fbpx

აღმოაჩინეთ სოფო გონგლიაშვილის კოლექცია SOLO Boutique-ში


გააზიარე სტატია

ფოტოგრაფი: მარიამ სიჭინავა

 

ადამიანი ფიქრის შედეგად შეიქმნა. შემდგომ ადამიანმაც დაიწყო ფიქრი. ადამიანთა სიმრავლემ ფიქრთა სიმრავლე წარმოშვა. ფიქრები გამრავლდნენ, ერთმანეთს დაემსგავსნენ, მაგრამ განსხვავებული ფიქრებიც შემორჩა. დღეს განსხვავებული ფიქრები ძვირფასია, იშვიათია. ისინი ჩვენ გადმოგვეცა. ჩვენ მომავალს უნდა გადავცეთ. ვისთვისაც მომავალი მნიშვნელოვანია, აწმყოზე ფიქრობს, ვინც აწმყოზე ზრუნავს, ის წარსულზეც ფიქრობს. ჩვენ ჩვენი ფიქრებით ვერთიანდებით და მათ გამოვხატავთ სხვადასხვა ფორმით. 

როდესაც რაიმე ნივთს ვუყურებთ, ხანდახან გაუაზრებლად მოგვწონს, რაღაც გვიზიდავს და ვხვდებით, რომ ის უბრალოდ ჩვენი ნაწილია, მის გარეშე ყოფნა კი წარმოუდგენელი, რადგან უკვე შევხედეთ და მივხვდით… ბედნიერება ყველაზე ახლოსაა… ან უკვე ჩვენ თვალწინ. 

ასე ყოველთვის არ ხდება, მაგრამ თუ მოხდა, უარის თქმა უკვე გვიანია, შეუძლებელიც, თანხმობა – განსაკუთრებით სასიამოვნო. 

ცოტა ხნის წინ იუველირ სოფო გონგლიაშვილს ვესტუმრე სახლში. ცხრა შეკითხვით მივედი, რომლებიც წინა დღეს ჩამოვწერე. დივანზე დავჯექი მის მოპირდაპირედ და გონებაში ყველა  შეკითხვა შევცვალე. შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ საუბრის დასასრულს გული დამწყდებოდა, რადგან წამოსვლის დრო მოვიდოდა. ამწამსაც ახალი შეკითხვები მებადება, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. სოფომ ყველა კითხვაზე პასუხი გამომატანა, წინასწარ, უთქმელად და ჩემი ახალი ფიქრებით. 

სოფოს პირველი გამოფენა 2000 წელს მოეწყო. განსხვავებული, არატრადიციული ფორმით და ხედვით წარადგინა საკუთარი ნამუშევრები. მნახველთა უმრავლესობა ვერ მიხვდა, ეს რა იყო და რა რეაქცია უნდა ჰქონოდა კოლექციაზე. უცნაურად ჩანდა ის, რაც სულიერებას ავსებდა, მაგრამ თვალმა ვერ აღიქვა და იუცხოვა. უბრალოდ, მსგავსი არაფერი ენახა. წარმატებაც აქედან დაიწყო. სოფო გონგლიაშვილი დღეს მსოფლიოს საუკეთესო იუველირთა სიაშია. 

ნაკეთობა, რომელსაც თავმდაბლობასთან ერთად სულიერი სიმშვიდე და აღუწერელი სიძლიერე მოაქვს, გავსებს და გეფარება იქ, სადაც აქამდე სიცარიელე იყო. გათბობს, გაღიმებს და გაყვარებს ფრთხილად და საოცარი სიამოვნებით. 

ვერც ერთ ნამუშევარს ვერ დატოვებთ ფიქრის გარეშე. ყველა მოგწონთ, მაგრამ თქვენი მხოლოდ ის გახდება, რომელიც აგარჩევთ და დაგიძახებთ. თქვენ ვერ აარჩევთ,  თავად აგარჩევთ. არ ვიგონებ, ამას მიხვდებით და იგრძნობთ, როდესაც ჯერ შეხედავთ, შემდგომ კი მოირგებთ. ბუნებრიობით შექმნილი სამკაული შეავსებს, თუ რამე გჭირდებათ,  გაგაბედნიერებთ და შეგაყვარებთ… რას ან ვის, ამას უკვე თავად გადაწყვეტთ. ეს თქვენი და სამკაულის მარადიული საიდუმლო იქნება. 

ამბობენ, იუველირები თავიანთ ოცნებებს სამკაულებში დებენ და სხვასთან გზავნიან. როგორც კი ოცნება თქვენსას ემთხვევა, სამკაული მოგაგნებთ და დაგიძახებთ, ამას მხოლოდ თქვენ იგრძნობთ, ან ადამიანი, რომელიც სამკაულში თქვენ დაგინახავთ. თუ სამკაული თქვენამდე მოვა, თქვენი და იუველირის ოცნება ახდება. შემდეგ ზღაპრული ცხოვრება იწყება, სადაც სამყაროს ფერებს და მოვლენებს თავად ქმნით და ამით ბედნიერდებით.

