fbpx

არტ-ბაზელი 2021


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიორგი გამსახურდია                                                                             

 

არტ-ბაზელს  შარშან 50 წელი შეუსრულდა და ნაცვლად იმისა, რომ პომპეზურად აღენიშნათ, კოვიდვითარების გამო საერთოდ არ ჩატარებულა.

თვეობით იზოლაციის შემდეგ ხელოვნებას დანატრებულმა ხალხმა მართალია, ნიღბებით და კოვიდპასპორტების წარდგენით, მაგრამ მაინც თავისუფლად შეძლო გამოფენის ნახვა.  

იმპრესიული ინსტალაციების კუთხით   Unlimited ბაზელი დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევს, სადაც წელს ცნობილი და დამწყები მხატვრების მონაწილეობით და ჯოვანი კარმინეს კურატორობით 62 ფართომასშტაბიანი პროექტი წარდგა. ამ უნიკალური პლატფორმის მეშვეობით გალერეებს საშუალება მიეცათ დიდი ინსტალაციების, მონუმენტური სკულპტურების, ფართო კედლის მხატვრობის, ფოტოგრაფიათა სერიების და ვიდეოპროექციების დემონსტრირებისა, რომლებიც ტრადიციული საგამოფენო სტენდების ჩარჩოებს სცილდება. 

ჯოვანი კარმინე:  “კოვიდ 19-მა დიდად დააზარალა მრავალი არტისტის შემოქმედებაც, თუმცა ზოგიერთისთვის შთაგონების წყარო გახდა”. მაგალითად, ამერიკელმა მხატვარმა ჯოშ სმიტმა ნიუ-იორკის ცარიელი ქუჩები გამოსახა.

ასევე მოიქცა მექსიკელი არტისტი მარიო გარსია ტორესი ნახატების სერიით It Must Have Been a Tuesday – “სამშაბათი უნდა ყოფილიყო”,  რომელიც 164 ქაღალდის ფურცლისგან შედგება. ის მათ იზოლაციის გამო დაკეტილი საკუთარი სტუდიის კარს ყოველდღიურად აკრავდა წარწერით – დროებით დაკეტილია. 

კრიზისმა მაინც ვერ მოახდინა შემოქმედების სრული პარალიზება. ამის მაგალითია დევიდ ჰოკნი ფოტოგრაფიული ნახატით – “სურათები გამოფენიდან”,

და ასევე მარიონ ბარუხის ნამუშევრები, რომლებიც არტისტებმა სპეციალურად Unlimited 2021-სთვის დაასრულეს და დაგვანახეს, რომ ხელოვნების ხალხისთვის გაზიარება მათთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა. 

Unlimited ბაზელზე წარმოდგენილი ნამუშევრები მრავალმხრივია – Black Lives Matter-ს თემით დაწყებული, “ფეიკნიუსის” და პოსტსიმართლის ეპოქის ასახვით დამთავრებული.

კერი მეი ვიმსი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკელი არტისტი, Black lives matter-ს თემას ეხება.  ის წარმოადგენს ახალგაზრდა აფროამერიკელი მამაკაცის 39  იდენტურ ფოტოს, რომლებიც სხვადასხვა ზომისაა და მიგვანიშნებს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობაზე.

ურს ფიშერის ნამუშევარი სიმყიფეზეა. მის წინ მდგარი ფიქრობ, რომ შეიძლება სახლი ჩამოინგრეს. “პურის სახლი” ადრე შეიქმნა, თუმცა დღეს სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა, რადგან იმ პერიოდში მოგვიწია ცხოვრებამ, როცა ადამიანი საკუთარ სიმყიფეს პირისპირ შეეჯახა. პური კი ერთგვარი სიმბოლოა კაცობრიობის, რადგან მეტ-ნაკლებად ყველა კულტურას აერთიანებს.  

მარიონ ბარუხი საინტერესო ფიგურაა, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ თავიდან აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მხატვარი ახალ ნამუშევრებს ქმნის Unlimited ბაზელისთვის.  ის ცდილობს  ძვირფასი ტანსაცმლის ნარჩენებისგან ააწყოს კედლის მხატვრობა, რომელიც განმეორების შედეგად  თავისებურ, არქაულ ენად იქცევა. ეს ძლიერი და გარკვეულწილად, წინააღმდეგობრივად სავსე სახეა.

ლუსი მაკენზი მონუმენტალიზმის იდეებს ეხება. მან  კედლის ფერწერა საბჭოთა დროის საფუძველზე შექმნა, რომელიც თანამედროვე სახეებით განაახლა.  ის დამალობანას თამაშობს ნივთებთან, რადგან აგებს კედელს ნახატთა წინ და ხილულს მხოლოდ მის ნაწილებს გვიტოვებს. ეს ნამუშევარი იდეოლოგიასა და კომუნიკაციაზე გვიყვება, რომ ჩვენ პოსტიდეოლოგიურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც სიმართლე იმალება და მანიპულაციის საგანი ხდება. ხელოვნებითაც მანიპულირებენ  ისინი, ვისაც რეალური ძალაუფლება აქვთ და მას საკუთარ ნარატივში აქცევენ.

