fbpx

საფრანგეთი – მინი ევროპის ჩემპიონი!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

სანაკრებო ფანჯარას ფეხბურთის მოყვარულები ყოველთვის ხალისით ხვდებიან ხოლმე, რადგან გარდა იმისა, რომ იგი იშვიათობაა, დაპირისპირებების ხასიათი  განსხვავებულია და მათი განვითარების სცენარიც ხშირად აღსავსეა მოულოდნელობებით.

მიმდინარე ფანჯარას კი განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ერთა ლიგის A ჯგუფის ნახევარფინალურმა და ფინალურმა მატჩებმა, რომელთა ხარისხის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა ამ ტურნირის საჭიროება და სამომავლო განვითარების პერსპექტივა.

ერთგვარი მინი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ჯგუფური ეტაპის ოთხმა უძლიერესმა გუნდმა თავი იტალიაში მოიყარა და მილანის „სან-სიროს“ სტადიონზე გამარჯვებული გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე შეხვედრა საინტერესო სანახავი გამოდგა, რადგან ახლად დასრულებული ევროპის, თუ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, აქ მონაწილე გუნდების გზები ერთმანეთს გადაეყარა და მათ ერთმანეთისთვის ბევრი რამ ჰქონდათ დასამტკიცებელი.

ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ ევრო 2020-ის ნახევარფინალური შეხვედრა იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, რომლის გამარჯვებულიც თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა.

მაშინ იტალიის ნაკრების მხურვალე მხარდამჭერებიც კი არ მალავდნენ, რომ „სკუადრა აძურას“ ძალიან გაუჭირდა იმ შეხვედრაში და მისი ფინალში გასვლა უპირველეს ყოვლისა იღბალმა განაპირობა.

გასული კვირის დაპირისპირებას ნამდვილად ეტყობოდა იმ მატჩის გამოძახილი, რადგან ესპანელები ყველანაირად ეცადნენ დაემტკიცებინათ საფეხბურთო სამყაროსთვის, რომ მათი გუნდი უფრო ძლიერია ევროპის ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან შედარებით, რომელსაც იქამდე 37 წაუგებელი მატჩის სერიით, მსოფლიო რეკორდი ჰქონდა დამყარებული…

მნიშვნელოვანია, რომ „ფურია როხამ“ სრულიად დამსახურებული გამარჯვება „სან სიროზე“ მისული 34000 ტიფოზის წინაშე იზეიმა. ესპანელებმა ორივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს. ფერან ტორესმა დუბლი შეასრულა. საგოლე გადაცემა კი ორივეჯერ ოიარზაბალმა შეასრულა. ესპანელებს მოგებაში მასპინძელთა კაპიტანი ბონუჩიც დაეხმარა, რომელიც მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა მოედნიდან სამართლიანად გააძევა. 

„სკუადრა აძურას“ დაცვის ბურჯი ხშირად იმყოფებოდა მოვლენათა ეპიცენტრში და ერთ-ერთ ეპიზოდში მან მეკარე დონარუმას შეცდომის შემდეგ, აშკარა გოლისგან იხსნა თანაგუნდელები. ათკაციანი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მეორე ტაიმის დაწებისთანავე კიელინი გამოჩნდა, მაგრამ გაჭირვების ჟამს პრესტიჟის გოლი ამჯერად არა მან, არამედ ასევე შეცვლაზე შემოსულმა პელეგრინიმ გაიტანა.

შესანიშნავი სანაკრებო დებიუტი გამოუვიდა 17 წლის „ბარსელონელ“ პაბლო გავირას, რომელმაც 84 წუთი დაყო მოედანზე გამოცდილი ბუსკეტსის, ასპლიკუეტას თუ ალონსოს მხარდამხარ.

ესპანეთის ნაკრების მოგებამ გამოავლინა აშკარა პროგრესი ლუის ენრიკეს გუნდისა, რომელსაც მეტი კონცენტრირების შემთხვევაში ნამდვილად ძალუძს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა. 

ესპანელი ოიარზაბალის მსგავსად, ბელგიის და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრაში ბელგიელთა მხრიდან ორივე საგოლე გადაცემა დე ბრიუინემ შეასრულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისმა გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ანგარიშით 0:1 წაგების შემდეგ, კიდევ ერთი დასანანი მარცხი იწვნია ფრანგების წინააღმდეგ მატჩში. 

ბელგიელები თავიდანვე შეუდგნენ შურისძიებაზე ზრუნვას და პირველი ტაიმი მეტოქის მეკარე უგო ლორისის ნაკლებად დამაჯერებელი თამაშის დამსახურებით, ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს.

ვინ იფიქრებდა, რომ მატჩის პირველ ნახევარში ბელგიელებთან შედარებით გაცილებით ინერტულად მოქმედი დიდიე დეშამის გუნდი თამაშს შემოაბრუნებდა და საბოლოოდ გაიმარჯვებდა კიდეც?

