fbpx

ლევან სონღულაშვილის Triptychos – საქართველოს ეროვნული მუზეუმი


გააზიარე სტატია

ფოტო: გიკო დადიანი

 

8 ოქტომბრიდან  7 ნოემბრამდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ლევან სონღულაშვილის გამოფენა  – Triptychos გაიმარა. 

 

Triptychos-ის პროლოგი გამოფენის კურატორ ბაშაკ შენოვასგან:

“უსიერ ტყეში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე, ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული”.
დანტე ალიგიერი 

საყვარელი ადამიანის სიკვდილის ყურება და მასთან გამკლავება რთული პროცესია, რომლის დროსაც მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაზა და გრძნობა: მწუხარება, შიში, სინანული, იმედი, სიყვარული, შფოთვა და რისხვა ერთდროულად იჩენს თავს და ერთმანეთს დაუღალავად ერწყმის. ის ყოველგვარი არსებული საზღვრების გარეშე მუდმივად მოქმედებს მისი მოწმის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც კი. ქართველი ხელოვანი ლევან სონღულაშვილი საყვარელი დედის დაკარგვასთან დაკავშირებულ შემაძრწუნებელ გამოცდილებას მისი პირადი დელიკატური ნარატივის შემცველ ნამუშევრებში გადმოსცემს და მათ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამ ოთახში წარმოდგენილ გამოფენად გარდაქმნის. 

გამოფენა Triptychos (“ტრიპტიქოს”) სამ ეტაპსა და გარემოს აერთიანებს. ის მნახველს საშემსრულებლო ტიპის სამ ცალკეულ, მაგრამ ერთმანეთთან გადაჯაჭვულ მოქმედებას სთავაზობს და ცხოვრების რთული და უწყვეტი გარდაქმნების გადააზრებისკენ მოუწოდებს. თითოეული ოთახი დეტალურად მოგვითხრობს ხელოვანის შემოქმედებისა და გამოყენებული მეთოდოლოგიის შესახებ, დახვეწილად და ყოვლისმომცველად გვაცნობს ხელოვანის პირად ისტორიას, ცოტა ხნის წინ გარდაუვალ სიკვდილთან ბრძოლისა და ამ პროცესის გააზრების ამბავს. 

ბერძნულ სიტყვა “triptychos”, რომელიც „სამ ნაკეცს ან ფენას“ აღნიშნავს, ხშირად იხმარება ხელოვნების ნიმუშის ან ნაწარმოების მიმართ (ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა), რომელიც სამი ერთმანეთის შემავსებელი ან ერთმანეთისგან განსხვავებული ნაწილისგან, კომპონენტისგან, თემისგან ან ნიმუშისგან შედგება. ქრისტიანული რელიგიური მხატვრობიდან მომდინარე ტრიპტიქი, როგორც შუა საუკუნეების პერიოდში ხშირად გამოყენებული ფორმა, უმეტესად სამ სხვადასხვა ზედაპირზე ან ტილოზე შექმნილ გამოსახულებას აერთიანებდა. 

ამ გამოფენით ლევან სონღულაშვილი განსხვავებულ, კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებულ ტრიპტიქს წარმოგვიდგენს. გამოფენაზე ორგანზომილებიანი გამოსახულებები გარდაიქმნება სამგანზომილებიან, მულტიმოდალურ სივრცედ, რომელშიც  სტატიკური გარემო ხდება დინამიკური და მასტიმულირებელი. მთელი რიგი გამეორებებით დატვირთული ოთახები, სადაც სონღულაშვილის მიერ დედის დაკარგვით გამოწვეული მტკივნეული პროცესია ასახული, პირადი და ამასთან, საყოველთაო ძლიერი გამოცდილებითა და მოგონებებითაა სავსე. შესაბამისად, ლევან სონღულაშვილი უშუალოდ “სიკვდილს” არასოდეს ახსენებს ან გვიჩვენებს. ის ამ სამ ოთახში  “მოგზაურობას” თავისი განცდების დამთვალიერებლის წარმოსახვასთან, აღქმასთან ან პირად გამოცდილებასთან დაკავშირებით ახერხებს. 