 

აქ ნაჩვენები სცენები და საგნები, ლარი პიტმანის სიტყვებით, იმ ეპოქის გამომხატველია, რომელიც წინ უსწრებს კაპიტალიზმის დაცემას. გენმოდიფიცირებული საკვები, მკვდარი არქიტექტურა, ​​მანიფესტები, რომელთაც მარცხი იწვნიეს, საგზაო ნიშნები (მოწოდება – რომ იჩქარო) – როგორც კანიბალიზმის მომასწავებელი გაფრთხილება, ნანემსარი ანტიდეპრესანტის ტაბლეტებით, ტვინის სკანირება და მიწისქვეშეთის ვიტრაჟები – ეს ის დიაპაზონია, რომელსაც პიტმანი მოიცავს და მიუთითებს მის უნარზე ერთად შეკრას სხვადასხვა პერიოდის და კულტურის გამომხატველი სახეები. 

მონუმენტური მასშტაბის, ამოუცნობი და იდუმალი ქმნილება წარმოადგენს ჩემბერლენის გაბედული შემოქმედების  მაგალითს. ის ერთ-ერთია 1970-ან წლებში ფოლგისგან შექმნილი 29 მინიატურული სკულპტურიდან, რომლებიც არტისტმა ამ საუკუნეში ფართომასშტაბიან ნამუშევრად გარდასახა. სახელწოდება მიგვანიშნებს არტისტის იუმორსა და პოეტურ მგრძნობელობაზე, მის ინტერესზე სიტყვათა თამაშის და ენის აბსტრაჰირების მიმართ.  

ვალი ექსპორტის ეს სკულპტურა თავისი არსით დაკავშირებულია წინააღმდეგობასთან და განასახიერებს როგორც მოწყვლადობის, ისე აგრესიის იდეას. ორი გიგანტური მაკრატელი გადახლართული ერთმანეთში ქმნის 4,5-მეტრიან ფიგურას, რომელიც ერთდროულად მოხდენილიც არის და საშიშიც. ექსპორტი  ტრივიალურ, ყოველდღიურ ობიექტს გარდაქმნის რთულ მოტივად, რომელიც დაკავშირებულია როგორც შინაგან მდგომარეობასთან, ისე სოციალურ ძალაუფლებასთან. ნამუშევარი დამუხტულია ისეთი მნიშვნელობებით, რომლებიც მაკრატელში იგულისხმება და იწვევს სხვადასხვა კონოტაციას, როგორიც არის – მოდა და ჭრა, კასტრაციის შიში, ქირურგიული ინსტრუმენტი, ფილმის მონტაჟი, რაც საბოლოოდ ობიექტის დეკონტექსტუალიზაციას ახდენს.

ეს ნამუშევარი რობერტ რაუშენბერგის  ბოლო სერიაა და შედგება შეღებილ სერიგრაფიულ  ტილოზე შესრულებული ფოტოებისგან, რომლებიც არტისტმა ჟურნალებიდან ამოკრიბა ან თავად შექმნა. სერია მოგვაგონებს იმ საკულტო თემებს და  კომპოზიციებს, რომლებიც მან 1960-ანი წლების დასაწყისში შემოგვთავაზა. სამყაროს გიგანტურ ნახატად მიჩნევა, სხვადასხვა თემის ერთმანეთთან ოსტატურად მისადაგება და რეალური სამყაროს გადაჯგუფება ცენტრალური ხაზია მის შემოქმედებაში.

ტადაში კავამატას დიდი პანელები გამოსახავენ განადგურების ფართო პანორამებს, რომლებიც ადამიანის და ბუნების შეჯახებით არის განპირობებული. ეს არის ქაოსში ჩაძირული გარემო, ვერ აცდენილ კატასტროფათა შედეგები, რომლებიც  ანადგურებენ ცივილიზაციებს და დაცარიელებულ ქალაქებს თუ გარდასულ ომებს მოგვაგონებენ. 

დიმიტრიევიჩის ნამუშევარი შედგება ორი ნავისგან, სადაც აფრების სახით ორმაგი შავ-თეთრი ფოტოპორტრეტია წარმოდგენილი. მათზე გამოსახულია ნიკოლა ტესლა, ამადეო მოდილიანი, კაზიმირ მალევიჩი და ნატალია გონჩაროვა – არტისტები და ინტელექტუალები, რომლებმაც თავიანთი ნოვატორული წვლილი შეიტანეს ხელოვნებაში, თუმცა აღიარება მათთან შედარებით გვიან მოვიდა.

 

ეტელ ადნანის კერამიკული კედელი მუყაოზეა შესრულებული და 136 ფილისგან შედგება.  ის წარმოადგენს მონუმენტურ სწრაფვას ფერის და აბსტრაქტული ექსპრესიისაკენ:

 

“აბსტრაქტული ხელოვნება იყო პოეტური გამოხატვის ეკვივალენტი, მე არა სიტყვებს, არამედ ფერებს და ხაზებს ვიყენებდი. თავი უნდა მიმეკუთვნებინა არა ენობრივი კულტურის, არამედ გამოხატვის ღია ფორმისთვის”, – ამბობს ლიბანური წარმოშობის არტისტი. 

მისი  ნათელი პალიტრა გვაწვდის ფერს უფრო ფართო კონტექსტში, ვიდრე ცხოვრება, ხოლო კომპოზიციის შუაში მოკიაფე მანათობელი ოპტიმიზმის ნიშანია. თიხის  კედელი  ფრანგ კერამიკოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა, რაც არტისტის ერთ-ერთი მთავარი სურვილია:  მისი ნამუშევარი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს, რათა ნახონ და ისიამოვნონ. 

 

ბუნებრივია, მთელი სპექტრის სრულად ასახვა,  რაც არტ-ბაზელზე იყო წარმოდგენილი, შეუძლებელია. ამიტომ პირადი შთაბეჭდილებებით ვიხელმძღვანელე და ზოგიერთი მათგანი ასე გამოვარჩიე.

 

მომავალ არტ-ბაზელამდე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.