fbpx

Bloom Music – საქართველოში დაარსებული მუსიკალური კომპანია, რომლის მიზანი ადგილობრივი სცენის განვითარებაა


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინო იმერლიშვილი

 

ქართული მუსიკალური სცენა არაერთ საინტერესო არტისტს აერთიანებს. მიუხედავად მრავალი ბარიერისა, რომელიც ქართული მუსიკალური ინდუსტრიის სწორად ფორმირებასა და განვითარებას უშლის ხელს, ადგილობრივმა არტისტებმა მაინც შეძლეს გარკვეული ნიშა დაეკავებინათ და მსმენელისათვის თავი შეეყვარებინათ. პანდემიურმა პერიოდმა ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება შექმნა – აღარ ტარდება კონცერტები და ფესტივალები, რომლებიც აქამდე ქართველი მსმენელისა და მუსიკოსების დაკავშირების გზა იყო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ის ინიციატივა და პროექტი, რომელიც ქართული მუსიკალური ინდუსტრიის სრულფასოვნად ფორმირებასა და განვითარებაზე იზრუნებს – სწორედ ასეთ ახალ პროექტზე მოგიყვებით ამ სტატიაში. 

Bloom Music  მუსიკალური კომპანიაა,  რომელიც 2021 წელს დაარსდა და  რამდენიმე მიმართულებით გეგმავს  აქტივობებს – ეს არის არტისტ მენეჯმენტი, ღონისძიებების მენეჯმენტი და მუსიკალური პროექტების მენეჯმენტი. როგორც პროექტის დამფუძნებლები აღნიშნავენ, Bloom Music ქართული მუსიკალური სცენის გამოწვევების მიმართ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მაგალითია. 

პროექტის მიღმა მირო კულულაშვილი, თევდორე მაყაშვილი და ჯაბა შავიშვილი დგანან. დამფუძნებელთა გუნდის წევრებს მუსიკალურ ინდუსტრიასთან კვეთის სრულიად განსხვავებული და ამავდროულად, ერთმანეთის შემავსებელი კომპეტენციები გააჩნიათ. მირო კულუკაშვილი იურისტია მუსიკალური მიმართულებით და 15 წელზე მეტი გამოცდილება უმაგრებს ზურგს ამ სფეროში; თევდორე მაყაშვილი არტისტ მენეჯერია, რომლის სახელსაც უკავშირდება ისეთი ბენდების წარმატება, როგორებიცაა  Loudspeaker-ს და Killages; ჯაბა შავიშვილი კი მუსიკალური ჟურნალისტი და მარკეტერია. 

 

სწორედ ჯაბა შავიშვილს ვესაუბრეთ Bloom Music-ის კონცეფციის, მიმდინარე პროექტებისა და გეგმების შესახებ. 

ჯაბა შავიშვილი: “პირველ რიგში, რაც ადგილობრივ სცენას სჭირდება, ეს არის  ინდუსტრიის ნაწილად ქცევა, რომელიც დღეისთვის მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში არსებობს და საჭიროებს უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას.

იმისათვის, რომ  განვითარების პროცესი დაჩქარდეს, საჭიროა უკვე შემდგარი მუსიკალური სცენების მსგავსად, აქაც გაჩნდნენ სხვადასხვა ტიპის მოქმედი ე.წ. აგენტები – არტისტ მენეჯერები, ბუქინგ სააგენტოები, სპეციალიზებული PR თუ მარკეტინგული აქტორები, ლეიბლები, გამომცემლები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ. ჩამოთვლილთაგან რამდენიმე მიმართულებით უკვე დაწყებულია მეტ-ნაკლებად ძვრები და ეს ძალიან გვახარებს. Ჩვენი ინიციატივით კი გვსურს, რომ ამ ჯაჭვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი რგოლი დავუმატოთ – ამიტომაც შევქმენით ე.წ. არტისტ მენეჯმენტ კომპანია, რომელიც ქართველ მუსიკოსებს ქვეყანაში არსებული ყველა რესურსის დახმარებით მრავალფეროვან  სერვისებს შესთავაზებს”. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Bloom Music სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს, თუმცა, პროექტის დამფუძნებლების თქმით, მათთვის  ყველაზე პრიორიტეტული არტისტ მენეჯმენტია. 

