fbpx

როგორ მოიცვა “კალმარის თამაშმა” მთელი მსოფლიო


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

“კალმარის თამაში” (Squid Game) – კორეული დრამა სამხრეთ კორეის მაცხოვრებლების შესახებ, რომლებიც ვალების დაფარვის მიზნით საბავშვო და ამავდროულად სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში გლობალურ სენსაციად იქცა და არა მხოლოდ Netflix-ის, არამედ streaming service-ს ისტორიაში ყველაზე ყურებადი და რეიტინგული შოუს კანდიდატია. 

დღევანდელ სატელევიზიო სივრცეში მდიდარი კონტენტიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია ახალ სერიალს საზოგადოების მხრიდან მსგავსი რეზონანსი მოჰყვეს. “კალმარის თამაშის” წარმატება კიდევ უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ მასში არც ჰოლივუდის ვარსკვლავები თამაშობენ და ის არც რაიმე ნაცნობი ნაწარმოების ადაპტაციაა. მიუხედავად ამისა, სერიალის აუდიტორიის 95 პროცენტი კორეის საზღვრებს გარეთაა. ინტერნეტი სავსეა “კალმარის თამაშის” meme-ბით და TikTok-ის ვიდეოებით, თუმცა საინტერესოა მაინც რამ განაპირობა Netflix-ის უახლესი ჰიტის ასეთი პოპულარობა? 

 

Netflix-ის ფაქტორი

Netflix-მა გლობალურ წარმოებაში ინვესტიციით (500 მილიონი კორეის შემთხვევაში) და მსოფლიოს “დაპყრობის” ალგორითმით, უკვე კარგად იცის როდის რა უნდა მიაწოდოს მაყურებელს. ამას ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი სერიალების ნაკადი მოწმობს. Streaming service-ს ჰოლივუდის გარეთ ექსპერიმენტი საკმაოდ მომგებიანი გამოდგა, რადგან Netflix-ის ტოპ ათეულის სიაში ისეთი სერიალებია თავმოყრილი, როგორიც არის ფრანგულენოვანი “ლუპინი” (Lupin) და ესპანურენოვანი “ქაღალდის სახლი” (La Casa de Papel). 

საინტერესოა, რომ აღნიშნულ სატელევიზიო შოუებს მეტნაკლებად ერთი ძირითადი კონცეფცია აერთიანებთ: გმირები კლასობრივ უთანასწორობას და სიღარიბის სასოწარკვეთას ებრძვიან. ქვეყნისა და ენის მიუხედავად, კაპიტალიზმი Netflix-ის გლობალური წარმატების “ბოროტმოქმედია” – ბოროტმოქმედი, რომელიც მაყურებლისთვის კარგად ნაცნობია. 

 

ხარისხიან დრამაზე მოთხოვნა გაიზარდა

მას შემდეგ, რაც სამყარო ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, სატელევიზიო შოუები ორ კატეგორიად დაიყო: სერიალები, რომლებიც არსებულ ცხოვრებისეულ პრობლემებს ასახავენ და სერიალები, რომლებიც მძიმე რეალობიდან “ისკეიპიზმს” გვთავაზობენ. ორივე მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა. პირველ კატეგორიაში შეგვიძლია “მხევლის წიგნი” (The Handmaid’s Tale) განვათავსოთ – ტრამპის ამერიკაში მცხობრები ქალების შიში, უკანასკნელში კი ტედ ლასოს (Ted Lass) “დაუნდობელი” ოპტიმიზმი ან თუნდაც “Stranger Thing”-ის 80-იანი წლების ნოსტალგია. “კალმარის თამაში” ერთმნიშვნელოვნად პირველ კატეგორიას ეკუთვნის, სადაც ოსკაროსანი “პარაზიტის” (Parasite) მსგავსად, კორეული საზოგადოების პრობლემები და კაპიტალიზმის მორევში ჩაძირვაა ასახული. 

 

სიუჟეტი და კონცეფცია

“კალმარის თამაშის” პირველ ეპიზოდს ნელ-ნელა მივყავართ იმ შოკისმომგვრელ კულმინაციამდე, როდესაც მოთამაშეები თამაშის ნამდვილ ღირებულებას აღმოაჩენენ. თუმცა, სერიალი ყველაზე ეფექტური მეორე ეპიზოდშია, სადაც კონკურსანტები დროებით ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან.

 

აქ, შოუ იმ საშინელებათა ციკლს გვანახებს, რომელშიც გმირებს უწევთ ცხოვრება: ჯიბის ქურდი პატარა ძმის გადასარჩენად საკმარის თანხას ვერ აგროვებს; ბიზნესის კურსდამთავრებული ფინანსურად გამოუვალ მდგომარეობაშია, ახალგაზრდა მიგრანტი ახალშობილ შვილს და ცოლს ვერ უზრუნველყოფს, ხოლო მთავარ პერსონაჟს იმ რეალობასთან გამკლავება უწევს, რომ ვალების გამო ქალიშვილის შენარჩუნება და ავადმყოფი დედის დახმარება არ შეუძლია. ეპიზოდს სათანადო სახელწოდებაც აქვს – “ჯოჯოხეთი”. პერსონაჟების რეალობა იმდენად სასტიკია, მათ ისევ საკუთარი სიციცხლის ფსონად დადება ურჩევნიათ, რათა თავიანთი პერსონალური “ჯოჯოხეთიდან” გათავისუფლდნენ. 

თამაშები გამოგონილია, ფულიც ფიქციაა, “კალმარის თამაში” კი დრამა, თუმცა მიუხედავად ამისა, სერიალი უთანასწორობის გულახდილი რეპრეზენტაციაა, სადაც ნიღბებში გამოწყობილი ბოროტმოქმედები მოთამაშეებს თითქოს “შანსს აძლევენ”, ჩვენ კი მალევე ვხვდებით ამ “შანსის” ფასი რამდენად დამღუპველია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.