fbpx

ინტერვიუ მოქანდაკე დავით ნათიძესთან


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინო ჩლაიძე

 

დავით ნათიძე ბელგიაში მცხოვრები ქართველი მოქანდაკეა. თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ბელგიაში, ანტვერპენში, სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში. მისი გამოფენების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და ევროპის არაერთ ცნობილ გალერეაში გაუმართავს.   ქანდაკების გარდა მუშაობს  რესტავრაცია/რენოვაციისა და პედაგოგიური მიმართულებებით.

At.ge გთავაზობთ ინტერვიუს დავით ნათიძესთან.

 

რა არის ის განსაკუთრებული თვისება, რომელიც მოქანდაკეს აუცილებლად უნდა გააჩნდეს?  

ვფიქრობ, არა მხოლოდ ერთი, არამედ მთელი რიგი განსაკუთრებული თვისებები და უნარები ესაჭიროება მოქანდაკეს. მათი ნაწილი ალბათ თანდაყოლილია, ნაწილი კი გამოცდილებით და პრაქტიკული მუშაობით შეძენილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარია ნებისყოფა და პროფესიის მიმართ დიდი სიყვარული.

გამორიცხულია ხელოვან ადამიანზე გავლენა არ იქონიოს ვინმემ/რამემ. რთულია თუ არა დაიცვა ზღვარი გავლენასა და ინდივიდუალურ ხედვას შორის? და იქონია თუ არა შენზე ვინმემ „არაჯანსაღი“ გავლენა, რომლისგან გათავისუფლებაც გაგიჭირდა.

 თავისთავად, ესა თუ ის გავლენა გარდაუვალია. მეტიც, გავლენა, ხშირ შემთხვევაში, შთაგონების წყაროც ხდება, თუმცა აუცილებელია ზომიერებისა და დისტანციის დაცვა, რომ საკუთარი ინდივიდუალური ხედვისა და ინტერპრეტაციისთვის დარჩეს სივრცე. ჩემს შემთხვევაში, რადგან საბჭოთა პერიოდში მომიწია საქართველოში განათლების მიღება, თავიდან რთული იყო გათავისუფლება იმ პერიოდის დოგმატური სწავლების მეთოდიკისგან, თუმცა იქაც  იყო  დადებითი მხარეები, რაც სამომავლოდ გამომადგა კიდეც.

აგული ერისთავი გამახსენდა, რომელსაც სწორედ  ქვა უკარნახებს, თუ რაში უნდა გარდაისახოს. შენთვის ქვას თუ უკარნახია იდეა? თუ იდეას უსადაგებ შესაბამის მასალას?  და რაკი აგული ვახსენეთ,  პიპინიას სიტყვები,  „თუ გადაწყვეტ, უნდა დაარტყა კიდეც!“  მართებულია?

„თუ გადაწყვეტ, უნდა დაარტყა კიდეც!” ამაში ვეთანხმები პიპინიას. ოღონდ, გადაწყვეტილებას ყველა სხვადასხვაგვარად იღებს. ზოგჯერ მასალა – ქვა, ხე, მეტალი ან სხვა, თვითონ გკარნახობს იდეას. თუმცა მე ძირითადად იდეას ვუთავსებ ქვის მასშტაბს, ფერსა და ფორმას. ვთვლი, რომ ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს  განსხვავებული მასალები და მათი გამოყენებით შეძლოს ექსპერიმენტების კეთება.

ბევრი ქვა გაგფუჭებია? და გაქვს თუ არა ნამუშევრები, რომლებიც არ მოგწონს, გადაგიგდია, დაგიმსხვრევია?

რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მასალა (ქვა) გამფუჭებია. ამას ტრაგიკულად არ აღვიქვამ. ეს შეიძლება ტექნიკური შეცდომით მოხდეს, ან, თუნდაც, არ გამოვიდეს პირვანდელი ჩანაფიქრი. მაგრამ ძირითადად, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია. უკიდურეს შემთხვევაში ნამუშევარი გადაკეთდება. შეცდომების დაშვებით კი ბევრ რამეს სწავლობ და თან გამოცდილებასაც იძენ.

დროსთან ერთად რამდენად შეიცვალა შენი ხედვა? უკვე ჩამოყალიბებული მოქანდაკე ხარ (სტილს ვგულისხმობ) თუ ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება ვითარდება და იცვლება?

