fbpx

კლაუს რინკეს შემოქმედება – დრო, სივრცე, სხეული, ტრანსფორმაცია


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ ბერძენიშვილი

 

ფილმ Blow Up-ის კადრებმა გერმანელი არტისტის, კლაუს რინკეს ცნობილი ფოტოსერია „დრო, სივრცე, სხეული, ტრანსფორმაცია“ მომაგონა. ფოტოგადიდების ეფექტით გადაღებული არტისტის  დანახული სუბიექტური რეალობა  მას საკუთარი სათქმელის გადმოცემაში ეხმარება. ვფიქრობ, თემა, რომელზეც დღეს შევეხები, წინა სტატიის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.

ფოტოებზე გამოსახული ლანდშაფტები, ადამიანები და მათი მოულოდნელი ქმედებები – ეს სურათებით ნაჩვენები კონცეპტუალური ხელოვნებაა. 60-იანი წლების მინიმალისტური გადმოცემის მანერა, კადრები, რომლებიც ადამიანს სამყაროს ცენტრად და სურათის მთავარ ფიგურად აქცევს, მაგრამ ამავდროულად, დროის და სივრცითი განზომილებების მონადაც. აქ ვხედავთ პანორამულ კადრებს, რომლებიც დროსთან ერთად სივრცეში იშლება, პორტრეტებს და მათზე გამოსახული ადამიანების მზერისა თუ ჟესტიკულაციის ცვლილებას, განათების მკაფიო ცვალებადობას, რომელიც დროის თანმდევია.

ჩემს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეს ფოტო, სახელწოდებით „ლოკაციის ცვლილება ინტერვალებით“ – ერთი ფოტო 19-ჯერ არის გადიდებული ფოტოგადიდების ეფექტით. აქ მთავარი ფიგურა აქტუალურია, მაგრამ გარემოსთან შედარებით იგი ნელ-ნელა პატარავდება და უმნიშვნელო წერტილად იქცევა. 

“მთელი ჩემი შემოქმედება ავტოპორტრეტია”, ამბობს კლაუს რინკე, ხელოვანი, რომელიც სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, იქნება ეს ფერწერა, სკულპტურა, ფოტოგრაფია თუ აქციონერული  ხელოვნება. მის შემოქმედებას შეიძლება ვუწოდოთ სპონტანური და ექსპერიმენტული.

იგი დღემდე აქტიურად მოღვაწეობს, ასწავლის დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში და  სკულპტურულ ფერწერას ქმნის, როგორც თავად საკუთარ ბოლოდროინდელ ნამუშევრებს უწოდებს.

რინკე თავისი შემოქმედებით დროის ფაქტორის აქცენტირებას ცდილობს. ის იკვლევს მას, როგორც ცვალებადობის საუკეთესო საზომს. მის ნამუშევრებში მრავლად ნახავთ საათებს, განსაკუთრებით მასიურს, ისეთებს, როგორებიც ძირითადად სადგურებზე გვხვდება. 

როგორც თავად არტისტი ჰყვება, ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა მატარებლების სადგურზე, რადგან მისი მამა და ბაბუა სწორედ იქ მუშაობდნენ. იგი ყოველდღე სახლში ზუსტად 8 საათზე უნდა დაბრუნებულიყო, თითქოს მისი თავისუფლება სადგურის დიდ საათებზე იყო დამოკიდებული. ყოველ საღამოს  ცდილობდა დროს დაპირისპირებოდა, უნდოდა დაემარცხებინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე თავის უძლურებაში რწმუნდებოდა. სწორედ ბავშვობის მოგონებებმა, მკაცრმა დისციპლინამ და „დაკარგული დროის ძიებამ“ განაპირობა მისი, როგორც არტისტის ასეთი შემოქმედებითი ხედვა.

სერიაში  „Time, Space, Body, Transformations” კარგად ჩანს წამის დაჭერის მნიშვნელობა, დროის არსი და მასში სივრცისა და სხეულის ცვალებადობა. არტისტი საკუთარ სხეულს იყენებს როგორც სკულპტურულ მედიუმს, თავისი თავისა და გარემოს, „ნამდვილი“ ცხოვრების აღმოსაჩენად. 

პერფორმანსული ქმედებები კლაუს რინკემ ფოტომასალის სახით შემოგვინახა, ისინი კარგად აღწერენ სხეულის მოქმედებას დროსა და სივრცესთან მიმართებაში.

ფოტოების ნაწილი სწორედ ფოტოგადიდების ეფექტითაა გადაღებული, რაც მათ სწორ აღქმაში გვეხმარება. თავისი არსით,  ეს ფოტოები დამოუკიდებლად საუბრობენ და მნახველს კონკრეტულ ემოციურ ველში აქცევენ.

მოქმედება თამაშდება გარკვეულ დროსა და ადგილზე, იმავდროულად კი მაყურებლის გულსა და გონებაში.  ეს განსაკუთრებულად პოეტური აქტია, სწორედ ამიტომაა რთული პერფორმანსის დოკუმენტაცია, რადგან ეს პროცესი უშუალოდ არტისტსა და მაყურებელს შორის უნდა ვითარდებოდეს. მაყურებელი იმ დაჭერილი წამით არტისტის შეგრძნებებსა და ფიქრებს იზიარებს. ვფიქრობ, ამ პერფორმანსის ფოტოების მეშვეობით გადმოცემამ რინკეს სათქმელი უფრო მკაფიო გახადა და დღემდე  შეუნარჩუნა მას აქტუალობა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.