის პერსონაჟი – ლამაზი, ახალგაზრდული და უპასუხისმგებლო, თითქოს გამალებული მიიჩქარის საკუთარი ტრაგიკული ბედისწერისკენ. ნუცა კუხიანიძის პერსონაჟის ეკრანზე გამოჩენისთანავე ბედი მდევარის შეგრძნება ჩნდება. ფილმში მომხიბლავ თაკი მუმლაძეს თინეიჯერულ სულისკვეთებასთან ერთად თამამი სექსუალობაც შემოაქვს, რომელიც ასე აკლია ქრთულ კინოს… 

And  the Oscar goes to… ჩემი პერსონალური ჯილდო მთავარი გმირის შემსრულებელს, ივა ქიმერიძეს ეკუთვნის. მისი გარეგნობა, ერთი შეხედვით, ძალიან კონკრეტული ტიპაჟის მატარებელია – გულუბრყვილო ვარსკვლავბიჭუნა. თუმცა, ფილმში მოვლენების განვითარებასთან ერთად, მაყურებლის თვალწინ გმირის ტრანსფორმაციას ვხედავთ, ის კადრში მნიშვნელოვნებას და სიმკვრივეს იძენს. ჩვენ  თითქოს სკანერის ქვეშ ვუყურებთ გმირის ფიქრის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, იმდენად გამჭვრვალე და ხილვადია ეს პროცესი. მსახიობი ასეთ შედეგს მინიმალისტური, კინოსთვის შესაფერისი თამაშის ტექნიკით აღწევს. 

სამწუხაროდ, ჟიურიმ უპირატესობა ოლეგ სენცოვის ფილმში მთავარი როლის შემსრულებელს, უკრაინელ მსახიობ სერგეი ფილიმონოვს გადასცა. ფილმში „მარტორქა“ ფილიმონოვი ნამდვილად დამაჯერებელია 90-იანების პერიოდის სასტიკი ბანდიტის როლში და რომ არა ივა ქიმერიძის მრავალპლანიანი, დახვეწილი თამაში, ფილიმონოვის საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, მაგრამ ტიპაჟის და ქარიზმის ხარჯზე გატანილი როლი ნამდვილად აგებს ივა ქიმერიძის შესრულებასთან. ეს ერთადერთი პრიზია, რაშიც ჟიურის გადაწყვეტილებას არ დავეთანხმე. 

ჩემი აზრით, საერთოდ, სენცოვის „მარტორქა“ ზუსტად იმ ფილმთაგანია, რომლებსაც საერთაშორისო ფესტივალები არა მხატვრული ღირებულებების, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ირჩევენ. პირადად მე ოლეგ სენცოვს ადამიანის უფლებების დაცვის ბრძოლისათვის გადავცემდი პრიზს.

ფესტივალის მიწურულს ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება ჩატარდა. ეს სექცია მიყვარს და ფესტივალებზე არასდროს ვტოვებ. „მოკლეებში“ კარგად ჩანს მომავალი კინოტენდენციები და სარეჟისორო ხედვები. ჩვენებიდან გახარებული გამოვედი. შვიდივე სურათი ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო კინოენით იყო გადმოცემული.  ჩემი სიმპათია და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ილია ასიტაშვილის სამაგისტრო ნამუშევარს  – „სამზადისს“ ერგო. პირველად აქ გამეცინა… თურმე რამდენი რამ შეიძლება მოხდეს ერთი ფოტოსურათის გადაღებისას, თუკი კადრში ანჩხლი მამა-შვილი გყავს ჯანო იზორიას და სანდრო თვარაძის შესრულებით, რეჟისორს კი  კარგი თვალი და იუმორის გრძნობა აქვს. დასაფასებელია ისიც, რომ თავად ამბავიც ლაკონიურია, მოკლემეტრაჟიანი ფილმის შესაფერისი და არა მოკლე დროში მოყოლილი ვრცელი ისტორია. 

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო უკრაინელი რეჟისორის, ნიკონ რომანჩენკოს ძალიან ლამაზ, პოეტურ და ცოტა სევდიან ფილმს – „ლეოპოლისის ღამე“ ერგო. აუცილებლად უყურეთ, თუ სადმე შეგხვდებათ.

ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი რომ ყოფილიყო, აუცილებლად კეკო ჭელიძე მიიღებდა დოკუმენტური ფილმისთვის „მკვდარი სულების არდადეგები“.  მგონი, არ დარჩა მაყურებელი, რომელსაც მოწონება არ გამოეთქვა. მეც მათ რიცხვში ვარ.