გარემოს აღქმა იცვლება და   შესაბამისად, სტილიც, ხედვებიც და დამოკიდებულებებიც. ზუსტი მიზეზი არ ვიცი, შეიძლება ეს იყოს გემოვნების ცვლილებასთან კავშირში ან განპირობებული ამა თუ იმ გავლენით. ძირითადად კი, ალბათ, მუდმივად სიახლის ძიების სურვილით.

საქართველოში, სამხატვრო აკადემიაში, ქანდაკების ფაკულტეტზე სტუდენტების ნაკადი არცთუ ისე დიდია. როგორ არის ამ მხრივ საქმე ევროპაში? ახალგაზრდებში სარგებლობს თუ არა ქანდაკება პოპულარობით?

დღესდღეობით ევროპის სასწავლებლებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქანდაკების ფაკულტეტი. მაგრამ თუ იგულისხმება კლასიკური გაგებით ქვაში გათლილი ქანდაკება, უფრო ნაკლებად გვხვდება, ვიდრე ხელოვნების სხვა დისციპლინები, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი პრაქტიკული გარემოება, როგორიცაა ქანდაკებაზე მუშაობის დროის ხანგრძლივობა და სპეციფიკური პირობების  აუცილებლობა.

რას იტყვი, ქანდაკება მაინც მასკულინური ხელოვნებაა? ფიზიკურ ძალასთანაა დაკავშირებული? თუმცა, მსოფლიოში ძალიან ბევრი კარგი ქალი მოქანდაკეა, მათ შორის, ქართველები.

ადრე ასე ითვლებოდა, რომ ქანდაკება კაცების საქმე იყო, რაც თავისთავად მცდარი კლიშეა  ძალიან ბევრი გენიალური  მოქანდაკე ქალია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. მათ შორის გამოვყოფდი ჩემს რჩეულ ინგლისელ არტისტს – Barbara Hepworth-ს. ფიზიკურ ძალას რაც შეეხება, დღესდღეობით უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგანაც უამრავი ტექნიკური საშუალებაა, რითაც ფიზიკური შრომა ბევრად გამარტივებულია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს სტუდენტებში უმეტესობა ქალია და თან ძალიან წარმატებული.

როგორ გგონია, საქართველოში რომ დარჩენილიყავი, როგორ განვითარდებოდა შენი ცხოვრება, კარიერა? მაშინ, წასვლისას, თუ იფიქრებდი, რომ ასეთ ხანგრძლივ ემიგრაციაში მოგიწევდა ყოფნა? და თავს თუ გრძნობ ემიგრანტად?

რა თქმა უნდა, ემიგრანტად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ 27 წელზე მეტია, რაც საქართველოდან ვარ წამოსული. არ ვიცი,  წარმოდგენაც არ მაქვს, 90-იანებში საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება და კარიერა, და რამდენად შევძლებდი მეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმე.   ძალიან მადლიერი ვარ ბელგიის, რომ მომეცა შესაძლებლობა გამეღრმავებინა ცოდნა და ჩემი პროფესიით მემუშავა.

რას ნიშნავს სწორი რესტავრაცია? ჩვენთვის ეს განსაკუთრებულად მტკივნეული თემაა, რადგან არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „გაფუჭდა“ არასწორი რესტავრაციის შედეგად.

სწორი რესტავრაცია, პირველ რიგში, ნიშნავს რესტავრაციის დაწყებამდე სარესტავრაციო ობიექტის ზუსტ შეფასებას და სიღრმისეულ გამოკვლევას, თუ რა მდგომარეობაშია და რა ესაჭიროება ობიექტს. კვლევები უამრავი ფაქტორისაგან შედგება, დაწყებული ისტორიული ექსკურსით, მასალის ექსპერტიზის და კლიმატური პირობების ჩათვლით. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს,  რა მეთოდით ჩატარდება აღდგენა, კონსერვაცია თუ რენოვაცია.

რომელი სტრუქტურების მიერ ხდება რესტავრაციის კონტროლი და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

გააჩნია რა ტიპის ძეგლზე გვაქვს საუბარი და რა დონის კულტურული მემკვიდრეობის დატვირთვა აქვს. სწორედ ამის გათვალისწინებით ხდება შესაბამისი სტრუქტურების შერჩევა, იქნება ეს ქალაქის მერია, კულტურის სამინისტრო, ძეგლთა დაცვა თუ იუნესკო. რესტავრაციის პროცესის ყოველი  ეტაპი ჩამოთვლილი სტრუქტურებიდან რომელიმეს მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობს.