ჯაბა შავიშვილი: “არტისტ მენეჯმენტის პრაქტიკა დასავლურ ქვეყნებში უკვე ათწლეულებს ითვლის, ეს ეხება სხვადასხვა ინდუსტრიას, თუმცა, ამ შემთხვევაში, გამოვყოფდი მუსიკას. უამრავმა ჩვენთვის მნიშვნელოვანმა მუსიკოსმა თუ ჯგუფმა სწორედ მათი მენეჯერების დახმარებით მოიპოვა ლეგენდისა და ვარსკვლავის სტატუსი, დაწყებული ბრაიან ეპსტაინით და ალენ კლეინით, დასრულებული პიტერ გრანტით. არტისტ მენეჯერის სწორი ჩართულობით, არტისტი მხოლოდ თავის შემოქმედებაზე ზრუნავს, ყველა დანარჩენ  საქმიანობას მესამე პირებთან ურთიერთობის კუთხით კი არტისტ მენეჯერი და მისი გუნდი უწევს ორგანიზებას. ეს მოიაზრებს თითოეულ ეტაპს – კონტრაქტებიდან დაწყებული, მუსიკის პოპულარიზაციით დამთავრებული.”

Bloom Music-ის შემოქმედებითმა გუნდმა საქმიანობის დაწყებიდან მალევე  ქართულ მუსიკალურ სცენას საინტერესო და მეტად საჭირო პროექტი შესთავაზა. “გააციფრულე ქართული მუსიკა” ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე არტისტებს შესაძლებლობას აძლევს, წამყვანი გლობალური სტრიმინგ სერვისების პლატფორმებზე საკუთარი შემოქმედება განათავსონ. ეს ხელს შეუწყობს მათი აუდიტორიის გაზრდას საზღვრების გარეშე და ამავდროულად, შემოსავლის მიღებას. 

ჯაბა შავიშვილი: “ბოლო ათი წლის განმავლობაში სრულიად ამოტრიალდა ინდუსტრიაში არსებული სქემა და დღის წესრიგი. აქამდე მუსიკოსების უმრავლესობა იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გაეყიდა საკუთარი შემოქმედება ფიზიკური სახით, რაც აერთიანებს  CD-ის, კასეტას, ფირფიტას. დღეისთვის კი ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოუსმინოს ონლაინსივრცეში. აღნიშნულ საკითხში გადამწყვეტი აღმოჩნდა სტრიმინგ პლატფორმების როლი, რომლებიც დღეისთვის, შეიძლება ითქვას, სრულიად მართავენ მუსიკალური ინდუსტრიის მომავალს. ისეთი სერვისები, როგორიცაა Spotify, Deezer, Apple Music, Amazon Music და სხვა, თანამედროვე, და არამხოლოდ თანამედროვე, მუსიკოსისებისათვის აუცილებელი ონლაინსივრცეებია. 

“გააციფრულე ქართული მუსიკა” ჩვენი პირველი პროექტია და მისი ამოსავალი იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ მუსიკოსებს აღნიშნულ სივრცეებში შეღწევაში დავეხმაროთ, რაც მათთვის  შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენას გულისხმობს”. 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Bloom Music (@bloommusic.ge)

ამჟამად პროექტის პირველი ეტაპი სრულდება, რომლის ფარგლებშიც 55-მდე მუსიკალურ პლატფორმაზე 30 ქართველი მუსიკოსის 300-ზე მეტი კომპოზიცია განთავსდა. პარალელურად იგეგმება ტრენინგების/შეხვედრების ჩატარება, რათა მუსიკოსებმა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ სტრიმინგ პლატფორმების მოქმედების მექანიზმსა და სარგებელთან დაკავშირებით. 

ქართულ მუსიკალურ სცენაზე და მის ერთიან ინდუსტრიად ჩამოყალიბებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ამ სფეროში არსებული შემოქმედებითი მემკვიდრეობის პრეზერვაციაა. ეს Bloom Music-ის ერთ-ერთ მიზანს  წარმოდგენს. 

ჯაბა შავიშვილი: “ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა მნიშვნელობას ატარებს გასულ ათწლეულებში შექმნილი ჩანაწერები და რამდენად გაიზრდება მათი მნიშვნელობა მომავალში. Საუბარია ასობით ჩანაწერზე მუსიკის სრულიად განსხვავებულ სტილში, რომლებიც დღეისთვის შეიძლება ინტერნეტში საკმაოდ გაფანტულად ცოცხლობენ. ეს მემკვიდრეობა უფრო მეტ ყურადღებას და გარკვეულ სტრუქტურაში მოქცევას საჭიროებს, რათა მსმენელისთვისაც კომფორტული იყოს მათი მოსმენა”.

Bloom Music-ის სამომავლო გეგმები მომავალში კიდევ მეტ პროექტს  მოიაზრებს, რომლებიც ქართული მუსიკალური სცენის გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას გულისხმობს. მანამდე კი კომპანიას საქმიანობის ფარგლებში უკვე აქვს სიახლე – პირველი არტისტი, რომლის  მენეჯმენტზეც Bloom Music იზრუნებს –  ერეკლე დეისაძეა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.