ის, რომ თანამედროვე ქართული კინო მსოფლიოს საავტორო ფილმების რუკაზე დამაჯერებლად, მკვეთრი კონტურით მოიხაზა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ოცდაათი ქვეყნის ასზე მეტ ფილმში თექვსმეტი ქართული ფილმი ღირსეულად გამოიყურებოდა. დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ კინოს უკვე ახალგაზრდა, საერთაშორისო დონის ოსტატები ჰყავს, მაგალითად, ისეთი, როგორიც კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაშია. ფესტივალზე მისი ბოლო ნამუშევარი „მოთვინიერება“ აჩვენეს, რომელსაც “Q&A“  მოჰყვა, ამ ორი ღონისძიებიდან ერთიანი შთაბეჭდილება გამომყვა – ის არა მარტო საინტერესო რეჟისორია, არამედ მას ესმის საკუთარი ნამუშევრების კონტექსტი, ასევე კარგად იცის, თუ როგორ წარუდგინოს ის აუდიტორიას და რამდენად მნიშვნელოვანია მაყურებელთან დიალოგი. 

„მოთვინიერების“ თემატიკამ მთავრობის წარმომადგენლები ძალიან ააღელვა და მათი უკმაყოფილება გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში პარიტეტი დაცულია მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის – ასწლოვანი ხეების ყიდვა-გაყიდვა ზოგისთვის საშველია, ზოგისთვის კი – ტრაგედია. და თუკი ერთ ადამიანს შეუძლია თავს უფლება მისცეს, ასე თავზეხელაღებით ჩაერიოს ეკოლოგიურ გარემოში, მეორე ადამიანს უფლება აქვს ამაზე კინო გადაიღოს, მით უმეტეს, თუ ფილმს მხატვრული ღირებულება აქვს და ის საინტერესოა როგორც ვიზუალურად, ასევე შინაარსობრივად, ამავდროულად, თითქოს ფონად, კარგად აჩვენებს იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც დღეს რეალურად არის ქვეყანაში. 

 

არასავალდებულო საკითხავი:

ბათუმში  კინოფესტივალზე ფილმების ყურება რთულია, რადგან პროგრამის და ეკრანის გარდა გამუდმებით ცასაც უნდა უყურო და, თუკი კარგი ამინდია, ზღვაზე იჩქარო, კარგი ფილმები პროგრამაში მეორდება, კარგი ამინდი კი – იშვიათად. წლევანდელი საფესტივალო დღეები ნალექების სიუხვით განსაკუთრებულად გამოირჩეოდა და ეს კიდევ უფრო საგრძნობი იყო, რადგან კინოდარბაზ „აპოლოშიც“  წვიმდა. 

ხმა, გამოსახულება და ზოგი ფილმის ასლიც არ იყო საერთაშორისო ღონისძიების შესაფერისი. მიუხედავად ამ დეტალებისა, დამსწრე საზოგადოება მადლიერი იყო  ორგანიზატორებისა, რადგან ფესტივალი „ოფლაინ“ ფორმატში შედგა და ოცდაათი ქვეყნის ასზე მეტი ფილმი აჩვენეს  დიდ ეკრანზე.

 სინამდვილეში  ეკრანი ორი იყო, კინოდარბაზში და ღია ცის ქვეშ – ევროპის მოედანზე.  ბათუმის კინოდარბაზ „აპოლოს“ „ღირსებებზე“ უკვე ვილაპარაკეთ, გულდასაწყვეტია, რომ ამინდის გამო, ღია ცის ქვეშ ჩვენებებიც სრულყოფილად ვერ შედგა.

საინტერესოა, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს და რამდენი მთავრობა შეიცვალოს, რომ კულტურა და კერძოდ, ქართული კინო გადაწყვეტილებების მიმღებთათვის პრიორიტეტული გახდეს? საქართველოს საერთაშორისო კინოფესტივალების ინფრასტრუქტურა გაიმართოს, რომ მასპინძელი მხარე, მუდმივად უხერხულად არ გრძნობდეს თავს სტუმარი კინემატოგრაფისტების წინაშე, რომლებიც თავიანთი პროექტების ხარისხში – ფერის კორექციაში, ხმის დიზაინში და საავტორო უფლებებში სოლიდურ თანხებსა და დროს ხარჯავენ, ჩვენ კი მათ ძალისხმევას უგულებელყოფთ ასეთი კინოჩვენებებით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.