გამოფენა სიზმრის მსგავსი, თითქოს მოჩვენებებით დასახლებული არყის  ტყის ამსახველი ნამუშევრით  – “ირმის ნახტომით” (Milky Way) იწყება. სონღულაშვილის მიერ 2012 წელს ტუშით შესრულებული ნახატის, “მონაზონი (დანტე)-ს” მსგავსი ესთეტიკით, დიდ ტერიტორიაზე შექმნილი ინსტალაცია, რბილად განათებული კედლის მხატვრობა და უამრავი ხელით მოხატული ხე მნახველს სხვა სამყაროში ეპატიჟება. მონოქრომული ტყე დამთვალიერებელს თავბრუდამხვევ შეგრძნებებში ახვევს, შავ-თეთრი ხეები კი კედლის მხატვრობას ერწყმიან და მრავალრიცხოვან, დეტალებით სავსე გარემოს ქმნიან, რომელიც მარტოობის განცდას აჩენს, რაც ხელოვანის დედასთან ერთად გატარებულ ბავშვობას ეხმიანება. კამერის მსგავსად, თვალის ყურადღება ჯერ იშლება, შემდეგ კი ფოკუსირდება ხეების ზედაპირის დეტალებზე და ხელახლა უყრის თავს მთლიანი სცენიდან არეკლილი არყის ხის უამრავ დეტალს. ამ მომენტში მზერის ცვლილებასთან ერთად გამოსახულების აღქმაც იცვლება. ტყე მნახველს კეთილგანწყობილი მზერით აკვირდება. ურთიერთობა დამკვირვებელსა და დაკვირვების ობიექტს შორის, ხედვა და ხედვის ობიექტად ყოფნის აქტი სივრცეში მანამ იცვლება, ვიდრე მაყურებელი ხეებს შორის დამალულ/მდებარე მინის ირემს არ წააწყდება. ირმის მყიფე არსებობის მიუხედავად, მზერის წყარო საბოლოოდ დადგენილია: ის მნახველს თვალყურს ადევნებს. ეს ოთახი დამთვალიერებელს მინიშნებებს აწვდის ხელოვანის წარსულ გამოცდილებასა და იმ უსაფრთხო სამოთხეზე, რომელიც მშობელთან ერთად გააჩნდა. 

მეორე დარბაზში გადასვლით სიბნელეში შევაბიჯებთ, სადაც ჟანგბადის კონცენტრატორის აპარატის ხმა ისმის. სივრცის ცენტრში მდებარე კუბი ოთახის კედლების კუთხეების გასწვრივაა მობრუნებული. მისი შიგთავსის აღმოსაჩენად დამთვალიერებელმა კუბს წრე უნდა დაარტყას და მიჰყვეს ხმას და სინათლის წყაროს. კუბის ცენტრში, ღრმა და შემაძრწუნებელ ორმოსთან პირისპირ მდგარი დამთვალიერებელი იძულებულია შუშაზე დადგეს, რათა საკუთარი ანარეკლის “გავლით” მასში ჩაიხედოს. ხელოვანი კიდევ ერთხელ აქცევს მას შინაგანი მზერის წინაშე და ცნობიერ მდგომარეობასა და ქვეცნობიერ ფიქრებს შორის გამართულ თამაშს გვთავაზობს. ის ცდილობს, კიდევ ერთხელ გაიაზროს მზერის საშუალებით სამყაროს მუდმივი განსაზღვრისა და ხელახლა აღქმის შესაძლებლობა. 

მზერით უსასრულო სიბნელესთან კავშირი  ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილი მეტაფორის   ასოციაციას იწვევს: “როდესაც იყურები უფსკრულში, უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოგყურებს შენ”, და ერთდროულად აზიარებს და იხსენებს მოგზაურობის ბნელ მხარეს. გამომდინარე იქიდან, რომ ის მხოლოდ ერთ ადამიანს იტევს, მნახველისთვის ინტიმურ, მარტოობის მომენტს ქმნის, რომელიც თვითრეფლექსიისკენ უბიძგებს და უსასრულო სიბნელეში ითრევს. ჟანგბადის აპარატის ხმა მზერისა და ამ ინტიმური მომენტის თანმხლებ ბუნებრივ ფონად იქცევა. 

