კარლო კაჭარავას ნამუშევრები ლონდონში გამოიფინა
ამ თვეში დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში კარლო კაჭარავას გამოფენა გაიხსნა. ქართველი მხატვრის ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების გალერეა Stuart shave modern art-ში გამოიფინა. ღონისძიება, რომლის კურატორები სანია კანტაროვსკი და სკოტ პორტნოი არიან, 17 დეკემბრამდე გასტანს.
ნამუშევრები თავად კურატორებმა შეარჩიეს. ლონდონში ნახატები, მხატვრის ჩანაწერები და მცირე ჩანახატები წაიღეს, რომლებიც ერთ სივრცეში განთავსდა.
ქართველმა ხელოვანმა, თეორეტიკოსმა და პოეტმა უდიდესი წვლილი შეიტანა პოსტსაბჭოთა კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, კარლო კაჭარავას შემოქმედება უდიდესი შთაგონების წყაროდ იქცა ქართველი ხელოვანებისთვის.
მხატვარი ხშირად იყენებდა სამეტყველო ენას ფერწერასთან სინთეზში და დიდ ინტერესს იჩენდა დაწერილი სიტყვის ფერწერული განზომილების მიმართ.
სწორედ ამიტომ, კარლო კაჭარავას ნახატებს ახასიათებთ თხრობითი ინტენსივობა – ჩვენ მათ მხატვრულად აბსტრაქტულ პასაჟებსა და გამომსახველობით გამოხატულ ილუზიებში ვხვდებით. ამავე დროს, მხატვრის შემოქმედებაში იგრძნობა ქართული ფუტურისტული მემკვიდრეობის, გერმანული ექსპრესიონიზმისა და კომიქსების გარკვეული აქცენტებიც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ კარლო კაჭარავას გამოფენა მისი გარდაცვალების შემდეგ პირველად არ იმართება. 1998 წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა ნიუ-იორკში, ჯოი გოლდსტეინის გალერეაში. მას შემდეგ კი მისი ნახატები კიდევ მრავალ გამოფენაზე გამოჩნდა. რაც შეეხება საქართველოს, მხატვრის მასშტაბური რეტროსპექტივა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ირინა პოპიაშვილმა 2017 წელს მოაწყო.
ორიგინალი: https://cbw.ge/