fbpx

სანაკრებო ტურის გამოძახილი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ქომაგისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუ ვის გულშემატკივრობს და რა პერსპექტივა აქვს მის გუნდს. კლუბებისგან განსხვავებით, ნაკრებში არავინ იყიდება და საკუთარი სამშობლოს დროშის ქვეშ ფეხბურთელები გაუკეთებელსაც კი ახერხებენ ხოლმე და განსაკუთრებული ძალისხმევით იგებენ მათთვის თითქოს წარმოუდგენელ მატჩებს, რომელთა შესახებ კიდევ დიდი ხნის მანძილზე ისაუბრებენ საფეხბურთო სპეციალისტები.

სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა ამ თვალსაზრისით თავი ვერ გამოიჩინა და ჯგუფის სამი უძლიერესი მეტოქის დამარცხება აქამდე ვერ შეძლო, მაგრამ როგორც იქნა, გასულ კვირას, 2012 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის  პირველი შესარჩევი მატჩი მოიგო, თანაც გასვლაზე, სადაც მას თამაში რატომღაც უფრო უადვილდება.

საქართველო და კოსოვო თანაბარი კლასის გუნდებია და იშვიათია, რომ ამ ტიპის დაპირისპირებებში ერთ-ერთმა გუნდმა მეორე ზედიზედ ორ მატჩში დაამარცხოს. ამიტომ ერთგვარი ფსიქოლოგიური უპირატესობა შეხვედრის წინ საქართველოს ნაკრების მხარეზე იყო.

კოსოვოს განსაკუთრებული სურვილი ჰქონდა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე იმ ქვეყნის ნაკრების დამარცხებისა, რომელიც მას სახელმწიფოდ არასოდეს აღიარებს, ამიტომ მეტოქის ქმედებებში თავიდანვე მოსალოდნელი იყო მეტისმეტი მონდომებიდან გამომდინარე დაბნეულობა და შეცდომები. 

სწორედ ერთ-ერთი ასეთი დაუდევრობით ისარგებლა პირველ ტაიმში ოქრიაშვილმა, რომელიც საჭირო მომენტში აღმოჩნდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, ისარგებლა კოსოვოელთა მეკარის შეცდომით და გახსნა ანგარიში.

საპასუხო გოლი მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს, ფრიად საკამათო პენალტის შედეგად გაიტანეს და თითქოს მეორე ნახევარში მატჩში გარდატეხის შესატანად მოემზადნენ, მაგრამ გოლი პირიქით, საკუთარ კარში მიიღეს. 

ზურიკო დავითაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან აზაროვის გადაცემა მეტოქის მცველისგან მცირეოდენი ასხლეტით მიიღო და მიუხედავად ამისა,  მოახერხა გამიზნული თავური დარტყმა,  რომელიც აუღებელი გამოდგა კოსოვოელთა გოლკიპერისთვის.

კოსოვოსთან მოგებამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა უნდა შესძინოს, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ მცირეოდენი ისტორიული მისიის შესრულებაში, თუკი ისინი მომდევნო ტურში შინ შვედებს ქულებს დააკარგვინებენ და საბოლოო სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაუშვებენ.

ამ მიზნის შესრულება რთულია, მაგრამ ხომ შეგვიძლია გავიხსენოთ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, როდესაც საქართველოს ნაკრებმა შინ იტალიასთან  შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა. ამით „სკუადრა აძურამ“ ლიდერის პოზიცია დაკარგა და ჩემპიონატზე მოსახვედრად გადათამაშებაში რუსეთის ნაკრებთან თოვლიან ზამთარში მოუწია თამაში.

ასე რომ, ბოლო ტურში, განსაკუთრებული ძალისხმევის შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები შეიძლება  მსოფლიო მასშტაბით ფეხბურთის სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. 

ამას  ნოემბერში ვიხილავთ, შემდეგ კი ნაკრები ერთა ლიგის C კატეგორიაში მონაწილეობაზე გადაერთვება, რომლის კენჭისყრაც შვეიცარიაში 16 დეკემბერს შედგება. ჯგუფური ეტაპის მატჩები წინასწარი განრიგის მიხედვით 2022 წლის ივნისსა და სექტემბერში ჩატარდება. 

ფეხბურთის სპეციალისტები კი უკანასკნელ ხანს ბულგარეთის და უნგრეთის ნაკრებებმა გააკვირვეს, რომელთაც ჯგუფებში შესაბამისად იტალიის და ინგლისის წინააღმდეგ ფრედ 1:1 შეძლეს მატჩების დასრულება. 

ბულგარელებმა მომდევნო ტურში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები დაამარცხეს, მაგრამ ლიეტუვასთან სენსაციური მარცხის შემდეგ მათ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგეს. C ჯგუფის ლიდერები კი იტალიისა და შვეიცარიის ნაკრებები არიან. 