ბოლო ოთახში ფონურ ხმას უნგრელ-ავსტრიელი კომპოზიტორის, გიორგი ლიგეტის ძლიერი მუსიკალური ნაწარმოების ფრაგმენტები არღვევს. “რეკვიემის” (1961) ფრაგმენტებისგან აწყობილი ნაწარმოები და მისი საგუნდო შესრულება იმ აურის ეფექტს ქმნის, რომელიც უზარმაზარი ნახატის, “ელიზიუმის” შემცველ ოთახს ავსებს. 

სიტყვა “ელიზიუმი” პირველად ჰომეროსის “ოდისეაშია” ნახსენები. მის შემდეგ კურთხეულთა, გმირთა სულებისა და სიკვდილის შემდეგ წმინდანად აღიარებულთა “სამოთხის” მსგავს მიწას ჰესიოდე, პინდაროსი, სოკრატე და პლატონიც ახსენებენ. ეს სიტყვა სხვადასხვა დროს ბევრ მწერალსა და მოაზროვნეს გამოუყენებია – დაწყებული შექსპირითა და დამთავრებული შილერით. ის ასევე გარდაცვალების შემდგომი სიცოცხლის მნიშვნელობითაც გამოიყენება. შესაბამისად, ნახატი გამოფენის ფარგლებში მიმდინარე მოგზაურობის დასასრულად მოიაზრება. ლევან სონღულაშვილის სიტყვებით, ის „ნათელი პალიტრის საშუალებით აბსტრაქტულ ფორმებს, ფიგურულ ელემენტებსა და დინამიკურ მონასმებს აჩვენებს. პიქსელის მსგავსი ფიგურები ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან დანახულ მთელი სამყაროს ამსახველ თავსატეხს ქმნიან. ჩემთვის წარსული, აწმყო და მომავალი ამ ნახატში წრეზე ტრიალებენ”. 

შინაარსიდან გამომდინარე,  გარდა ასოციაციებისა, ნახატს ლიგეტის მიერ რეკვიემის შექმნის პროცესთან სხვა საზიარო დეტალებიც აკავშირებს. ამ ნამუშევრის შექმნა ლევან სონღულაშვილის დედისთვის სასიკვდილო დიაგნოზის დადგენამდე დაიწყო, მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა და რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ამ გამოფენისთვის დასრულდა. შესაბამისად, ადრინდელი ნახატებისგან განსხვავებით, მისი განსაკუთრებული მიდგომა ხელოვანის მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპს მოიცავს. ვოლფგანგ მარქსის სტატიის თანახმად, ლიგეტიმაც ანალოგიურად რეკვიემზე მუშაობა ორჯერ დაიწყო: 1940-იანი წლების ბოლოსა და 1950-იანები წლების დასაწყისში, ავსტრიაში გაქცევამდე, და შემდეგ 1956 წელს. თუმცა მაშინ კომპოზიტორის მცდელობებს დასრულებული შედეგი არ მოჰყოლია. საბოლოოდ,  მან რეკვიემი 1963-1965 წლებში შვედეთიდან მიღებული დაკვეთის შედეგად დაასრულა. ლიგეტიმ ერთხელ თქვა: „[…] ჩემი მუსიკის ერთი განზომილება სიკვდილის ჩრდილში გატარებული დიდი დროის კვალს ატარებს“. 

სიკვდილის კონცეფციასთან მჭიდრო მიჯაჭვულობა სონღულაშვილის ნახატში, როგორც ამ ოთახის ერთადერთ ვიზუალურ გამოსახულებაში, უხილავია. ნამუშევარი ფერების, გადასვლების, მონასმების თითქმის კანონიკური გამეორებით, ფართომასშტაბიანი ჟესტებითა და აბსტრაქციებით, ექსპრესიული ფენების საშუალებით მკაფიოდ ასახავს შეწყვეტილი შემოქმედებითი პროცესის შედეგებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ლევან სონღულაშვილის მოგზაურობა – რომელიც ამ გამოფენას თან გასდევს – სიკვდილის, დაშლის, შიშისა და სიბნელის ჩრდილქვეშ მიმდინარეობს, “ელიზიუმი” მას ტილოდან ამობრწყინებული კაშკაშა შუქითა და “სიხარულით” ასრულებს. გამოფენა Triptychos ბოლო ნამუშევრით გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების კარს ხსნის და მწუხარების არაერთგვაროვან გამოვლინებას სასიამოვნო მოგონებებით ასხივოსნებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.