მაგრამ ეს ხომ საფრანგეთის ნაკრებია, რომლის შემტევ ხაზშიც ბენზემა, მბაპე და გრიზმანი იმყოფებიან და თუკი ისინი „დაიქოქებიან“, ვინ არის მათი გამჩერებელი?! ფრანგებმა წონასწორობა შეხვედრის 70-ე წუთისთვის აღადგინეს. თავდაპირველად მბაპეს გადაცემა ბენზემამ აქცია გოლად, მეორე ბურთი კი თავად მბაპემ აუღებელი პენალტით გაიტანა, რითაც როგორც თანაგუნდელებს, ისე გულშემატკივრებს ცოტა ხნით მაინც დაავიწყა ევრო 2020-ზე შვეიცარიის ნაკრებთან გამოუყენებელი გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი.

საინტერესოა, რომ მატჩის 87-ე წუთზე ლუკაკუმ კვლავ დააწინაურა ბელგიის ნაკრები, მაგრამ მსაჯმა VAR-ის ჩარევის შემდეგ ფორვარდზე სამართლიანი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 

შეხვედრის დამატებულ წუთზე კი გადამწყვეტი გოლი სწორედ ბელგიელთა კარში გავიდა და თანაც იმ ფეხბურთელის მიერ, ვისგანაც საგოლე დარტყმას მეკარე კურტუა ალბათ ნაკლებად ელოდა.

დიდიე დეშამმა მარცხენა ფლანგი ძმებ ლუკას და თეო ერნანდესებს ანდო. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მოედნიდან გასული ბენზემას პოზიცია კი შეტევაში უეცრად ჩართულმა თეო ერნანდესმა დაიკავა. მარცხენა ვინგერის ჩახვეული დარტყმა აუღებელი გამოდგა ბელგიელთა გოლკიპერ ტიბო კურტუასათვის, რომელიც თანაგუნდელების მსგავსად, უკვე დამატებითი დროის მოლოდინში იყო…

საბოლოოდ ფრანგებმა უკეთესი ფიზიკური მომზადების და შეტევაში მეტი ფანტაზიის ხარჯზე გაიმარჯვეს. ფინალში კი მათ ესპანეთის ნაკრები ელოდათ, რომელმაც მათზე ერთი დღით მეტი დაისვენა.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ნაკრებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ძალა – ბელგიის მსგავსად, ესპანეთის ნაკრებთანაც შემოაბრუნა თამაში და ანგარიშით 2:1 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სცენარი  თითქოს მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა, მაგრამ საბოლოოდ გამოცდილებამ იმარჯვა და კარიმ ბენზემას და მისი თანაგუნდელების შეჩერება ესპანელთა მცველებისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

განსაკუთრებული სილამაზის სწორედ მადრიდის „რეალის“ ფორვარდის საპასუხო გოლი აღმოჩნდა ესპანელთა კარში, როდესაც მის მიერ დარტყმული ბურთი უნაი სიმონის კარის შორეულ ცხრიანში გაეხვია. 

კილიან მბაპეს გამარჯვების მომტანმა დარტყმამ კი მაყურებლებს ბელგიელების წინააღმდეგ თეო ერნანდესის მიერ გატანილი გოლიც გაახსენა, რადგან საფრანგეთის ნაკრების შეტევის მარცხენა ფრთა შეუჩერებელი აღმოჩნდა როგორც ბელგიის, ისე ესპანეთის ნაკრებისთვის.

საინტერესო გამოდგა მესამე ადგილისთვის მატჩიც, რადგან იტალიელებს გამარჯვებას საკუთარი ტრიბუნები აიძულებდა, ხოლო ბელგიელებს კი ევრო 2020-ზე მეტოქესთან განცდილი მარცხი.  

იტალიამ გადაწყვიტა, რომ მეტოქეს გამარჯვება უფრო მეტად სჭირდებოდა და ამიტომ ევრო 2020-ის მატჩისგან განსხვავებით, თავდაპირველად ინიციატივა დათმო, რისთვისაც პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ კინაღამ დაისაჯა კიდეც.

მატჩის ბედი კი ფაქტობრივად მეორე ნახევრის დასაწყისშივე გადაწყდა, როდესაც ბარელამ ერთი შეხებით უძლიერესი დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეკარე ტიბო კურტუას კარში, რითაც მაყურებელს გაახსენა, რომ ევრო 2020-ზეც მან გახსნა ანგარიში ამ გუნდების შეხვედრაში.   

მოულოდნელად გაშვებულმა ბურთმა ბელგიის ნაკრებს თამაშის ხალისი მოუსპო, „სკუადრა აძურას“ კი ისღა დარჩენოდა, რომ საკუთარი პუბლიკის წინაშე გაეორმაგებინა უპირატესობა.

ბელგიელებმა მართალია, მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ იმავდროულად, კიდევ ერთხელ დაარწმუნეს საფეხბურთო სამყარო იმაში, რომ უძლიერესი შემადგენლობის მიუხედავად, მათ არ შეუძლიათ ფრანგების და იტალიელების მსგავსად, დიდი ტურნირების მოგება.

სამახსოვროდ კი მათ აუცილებლად დარჩებათ შეხვედრის 86-ე წუთზე დე ბრიუინეს მორიგი საგოლე გადაცემის შედეგად კეტელარის მიერ იტალიელთა გოლკიპერ დონარუმას ფეხებშუა გატარებული ბურთი, რომელმაც სტადიონზე მისულ ტიფოზებს მესამე ადგილით მიღებული სიამოვნებაც კი გაუფერმკრთალა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.