აი უნგრეთის ნაკრებს კი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე  თავდაუზოგავი შემართების მქონე გუნდად დაგვამახსოვრა თავი, მეტისმეტად გვიან გამოეღვიძა და ინგლისთან გასვლაზე ანგარიშით 1:1 ნათამაშევმა მატჩმა მას სატურნირო თვალსაზრისით ღირებული ვერაფერი შესძინა.

D ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე შესაბამისად ინგლისის და პოლონეთის ნაკრებები იმყოფებიან, მაგრამ საინტერესოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსს ალბანეთის ნაკრებიც ინარჩუნებს, რომელიც პოლონელებს ორი ქულით ჩამორჩება.

თუკი დასკვნითი მატჩების განრიგს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს აბსურდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბანეთის ნაკრები აუცილებლად თავაწეული დატოვებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს, სადაც მან უნგრეთი ორივე მატჩში დაამარცხა.

ინგლისის და იტალიის ნაკრებებისგან განსხვავებით, გერმანელებს თავიანთი ახალი მწვრთნელის ხელში ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არ აქვთ, რასაც უკანასკნელ ტურში ბუნდესნაკრების მიერ გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ანგარიშით 4:0 განადგურება ცხადყოფს.

ჰანსი ფლიკის გუნდის გულშემატკივრები დიდი ანგარიშით მოგებას რუმინეთის ნაკრებთანაც ვარაუდობდნენ, მაგრამ იმ მატჩში გერმანელებმა პირველი გოლი საკუთარ კარში მიიღეს და მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხეს ჯერ ანგარიშის გათანაბრება, ხოლო შემდეგ კი დაწინაურება.

ფლიკმა ნაკრები მაშინ გადაიბარა, როდესაც ის მესამე ადგილზე იმყოფებოდა. 8 ტურის შემდეგ კი მისი გუნდი ჯგუფის ლიდერია და უახლოეს მდევარს, რუმინეთის ნაკრებს 8 ქულით უსწრებს.

შედეგი თითქოს შთამბეჭდავია, მაგრამ ცხადია, რომ გერმანიის ნაკრებს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი ოპტიმალური თამაშის ხარისხის ჩვენებამდე, რომელიც მას 2014 წელს მოპოვებული უკანასკნელი უმაღლესი ტიტულის დაბრუნებაში დაეხმარება…

ნოემბრის დასკვნით ტურებამდე ფავორიტთაგან გარანტირებული პირველი ადგილი მხოლოდ გერმანიის, ბელგიის და დანიის ნაკრებებს აქვთ მოპოვებული, ინგლისელები და ჰოლანდიელები შედარებით მშვიდად არიან, ხოლო იტალიელებს, ესპანელებს და პორტუგალიელებს წინ ბრძოლები ელით საბოლოო ლიდერობის მოსაპოვებლად. 

B ჯგუფში ესპანეთის ნაკრები დიდი ალბათობით მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა პირველ ადგილზე, თუკი ბოლო ტურში შინ შვედებს დაამარცხებს, C ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა სავარაუდოდ უკვე მომდევნო ტურში იტალიის და შვეიცარიის დაპირისპირებაში გადაწყდება, რომელშიც „სკუადრა აძურას“ ფრეც აწყობს, A ჯგუფში კი პორტუგალიელებს პირველი ადგილის მოსაპოვებლად ბოლო ტურში შინ სერბეთის ნაკრების დამარცხება მოუწევთ, რაც ადვილი შესასრულებელი ნამდვილად არ იქნება.

ტრადიციულად დრამატული ვითარებაა შექმნილი სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ციკლში, სადაც ჯერ კიდევ ექვსი ტურია სათამაშო. აქ გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად აღმოჩნდებიან ბრაზილიელები და არგენტინელები, ხოლო ვენესუელასთვის კი ყველაფერი დამთავრებულია.

სხვა გუნდებს შორის ნებისმიერი დაპირისპირება ექვსი ქულის ტოლფასი და ამგვარად, გადამწყვეტიც შეიძლება აღმოჩნდეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან 4 გუნდი პირდაპირ, ხოლო მეხუთე კი ტრადიციულად იოლი გადათამაშების შედეგად ხვდება. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მაძიებელთა შორის მოულოდნელად ეკვადორის ნაკრები ჩაერთო, რომელიც ცხრილში ამჟამად მესამე ადგილზეა. მას თითო ქულით კოლუმბიის და ურუგვაის ნაკრებები ჩამორჩებიან. სხვები კი შორიახლოს იმყოფებიან და სულაც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საბოლოო სატურნირო ცხრილის საუკეთესო ხუთეულში ამჟამად ბოლოსწინა ადგილზე მყოფი პერუს ნაკრებიც კი ვიხილოთ, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ამ შესარჩევ ციკლამდე, აშკარა პროგრესს განიცდიდა.  

სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირი 2022 წლის 29 მარტს დასრულდება. ამ დროისთვის ევროპაში გადათამაშებების ეტაპია დაგეგმილი, რომელმაც შეიძლება არაერთი ძლიერი გუნდი, და მათ შორის შესაძლო ფავორიტიც კი, მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დატოვოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.