ვნახე შენი ბოლო ვიდეო, სადაც ქანდაკების ზედა ნაწილი ახლიდან გაკეთდა.  იცოდით თუ არა, როგორი იყო ქრისტეს გამოსახულების ძველი ანალოგი? და როგორია რესტავრაციის დაწყებამდე კვლევის პროცესი?

 ამ ქანდაკების (მე-18 საუკუნის ქრისტეს ფიგურა) ზედა ნაწილი საკმაოდ იყო დაზიანებილი. ფაქტობრივად,  ხელახლა გაკეთდა. იმის გამო, რომ არ არსებობდა დოკუმენტაცია, თუ როგორ გამოიყურებოდა თავდაპირველად ეს ძეგლი, მოგვიწია თავად ჩაგვეტარებინა წინასარესტავრაციო კვლევა, რომ დაგვედგინა იმ პერიოდის, იმავე შინაარსის ძეგლების იერსახე და სტილი. დადგინდა ფიგურის დაზიანების გამომწვევი ძირითადი მიზეზები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ჯერ კონსტრუქციული და შემდეგ  აღდგენითი სამუშაოები.

ახალს და ძველს შორის მაინც უნდა არსებობდეს ვიზუალური სხვაობა, უნდა ეტყობოდეს სხვადასხვა ეპოქა, საუკუნე.   

თავდაპირველ და რესტავრირებულ ნამუშევარს შორის ყოველთვის არის ვიზუალური განსხვავება, რაც შეიძლება არაპროფესიონალმა ვერ დაინახოს, თუმცა ადვილად შესამჩნევია პროფესიონალისათვის. ამავე დროს, 30 წლის წინ ძეგლის აღდგენილი ნაწილიც კი უკვე წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ობიექტს, ამგვარად რესტავრაცია თავად ხდება ძეგლის ნაწილი, ისტორია. ზოგ შემთხვევაში ძეგლს საერთოდ აღარ უტარდება აღდგენითი სამუშაოები და იგი გადაინაცვლებს მუზეუმის ფონდში, მის ნაცვლად კი კეთდება ახალი ნამუშევარი, რასაც რენოვაცია ეწოდება.

 

სად განდეს პირველად რესტავრაცია?

პირველად რესტავრაციაში, უფრო სწორად, რენოვაციაში 1995 წელს მივიღე მონაწილეობა, ჯერ კიდევ ანტვერპენის აკადემიის სტუდენტმა. ნამუშევარი წარმოადგენდა კლასიციზმის პერიოდის ქანდაკებების ანსამბლს, რომელიც განლაგებული იყო ქალაქ ლუვენის ცენტრალური სადგურის ფასადზე (ავტორი ედვარდ ფიირსი), კომპოზიციის მთლიანი ქვების წონა შეადგენდა 11 ტონას. ნამუშევრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას და მერიამ და კულტურის სამინისტრომ მიიღეს გადაწყვეტილება, მთლიანად ჩაენაცვლებინათ ახლად გაკეთებული ქანდაკებებით. ამ პროექტზე 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ერთ-ერთ ბელგიელ მოქანდაკესთან ერთად. ძეგლი შესრულდა იმავე ტიპის ქვაში და იგივე მასშტაბში, დაზიანებული ორიგინალი კი დაკონსერვდა და განთავსდა მუზეუმში. ჩემთვის, როგორც დამწყები მოქანდაკისათვის, ეს ძალიან საპასუხისმგებლო და დიდი გამოცდილების მომტანი პროექტი იყო.

როგორ ფიქრობ, სწორად სწავლების მთავარი პრინციპი რას გულისხმობს?

ჩემი აზრით, სწორი სწავლების მთავარი პრინციპები ზუსტად იმ საზღვარზე გადის, სადაც დაცულია ბალანსი პედაგოგის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და სტუდენტის ინდივიდუალურობის სრულ ხელშეუხებლობას შორის. ქანდაკების ძირითადი საფუძვლების სწავლებასთან ერთად, პედაგოგი ხელს უნდა უწყობდეს სტუდენტს შემოქმედებით განვითარებასა და იდეების განხორციელებაში. გარდა ამისა, ღია და თანასწორი დისკუსია სტუდენტსა და პედაგოგს შორის ყოველთვის საინტერესოს ხდის როგორც სწავლის, ასევე შემოქმედებით პროცესს და ურთიერთობას. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.