ილუზიონისტებში რა მოგვწონს? როდესაც ვერ ვხვდებით რას გვიმალავენ, მაგრამ შედეგი გვაოცებს. იუველირებიც ასე არიან, გვაოცებენ შედეგებით, თუმცა ჩვენ ვერ ვიგებთ როგორ შეიქმნა. 

ერთი ძალიან საინტერესო მოსაზრება გავიგე, თურმე ვინც გიყვარს, მისი ანგელოზი ხდები… ასე რომ, თუ მთელ სამყაროს შეიყვარებთ, მთელი სამყაროს ანგელოზი შეგიძლიათ გახდეთ.

ანგელოზებს საკუთარი ნიშნები აქვთ, რითაც მათ ანგელოზობას ვხვდებით. სოფოს ნაკეთობები სწორედ ამ ნიშნებს გვაგონებს; სადაც ლურჯი ცას გამოხატავს, მწვანე დედამიწას, თეთრი ხელახალ სიცოცხლეს და შავი წესრიგს. რაც მეტ ფერს ვატარებთ, მით უფრო მეტად გვიყვარს. სამყაროც უფრო ბედნიერი და თბილია. 

სოფოსთან საუბრისას ერთადერთ სამკაულს შევეხე თავად. ამაზე მხოლოდ ერთს დავწერ – მზისფერი სითბო ჰქონდა. დანარჩენს საიდუმლოდ შევინახავ.

საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ბედნიერების ხმამაღლა გამოხატვის არასოდეს შეგეშინდეთ, მხოლოდ ის გაიგებს, ვისი ანგელოზიც ხართ. მეტი ვიფიქროთ ბედნიერებაზე, რადგან ყველა ქმნილება ბედნიერების იდეაზეა დაფუძნებული. ჩვენი ზღაპრული სამყარო შევქმნათ, სადაც ფერებს თავად შევარჩევთ ჩვენი ანგელოზებისთვის. 

იმ ერთიანობას, რასაც სიყვარული აღწერს, ფოტოებზეც შეამჩნევთ. ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავას შემოქმედებამ ყველას ინდივიდუალური აღქმის საშუალება მოგვცა. სიბრძნის, შემეცნების და ინტერესის სინთეზი, რომელიც სამ პიროვნულ ეპოქად იყოფა. განსხვავებული თაობა ერთი ხაზის ქვეშ, სწორედ სოფოს სამკაულმა შეკრიბა და მარიამის ფოტოებმა აღბეჭდა. იდუმალება და უთქმელი დიალოგი ორ დედას და შვილს აერთიანებს. მათი არ გვესმის, მაგრამ ფოტოებიდან ყველას ჩვენი ემოცია გვრჩება. წარმოდგენებში, გონებით  ვიხედებით და ვხვდებით, რომ ერთ ოჯახში სამი თაობის ანგელოზი ფუსფუსებს, თავისთვის და ერთმანეთისთვის. მათ ბევრი იციან. მზერით აზრთა თანხვედრას უდასტურებენ ერთმანეთს. გულის ფორმის სამკაული სამიდან ყველაზე უმცროსს ეკუთვნის. ეს სიცოცხლის სიმბოლოა იმ სამყაროში, რომელზეც მე არ მოგიყვებით, რადგან თავად უნდა შეიგრძნოთ… დანარჩენი სიმბოლოების ამოცნობას თქვენც გისურვებთ, დააკვირდით და ისიამოვნეთ. 

SOLO Boutique-მა ზღაპრის ქვეშ გაგვაერთიანა. ჩვენ ყველას გვაქვს საშუალება ამ ზღაპრის გმირები გავხდეთ, ვიოცნებოთ ლამაზი ფიქრებით და გვქონდეს სამკაული, რომელიც ჩვენს სულიერ სამყაროზე ისაუბრებს მხოლოდ რჩეულებთან, ჩვენს ანგელოზებთან… 

2016 წლიდან სოფო გონგლიაშვილი SOLO Boutique-ის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერია, ის განსაკუთრებულ სამყაროს ქმნის ჩვენთვის. 

ეწვიეთ SOLO-ს გვერდს. ადგილს, სადაც თქვენი სურვილები საუბრობენ. 

თუ ოცნებობთ, აუცილებლად აარჩევთ. 

არ დაგავიწყდეთ, მხოლოდ ის შეიძინეთ, რომელიც დაგიძახებთ. 

და კიდევ… ცოტა იჩქარეთ, ანგელოზები დროებით ჩნდებიან, თავიანთ სამკაულს გვთავაზობენ, მერე ქრებიან… და არავინ იცის, ისევ როდის ვნახავთ.

 

SOLO – შეთავაზებების, უპირატესობებისა და უნიკალური გამოცდილების მრავალფეროვანი სამყარო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.